სიძულვილის ფლოტილია

ისრაელის ქმედებათა ლეგიტიმურობა საერთაშორისო დავის საგნად იქცა. არადა, მოვლენები ისრაელისთვის თითქოს უკეთესობისკენ ვითარდებოდა. ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ამ კვირაში ვარაუდობდნენ; უშიშროების საბჭომ კი გეზი აიღო ისრაელის ტრადიციული მოწინააღმდეგის - ირანისთვის სანქციების დაწესებისკენ.
მოხდა ისე, რომ დღეს, ისრაელის შესახებ ორიოდ განმაქიქებელი სიტყვის თქმით, პოლიტიკური ქულების დაწერაც შეიძლება საერთაშორისო არენაზე. სხვადსხვა ქვეყნის დედაქალაქებში არ ცხრება ისრაელის ქმედებებით შეშფოთებულ მოქალაქეთა გამოსვლები.
ასეთი რა მოხდა 31 მაისს ხმელთაშუა ზღვაში?
დილის 4 საათზე ისრაელის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა შეაჩერეს ღაზას სექტორისკენ მიმავალი, ჰუმანიტარული ტვირთითა და 600 „მშვიდობიანი აქტივისტით” დატვირთული 6 საზღვაო ხომალდი. თურქეთის დროშით მცურავი ფლოტილიის ხუთი ხომალდი უპირობოდ დაემორჩილა სამხედროების მოთხოვნას და სვლა შეწყვიტა. თუმცა, მეექვსე გემი ასე იოლად დანებებას არ აპირებდა. მგზავრები თავს დაესხნენ ვერტმფრენიდან გემბანზე დაშვებულ კომანდოსებს. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ უსწორდებიან ებრაელ ჯარისკაცებს დანებისა და ხელკეტების გამოყენებით. „მშვიდობიანმა აქტივისტებმა” ებრაელ სამხედროებს იარაღი აართვეს. ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. ორმხრივ სროლას გემბანზე ცხრაზე მეტი ადამიანი შეეწირა; დაიჭრა 30. დაშავებულებს ისრაელის საავადმყოფოში მკურნალობენ. ისრაელის მხარეს 10 დაჭრილი, ჯარისკაცია, მათ შორის ორი - მძიმე მდგომარეობაში.
აღსანიშნავია, რომ „მავი მანმარას” ბორტზე მგზავრების უმრავლესობა თურქული, ისლამისტური საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი იყო. ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების ფონდი მხარს უჭერს რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობებს. მას გადაჰყავდა ჯიჰადისტები ავღანეთში, ბოსნიასა და ჩეჩნეთში. ის წარმოადგენდა „სიკეთის კავშირის” (Union of Good) ნაწილს, რომელიც ჰამასის ლიდერებმა შექმნეს 2000 წელს, თანხების შესაგროვებლად. ამერიკის მთავრობამ „სიკეთის კავშირი” ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა.
2007 წლიდან ისრაელს ღაზას სექტორზე დაწესებული აქვს ბლოკადა, რომელიც მიზნად არ ისახავს ეკონომიკურ სანქციებს. ის ცდილობს, აღმოფხვრას სამხედრო დახმარების მიწოდება ჰამასისთვის. ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ისრაელი ამ მიმართულებით, ყოველთვიურად, შემოწმების შემდეგ, 15 ათას ტონა ტვირთს ატარებს. ამგვარად, ღაზას სექტორი საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მარაგდება.
ისრაელი თავიდანვე აფრთხილებდა „ჰუმანიტარული მისიის” ორგანიზატორებს ტვირთის შემოწმების აუცილებლობის შესახებ. მოთხოვნა უგულებელყვეს. რატომ? კითხვას პასუხობს თავისუფალი ღაზას კამპანიის პრესსპიკერი გრეტა ბერლინი: „ფლოტილიას ჰქონდა არა ჰუმანიტარული, არამედ ბლოკადის გარღვევის მიზანი”.
ისრაელის ინსპექციის დასრულება ნიშნავს ღაზას სექტორში შეუზღუდავ ტვირთბრუნვას, რაც, თავის მხრივ, ჰამასის უკონტროლო შეიარაღებას გამოიწვევს. კამპანიის პროვოკაციულ ბუნებაზე მეტყველებს ტვირთის დაძვრამდე ჰამასის პრემიერ-მინისტრ ისმაილ ჰანიას მიერ გაკეთებული განცხადება - „თუ გემები ღაზას მიუახლოვდა, გამარჯვებაა, თუ სიონისტები მათ ტერორიზებას მოახდენენ, ესეც გამარჯვებაა”.
ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას შორის, ისრაელმა უკანასკნელი არჩია და საერთაშორისო გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გამოავლინა გემების მფლობელმა თურქეთმა. პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ისრაელი „სახელმწიფო ტერორიზმში” დაადანაშაულა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი 31 მაისი 11 სექტემბერს შეადარა - როგორც ტერორისტების თავდასხმა თურქ ხალხზე და მათ სახელმწიფოზე. სწორედ თურქეთის ინიციატივით მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სესიაც.
გაეროში კი ერთმანეთის მსგავს ფაქტებს კვლავ განსხვავებულად წონიან: როცა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა ათობით სამხრეთკორეელი მეზღვაური იმსხვერპლეს, უშიშროების საბჭომ არაფერი იღონა, მაშინ, როცა ეს ინციდენტი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბევრად სერიოზულ საშიშროებას შეიცავდა. რა სიმკაცრით გააკრიტიკებდნენ ისრაელს, დიდწილად დამოკიდებული იყო ამერიკის მტკიცე პოზიციაზე. ობამას ადმინისტრაცია დაეთანხმა გაეროს ოფიციალურ განცხადებას და დაგმო ქმედებები, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, თუმცა მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ „გმობს ისრაელს”.
1962 წელს ამერიკამ საზღვაო ბლოკადა (ე. წ. „კარანტინი”) დააწესა კუბაზე. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდებოდა, რომელიმე ანტიამერიკული ქვეყნიდან „ჰუმანიტარულ” ფლოტილიას ბლოკადის გარღვევა რომ ეცადა?
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საჯარო გამოსვლაში განაცხადა: „ეს არ იყო სიყვარულის გემი. ეს სიძულვილის გემი იყო. ისინი პაციფისტები არ ყოფილან, არც მშვიდობის აქტივისტები. ისინი იყვნენ ძალადობის მომხრეები”.

კომენტარები