ურთიერთობათა გადატვირთვა

ნიკოლა სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი. პარიზი
მიხეილ სააკაშვილი 6 ივნისს პარიზს ეწვია. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება: ფრანგ კოლეგა ნიკოლა სარკოზის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს, ძირითადი პარტიების თავმჯდომარეებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.
სარკოზის მიერ სააკაშვილის პარიზში მიწვევა ნიშანია ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებისა. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებელი ხელშეკრულებისა და მისტრალის მიყიდვის ფონზე ეს მიპატიჟება დროული იყო.
შეხვედრაზე ამ საკითხებს, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან, თუმცა ისინი მსჯელობის მთავარ თემებადაც არ მოგვევლინება. ამ მიმართულებით კონკრეტულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რუსები არ აპირებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები„ს შესრულებას. სარკოზის კი, ვისი აქტიური შუამავლობითაც გაფორმდა ეს შეთანხმება, არასოდეს ჰქონია რუსებზე ზეწოლის სტრატეგია. ახლა კი, რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე, ჯარების გაყვანის საკითხის დავიწყების ტენდენცია იკვეთება. რაც შეეხება მისტრალს, ფრანგული მხარე კვლავინდებურად გაიმეორებს თავის არგუმენტებს - რუსეთს გემის მიყიდვით მწვანე შუქს არ უნთებენ და რუსეთისგან გარანტიებს მიიღებენ, რომ ამ შეიარაღებას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.
თუმცა, ეს საკითხები ხელს არ შეუშლის საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ამისთვის მზაობა საფრანგეთმა იმითაც გამოხატა, რომ 3 ივნისს სენატმა დაამტკიცა ანგარიში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. სენატმა მოუწოდა ევროკავშირს ამ საკითხის მოგვარებაში მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ხოლო რუსეთს - შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ე.წ. მწვანე ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტორთა მოზიდვას საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ჰიდროენერგეტიკა, ეკოტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამ ხელშეკრულებით საფრანგეთის მთავრობა გარანტად დაუდგება ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში კაპიტალის დაბანდებას გადაწყვეტენ. ფრანგი ბიზნესწრეებისათვის საქართველო მიმზიდველია რეფორმირებული ეკონომიკით, ბიზნესის დაწყების სიადვილით, კორუფციის დაბალი დონით; მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მათ ქვეყნის დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრზე რუსული ტანკების ყოფნა აფერხებთ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება კი ინვესტორებისათვის ძლიერი სტიმული იქნება, გადალახონ ეს დაბრკოლება.
საფრანგეთისნაირი ძლიერი ევროპული ქვეყნის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ნატოს სამიტის მოახლოებისას. ლისაბონის სამიტამდე 6 თვე დარჩა. მართალია, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს აღმოსავლეთ ევროპისგან, მაგრამ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს საკითხს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები წამოწევენ, გერმანიისთვის, იტალიისთვის და, თუნდაც, ესპანეთისთვის იოლი იქნება მისი იგნორირება. საფრანგეთი კი სულ სხვა შემთხვევაა. იგი ანგარიშგასაწევი ძალაა და სხვა ძლიერი ევროპული ქვეყნები მის პოზიციას ითვალისწინებენ. საფრანგეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ორმხრივი მოლაპარაკების ფარგლებშიც.
საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის გადახალისებას ხელს უწყობს სარკოზის კეთილგანწყობა საქართველოსადმი, ასევე სააკაშვილისა და სარკოზის პერსონალური ურთიერთობებიც. სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტი, რომელსაც სარკოზი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე შეხვდა; ეს მაშინ, როცა მის წინამორბედ ჟაკ შირაკს არასოდეს მიუღია საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილსა და სარკოზის შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა და ქართული მხარე საფრანგეთს ძლიერ მოკავშირედ აღიქვამდა, მათ შორის, საქართველოს გზაზე ნატოსკენ. თუმცა, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის მაპის მინიჭებას. როგორც რონალდ ასმუსი წერს თავის წიგნში - „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” - სამიტის დასრულებისას სარკოზიმ სააკაშვილს უთხრა, რომ იგი მხარს უჭერდა საქართველოს, მაგრამ ანგელა მერკელის წინააღმდეგობა შეუდრეკელი იყო.
სარკოზის მოსკოვისკენ შემობრუნების მიზეზიც გერმანიასთან კონკურენციაში უნდა ვეძიოთ. ის წონასწორობა, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი ევროპის კონტინენტზე ინარჩუნებდნენ, გერმანიამ დაარღვია თავისი მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირებით რუსეთთან. ამიტომ, საფრანგეთი ცდილობს ამ დისბალანსის დაძლევას, რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებით, რათა კონკურენტუუნარო არ აღმოჩნდეს გერმანია-რუსეთის ტანდემის წინაშე.
პარიზში სააკაშვილის ოფიციალურად მიპატიჟებით სარკოზიმ, სავარაუდოდ, იმის დემონსტრირებაც მოახდინა, რომ ევროპაში შექმნილ ახალ რეალიებთან ჭიდილის მიუხედავად, საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამ ვიზიტს თუნდაც იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ გააქარწყლოს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის კრემლისეული პოლიტიკა.



 

კომენტარები