ტერიერების შესახებ

ამერიკის 43-ე პრეზიდენტის ენაბრგვილ გამონათქვამებს „ბუშიზმებს” უწოდებენ. ერთ-ერთ გამოსვლაში მან განაცხადა: „ტერიერებისა და ბარიფების მოსპობა, ეკონომიკას გაზრდის”. ტერიერებში და ბარიფებში ამერიკის პრეზიდენტი ბარიერებს და ტარიფებს გულისხმობდა. წინადადებაში ფონეტიკური უზუსტობაა, თუმცა ლიბერტარიანული ეკონომიკური სკოლის ნებისმიერი წარმომადგენელი ხელს მოაწერდა ბუშის ამ სიტყვებით გადმოცემულ აზრს.
ენერგეტიკის სფეროს ლიბერალიზაცია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის დადგენილებაში წერია: „ელექტროენერგიის მყიდველს უფლება აქვს, ელექტროენერგია შეისყიდოს ელექტროენერგიის ნებისმიერი გამყიდველისგან, თუ მისი წლიური მოხმარება შეადგენს 2006-2009 წლებში მინიმუმ 30 მილიონ კილოვატსაათს, 2010-2012 წლებში - მინიმუმ 7 მილიონ კილოვატსაათს, 2013-2015 წლებში - მინიმუმ 3 მილიონ კილოვატსაათს, 2016-2017 წლებში - მინიმუმ 1 მილიონ კილოვატსაათს, 2017 წელს - 1 კილოვატსაათს”.
დღეს მიდგომა დისკრიმინაციულია: არჩევანის თავისუფლება მხოლოდ მსხვილ მომხმარებლებს აქვთ. მოქალაქეებს მონოპოლისტებთან უხდებათ ურთიერთობა. თითო დასახლებულ პუნქტში მხოლოდ ერთი ლიცენზიაა გაცემული, რაც თავისთავად არ ჭრის მონოპოლიისა და სახელმწიფოს მხრიდან არასამართლიანი ფასის დადგენის პრობლემებს. მონოპოლიის პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - მეტი კონკურენცია. ეს კი ლიბერალიზაციის გზით მიიღწევა.
სააქციო საზოგადოების - Caucasus Energy and Infrastructure - გენერალური დირექტორის, არჩილ მამათელაშვილის თქმით, ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციის შემთხვევაში მეტი ინვესტიცია ჩაიდება ენერგეტიკაში, ბაზარი განვითარდება და კონკურენცია გაიზრდება. შესაბამისად, მეტი ადამიანი დასაქმდება. მომხმარებელი ნახავს სარგებელს, რადგან მისი არჩევანი გაფართოვდება და ელექტროენერგიასაც ნაკლებ ფასად მიიღებს.
დისტრიბუციის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად, ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებს აეკრძალებათ, მათი ქსელით სარგებლობისას, კონკურენტებისთვის დისკრიმინაციული პირობების შეთავაზება და ამ გზით მათი განდევნა ბაზრიდან. ამის მაგალითი უკვე არსებობს საქართველოში, ტელეკომუნიკაციების სფეროში, სადაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი, მისთვის მისაღები ოპერატორი.
ეს ყველაფერი ენერგოსექტორში ორი ათეული წლის წინ გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა: რეფორმების შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემა რეგიონული მონოპოლიების სახელმწიფო სისტემიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სისტემად გარდაიქმნა.
ენერგეტიკის სამომხმარებლო ბაზარზე 30-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, მათგან 6 მსხვილი - British Gas, Powergen, Scottish and Southern Energy (SSE), npower, EDF Energy, Green Energy - და დანარჩენი მცირე ზომის მოთამაშეა. მათ შორისაა: Countrywide Farmers, Sainsbury’s Energy, Good Energy, Telecom Plus, Basic Power და სხვა. ამ კომპანიების სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც თავადაც შეუძლია ელექტროენერგიის გაყიდვა - მაგალითად, გაზის, კომუნიკაციების, საკაბელოს - ყველას აქვს ბაზარზე მოხვედრისა და საკუთარი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის შანსი.
ლიბერალიზაციის დაწყების შემდეგ ბრიტანეთის ენერგეტიკის სექტორი მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. ყოფილი მონოპოლიების ბაზრის წილი მცირდება და მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიმწოდებლის შეცვლა, ასევე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საუკეთესო პირობებით ყიდვა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა.
ბრიტანეთის მაგალითმა ბიძგი მისცა ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციასაც. პროცესი 3 ეტაპად წარიმართა. ლიბერალიზაციის შედეგად ძირეული ცვლილებები გატარდა. ამ ცვლილებათა მთავარი მახასიათებლები იყო პრივატიზაცია, ლიბერალიზაცია და კონკურენტული გარემოს შექმნა.
ევროკავშირის რეფორმები ეფუძნებოდა მთავარ დაშვებას - ეკონომიკური პროგრესი დამოკიდებულია მზარდ პროდუქტიულობაზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ზედმეტი რეგულირებისგან თავისუფალ კონკურენციაზე.
თავისუფალი კონკურენციის პირობებში ფასს ადგენს მიწოდება-მოთხოვნა. მოთხოვნას კი განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ძლიერად სჭირდებათ ადამიანებს ელექტროენერგია და რა თანხის შეთავაზება შეუძლიათ მის სანაცვლოდ. ისტორიული კაპიტალური დაბანდებები (მაგ. ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ სექტორის რეაბილიტაციაში ჩადო) ან მიმდინარე ხარჯი ხშირად არ განსაზღვრავენ პროდუქტის დღევანდელ სამართლიან ღირებულებას. ამას აწმყოში არსებული მიწოდება-მოთხოვნის ურთიერთკავშირი ადგენს.
თავისუფალ კონკურენციას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პირობებში ჩინოვნიკები კი არ წყვეტენ, რა იქნება კარგი მომხმარებლისთვის, არამედ, მომხმარებელი ყოველ დღე დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ მოთხოვნებს. შესაბამისად, მზარდ ინდუსტრიებს შესაძლებლობა ექმნებათ რეალურად გაიზარდონ და უკეთესი პროდუქცია დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს. თუმცა, ჩინოვნიკები მაინც მუდმივად ცდილობენ ბაზრის კორექტირებას, როგორც წესი, პოპულისტური მოტივებიდან გამომდინარე. მაგალითად, წინასაარჩევნოდ, როცა ტარიფების დაწევას არა საბაზრო, არამედ ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდებით გვპირდებოდნენ.
სახელმწიფოს ამგვარ პოლიტიკას, სულ მცირე, ორი უარყოფითი შედეგი მოსდევს. პირველი, რაკი ელექტროენერგიის მწარმოებელ თუ გამანაწილებელ კომპანიას გაიაებული ტარიფის პირობებში მოგება შეუმცირდება, იგი ყოველნაირად ეცდება დანაკარგი ამოიღოს - შეამცირებს საინვესტიციო პროგრამას, დააგდებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს ან სხვა სერვისს მოუმატებს ფასს; და მეორე, ელექტროენერგიაზე გაიზრდება მოთხოვნა - დაბალი ფასის პირობებში მომხმარებელი მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც შექმნის ელექტროენერგიის დეფიციტს.


 

კომენტარები