არჩევნები ჩეხეთში

28-29 მაისს ჩეხმა ამომრჩეველმა პარლამენტის ქვედა პალატა აირჩია. 200-დან 118 ადგილი მემარჯვენე-ცენტრისტ პარტიებს ერგოთ. ჩანს, დიდი შუალედის შემდეგ, ჩეხეთს ძლიერი მთავრობა ეყოლება.
ხმათა 22% და, შესაბამისად, პირველი ადგილი წილად ხვდა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამ მემარცხენე პარტიას ბევრად მეტი ამომრჩეველი უჭერდა მხარს და ის სამთავრობო კოალიციის ნაწილად მოიაზრებოდა. თუმცა, 200 ადგილიდან სოციალ-დემოკრატებს მხოლოდ 56 ერგოთ. პარტიის ლიდერი ირჟი პაროუბეკი შედეგების გამოცხადებისთანავე გადადგა. „როგორც ჩანს, ჩეხმა ელექტორატმა აირჩია ქვეყნის გეზი და ის განსხვავებულია სოციალ-დემოკრატების მიერ შემოთავაზებული მიმართულებისგან”, - განაცხადა მან.
სოციალ-დემოკრატებს მოსდევს სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, ხმათა 20.2%-ით ანუ 53 ადგილით პარლამენტში. ხმათა 16,7% პარტია TOP 09-ს (ტრადიცია, პასუხისმგებლობა, აყვავება) ერგო, საჯარო ურთიერთობების პარტიას, ე.წ. VV-ს კი - 10.9%. სავარაუდოდ, სწორედ ეს სამი მემარჯვენე-ცენტრისტი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას უახლოეს კვირებში. ლიდერები პოზიტიურად არიან განწყობილნი კოალიციის შექმნის მიმართ. უკვე დაიწყო შეხვედრები; სამივე პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ ბიუჯეტის შემცირებაზე და მის განაწილებაზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრად სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერს, პეტრ ნეჩასს მოიაზრებენ.
2006 წელს მთავრობის ჩამოყალიბება არჩევნებიდან მხოლოდ 7 თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. უკანასკნელ არჩევნებში გამოკვეთილ პარტიებს ბევრი აქვთ საერთო და მთავრობა, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო ადვილად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგრამ მაინც, არსებობს ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაართულოს კოალიციის შექმნა. ერთ-ერთ ასეთ შემაფერხებლად შეიძლება იქცეს საჯარო ურთიერთობების პარტია. მან პოპულარობა მოიპოვა ანტიკორუფციული სლოგანებით, თუმცა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება მას არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა, მისი ამომრჩეველების გარკვეული ნაწილი მემარცხენე პოლიტიკის ერთგულია და პარტიას მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლისთვის ემხრობა. ამის გამო პარტიამ შეიძლება ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. პარტიის ლიდერ რადეკ იონის თქმით, იგი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმას, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ მიიჩნევს, მნიშვნელობა არ აქვს რეფორმის მოთავე მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე.
არც TOP 09-სთანაა ყველაფერი გარკვეული. ახალგაზრდობის ფავორიტმა პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში შეიძლება იმაზე მეტი მოითხოვოს, ვიდრე სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას შეუძლია გაიღოს. სოციალ-დემოკრატებისთვის კი ერთადერთი ვარიანტია კოალიციის შექმნა კომუნისტურ პარტიასთან. თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან კომუნისტები იზოლირებულები არიან და მათთან საკუთარი ბედის დაკავშირებას ყველა პარტია ერიდება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკა არჩევნების შედეგების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახდა. ჩეხეთის მოსახლეობის 70% უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, თუმცა ინარჩუნებს თავისუფალი ბაზრისადმი რწმენას. სწორედ ამან განაპირობა მემარჯვენე-ცენტრისტ პარტიათა გამარჯვება. მემარჯვენე პარტიები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ჩეხ ახალგაზრდებს შორის. მათი საკულტო ფიგურაა TOP 09-ის ლიდერი, 70 წლის არისტოკრატი კარელ შვარცენბერგი. შვარცენბერგი თანაავტორია წერილისა, რომელიც ცენტრალური ევროპის ყოფილმა ლიდერებმა ბარაკ ობამას მისწერეს. მხარდამჭერთა მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა პეტრ ნეჩასიც. იგი 90-იანი წლებიდან გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 2006 წელს ნეჩასი შრომის მინისტრი გახდა. მისი მაშინდელი დევიზი დღემდე უცვლელი რჩება: სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მათ, ვინც ქვეყნის კისერზე ცხოვრებას არ აპირებს, განსაკუთრებით კი - ბიზნესს. ნეჩასის რეფორმებმა შეამცირა უმუშევართა რიცხვი.
ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, ჩეხეთიც განიცდის ეკონომიკურ სირთულეებს. გასულ წელს ჩეხეთის ეკონომიკა 4.1%-ით შემცირდა. ჩეხეთის ვალი ორი წლის წინათ მშპ-ს 29%-ს შეადგენდა, დღეს კი იგი 39%-მდე გაიზარდა. მემარჯვენე მთავრობის მთავარი მიზანია დეფიციტის აღმოფხვრა 2013 წლამდე და ბიუჯეტის დარეგულირება 2015 წლისათვის. ამას მემარჯვენე-ცენტრისტი კოალიცია ბიუჯეტის შეკვეცითა და ხარჯვის ბარიერის დაწესებით აპირებს. ამასთანავე, სამოქალაქო დემოკრატების ერთ-ერთი რეფორმა 15%-იანი ერთიანი გადასახადის შემოღებაა.
არჩევნების მოულოდნელი შედეგების პოზიტიური გავლენა ჩეხეთის ეკონომიკაზე უკვე თვალსაჩინოა. ჩეხური კრონი ევროს მიმართ 1.23%-ით გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი მთავრობის რეფორმები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
წინასაარჩევნო პროცესში, ეკონომიკასთან ერთად, კორუფციასაც ეთმობოდა განსაკუთრებული ყურადღება. ქვეყნისთვის კორუფცია დიდი პრობლემაა, თუმცა რუსეთისაგან განსხვავებით, ჩეხეთში მოქრთამვის შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებია და უფრო მაღალჩინოსანთა დონეზეა გავრცელებული. სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციის აღმოფხვრაც არის. სოციალ-დემოკრატებისთვის მოულოდნელად, ამომრჩეველმა კორუფციასთან ბრძოლა ამჯობინა საპენსიო რეფორმას.
არჩევნების დროს შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული იყო საგარეო პოლიტიკა. სოციალ-დემოკრატების კანდიდატი, პაროუბეკი, უფრო პრორუსული და პროევროპულია, ხოლო ახალი მთავრობის სავარაუდო პრემიერ-მინისტრი, ნეჩასი კი - ევროსკეპტიკოსი და პროამერიკელი. ახლო მომავალში პრაღისაგან მოსალოდნელია ნაკლებად აქტიური, პრაგმატული და ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკა. ამის მთავარი მიზეზია აშშ-ს ნაკლები ინტერესი ცენტრალურევროპელი პარტნიორების მიმართ. ამასთანავე, მოსალოდნელია ურთიერთობების გაციება რუსეთთანაც. ხშირ შემთხვევაში, ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის მემარცხენე პარტიები უფრო მეტად თანამშრომლობენ რუსეთთან, ვიდრე მემარჯვენე პარტიები.
კოალიციის ჩამოყალიბებას მხოლოდ ფორმალური ნაწილი უდგას წინ. ამის შემდეგ კი ჩეხეთს, 1992 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მთავრობა ეყოლება.


 

კომენტარები