გერმანიის პრეზიდენტი გადადგა

ქრისტიან ვულფი
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მორიგი მარცხი განიცადა. შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე მისი სასურველი კანდიდატის - შრომის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლეიენის ნაცვლად, საპრეზიდენტო მარათონში თანაპარტიელმა ქრისტიან ვულფმა გაიმარჯვა. ახალ პრეზიდენტს 2003 წლიდან ქვემო საქსონიის პრემიერის თანამდებობა ეკავა. ჯერ კიდევ გასულ წელს მან პირველად გამოთქვა სურვილი კენჭი ეყარა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მისი ამბიცია ნაადრევად დაკმაყოფილდა.
31 მაისს გერმანიის პრეზიდენტმა ჰერსტ კელერმა მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, რაც მოკლე განცხადებით ახსნა: მისმა სიტყვებმა, გერმანიის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, გაუგებრობა გამოიწვია.
კელერი შარშან აირჩიეს პრეზიდენტად მეორე ვადით. მაისში, ავღანეთში ვიზიტის შემდეგ, მან გააკეთა განცხადება, რომლითაც გამოკვეთა არმიის როლი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვაში. გერმანიის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კელერმა თქვა, რომ ექსპორტზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, როგორიც გერმანიაა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,ზოგჯერ აუცილებელია შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გაგზავნა. ქვეყნის ინტერესების მაგალითად მან თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა დაასახელა.
პრეზიდენტის მილიტარისტული განცხადება გერმანიაში აღიქვეს როგორც მოწოდება ბიზნესინტერესების მხარდაჭერისთვის ომში ჩართვისაკენ, რამაც ქვეყნის მემარცხენე ძალებში პროტესტი გამოიწვია. კელერი აგრესიული დიპლომატიის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. მეორე მსოფლიო ომის დროს გადატანილი ტრავმის შემდეგ მსგავს თემებს გერმანიაში კვლავ ტაბუ ადევს. გასათვალისწინებელია, რომ მმართველი პარტიების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოექომაგა პრეზიდენტს. თვით ანგელა მერკელსაც კი, რომელიც კელერის მოკავშირედ მოიაზრებოდა, ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, კელერის განცხადება არასწორად გაიგეს. თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერაში ის გულისხმობდა აფრიკის რქის ნახევარკუნძულთან ჩასატარებელ სამხედრო ოპერაციას სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ, და არა ავღანეთის ომს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა და, მცდელობის მიუხედავად, ვერ გადააფიქრებინა პოსტის დატოვება.
პრეზიდენტის გადადგომა ბევრს აალაპარაკებს ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკისა და მოსახლეობის ქვეყნის დასუსტების შესახებ. ამას ემატება მერკელის პოზიციების შესუსტებაც. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ევროპაში წარმოქმნილი პრობლემების ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის მთავრობის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. ძნელად სავარაუდოა, რომ მერკელის მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატები საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანას შეძლებენ.
გერმანიაში პრეზიდენტის პოსტი ფორმალურ დატვირთვას ატარებს, მაგრამ პრეზიდენტი მაინც ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და მას აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება. აღსანიშნავია, რომ სწორედ კელერმა დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2005 წელს და, შედეგად, მემარცხენე შროდერი ანგელა მერკელმა ჩაანაცვლა.
კელერის განცხადებამ დააბნია გერმანიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრი. მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ავღანეთში ყოფნასთან დაკავშირებით. გერმანელთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ გერმანიამ ავღანეთის სამშვიდობო მისია უნდა დატოვოს.



 

კომენტარები