ბირთვული სამბა

ჰილარი კლინტონი
დასავლელი დიპლომატები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი სანქციების დასაწესებლად მზად იყვნენ, როდესაც 17 მაისს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ინასიო ლულა და სილვემ და ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თეირანში, გამარჯვების ნიშნად ზემოთ აწეული, გადაჭდობილი ხელებით გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული საქმიანობის ირგვლივ არსებული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა იყო. ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეთანხმებამ რამე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ისტორიაში, მაგრამ ის გეოპოლიტიკური დინამიკა, რომელმაც იგი წარმოშვა, შესაძლოა საერთაშორისო ურთიერთობათა განმსაზღვრელი გახდეს წლების განმავლობაში.

„ირანის, თურქეთისა და ბრაზილიის ერთობლივი დეკლარაცია” იმ წინადადებას ჰგავს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ირანს გასული წლის ოქტომბერში შესთავაზა. ირანი 1.200 კგ მცირედ გამდიდრებულ ურანს გაუგზავნის თურქეთს და სანაცვლოდ 120 კგ ბირთვულ საწვავს მიიღებს თეირანის ბირთვული კვლევითი რეაქტორისთვის. თუმცა, ამ ორ მოვლენას შორის გასული შვიდი თვის განმავლობაში ირანმა საკმარისი მცირედ გამდიდრებული ურანი აწარმოა, რათა ჩაანაცვლოს ის, რის გაგზავნასაც თურქეთში აპირებს. მეტიც, აჰმადინეჟად-ერდოღან-ლულას შეთანხმებით აღიარებულია ირანის უფლება, გააგრძელოს ურანის გამდიდრება, მიუხედავად გაეროს იმ ხუთი რეზოლუციისა, რომლებშიც საპირისპირო წერია.

საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეთანხმება კალენდარს გასული წლის შემოდგომასთან დააბრუნებს. უარეს შემთხვევაში კი სანქციების გადავადების კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო სამმხრივი შეთანხმება, თეირანში შემდგარი დებიუტიდან რამდენიმე საათში. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა უნდა მოითხოვონ სანქციების დაწესება, რასაც რუსეთი და ჩინეთი აშკარად დაეთანხმნენ.

ირან-თურქეთ-ბრაზილიის შეთანხმება გაართულებს მსჯელობას უშიშროების საბჭოში. ბრაზილია და თურქეთი, რომლებიც უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები არიან, ეწინააღმდეგებიან ახალი სანქციების განხილვას და გარკვეულ ზეგავლენას მოახდენენ ისეთ არამუდმივ წევრებზე, როგორებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლიბანი, ნიგერია და უგანდა.

სანქციებზე რაღაც ტიპის რეზოლუციას მაინც მიიღებენ - ბრაზილიასა და თურქეთს ჯერ ისეთი წონა არა აქვთ, რომ ეს პროცესი შეაჩერონ.
თუმცა, მათი იგნორირება ჩვენი, კერძოდ, ვაშინგტონის მხრიდან არ იქნებოდა ჭკვიანური. ბრაზილია სიდიდით მსოფლიოს მე-10 ეკონომიკაა, თურქეთი - მე-17. ეს ქვეყნები 21-ე საუკუნის ძალაუფლების მზარდი ცენტრებია.

ორივე ქვეყანას ეკონომიკური ინტერესი აქვს ირანში - ლულას თეირანში ასობით ბრაზილიელი ბიზნესმენი ჩაჰყვა. ორივე ქვეყანა იმყარებს მზარდ გავლენას მსოფლიო არენაზე - ერდოღანის ჩასვლა თეირანში ისე იყო ორგანიზებული, რომ ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც რეგიონში ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ქვეყნის, როლისათვის.

მეტიც, ჩარლზ კრაუტჰამერი „ვაშინგტონ პოსტში” წერს: ამ ქვეყნებმა „გადაწყვიტეს, რომ ძვირი არ უჯდებათ ამერიკის მტრების გვერდით დგომა და სარგებელს არ აძლევთ ამერიკის პრეზიდენტის გვერდით დგომა, მისი ბოდიშებითა და დათმობებით”.

როდესაც ვაშინგტონი დრეიფზეა, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია და თურქეთი - და, სხვათა შორის, ირანი - „კუნთების თამაშსა” და მომავლის ფორმირებას იწყებენ.

ამის შედეგი, მაგალითად, ამ რეგიონში იქნება გაშმაგებული კონკურენცია მზარდ ტრადიციულ ძალებს - ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელთა დაწევასაც არაბული ქვეყნები იჩქარებენ. შედარებით პატარა ქვეყნები, ბუნებრივია, მომავალში თავიანთი ინტერესების დაცვაზე იზრუნებენ და მზარდი საშუალო ქვეყნების კეთილგანწყობის მოპოვებას შეეცდებიან.

ირანის ბირთვულმა იარაღმა ეს არასახარბიელო გეოპოლიტიკური პერსპექტივა შეიძლება კოშმარად აქციოს.
ირან-თურქეთ-ბრაზილიის შეთანხმება მოვლენების ასეთ განვითარებას ვერ შეაჩერებს, თუმცა ამას ვერც სანქციების მეოთხე რაუნდი შეძლებს. ჩანს, ვაშინგტონს ვერ გაუგია, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღი შესაშინებელი სათამაშო კი არა, გეოპოლიტიკური იარაღია ამერიკის, როგორც ზეძალის, დასასუსტებლად - ისეთი მომავლის მისაღწევად, როგორსაც რუსეთი და ჩინეთი ნატრობენ.

სანქციებზე რაღაც ტიპის რეზოლუციას მიღებენ, რადგან მოსკოვმა და პეკინმა, თანხმობის სანაცვლოდ, უკვე დასტყუეს ვაშინგტონს რაღაც-რაღაცები. რუსეთი ისევ შეძლებს, მიჰყიდოს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანს. თანაც, „საქართველო აღარ უნდა განიხილებოდეს დაბრკოლებად” აშშ-რუსეთის ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების გზაზე. პარალელურად, პეკინმა სანქციების შესახებ რეზოლუციიდან ამოიღო კონკრეტული ეკონომიკური ან ენერგეტიკული ზომები.

ეს ვაჭრობა, როგორც დეივიდ იგნატიუსი წერს „ვაშინგტონ პოსტში”, ერთ მშვენიერ დღეს „დასრულდება, როდესაც ირანი (ჰოი, საკვირველებავ!) გამოაცხადებს, რომ მას ბირთვული იარაღის შექმნისთვის ყველა საჭირო ელემენტი აქვს და დე ფაქტო ბირთვული სახელმწიფოა”. ეს მშვენიერი ახალი სამყარო იქნება, მაგრამ ეყოლება კი ამერიკას მეგობრები?

კომენტარები