სერიული მოძალადე პირადი ინფორმაციის გავრცელებას აპროტესტებს

ირლანდიელი მაიკლ მიურეი, რომელსაც ოთხი ქალის გაუპატიურებისთვის აქვს სასჯელი მოხდილი, ხუთ ადგილობრივ გაზეთს უჩივის. მიურეის მტკიცებით, იმის გამო, რომ პრესამ მისი ფოტოგამოსახულებები და მისამართი გაავრცელა, იძულებულია, ადგილსამყოფელი მუდმივად იცვალოს და სამსახურსაც ვეღარ შოულობს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სექსუალური მოძალადე მონსტრი საავადმყოფოშია დასაქმებული”, ირლანდიელს ჰოსპიტლის მებაღეობაზე მოუხდა უარის თქმა. სხვა სათაურები ასეთი იყო: „სექს-ურჩხული ახლა სკოლის მახლობლად ცხოვრობს”, „სერიული მოძალადე ურჩხული ქუჩაში თავისუფლად დადის”, „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად ცხოვრობს ის”. ამჟამად მიურეი ცდილობს, სასამართლოს გზით უზრუნველყოს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. მოძალადის მტკიცებით, პოლიცია გაზეთებს მიზანმიმართულად უმხელს მის მისამართს.
მიურეიმ ციხეში 18-წლიანი ვადის 13 წელი გაატარა. ირლანდიაში სასჯელის მოხდამდე ის დაპატიმრებული იყო ინგლისშიც. სასამართლოსთვის სასწორზე დევს ორი ფასეულობა: ადამიანის პრივატული სივრცის დაცულობა და საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვან საკითხებზე.
 

კომენტარები