საგადასახადო ცვლილებები: ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
მოქმედი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი გადამხდელები თანაბრად აკრიტიკებდნენ, 2011 წლიდან ახლით შეიცვლება. იგეგმებოდა საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირება და დივიდენდების - რომლებიც ახლა 5%-ით იბეგრებიან - გადასახადისგან განთავისუფლება. ამ ცვლილების ვადამ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლამდე გადაიწია.
ახალი კოდექსით დაბეგვრის ბაზა იზრდება ანუ დაბეგვრის არეალში ხვდება ისეთი სახის ოპერაციები და საქმიანობები, რომლებიც მოქმედი საგადასახადო კოდექსის პირობებში შეღავათებით სარგებლობდნენ. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით - „ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან”.
წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება ის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი უფრო თვალსაჩინო დოკუმენტია და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს. ამჟამად ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტი ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის დაწყებამდე კარგი იურისტის დაქირავებას ურჩევს, რადგან კანონების ინტერპრეტირება და აღსრულება, განსაკუთრებით საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, ჩინოვნიკების და სასამართლოს მხრიდან არათანაბრად და თვითნებურად ხდება.
უკანგადადგმული ნაბიჯი რამდენიმეა:
დღემდე საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა ფიზიკური პირი, რომელიც ორ წელზე მეტხანს ფლობდა ქონებას ან აქტივს და მისი გაყიდვით იღებდა შემოსავალს. 3 ივნისს პრეზენტაციაზე გამოტანილი კოდექსის პროექტის მიხედვით, თუ ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული ნამატი 30 ათას ლარზე მეტია, იგი იბეგრება ფასთა შორის დაბეგვრის 15 %-ით.
2011 წლამდე გრანტით მიღებული შემოსავლები, 20%-ის ნაცვლად, 12%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა. ახალ კოდექსში ეს პირობა ამოღებულია. ამიერიდან დაიბეგრება საქართველოს საავტომობილო გზით საქონლის გადამზიდავი სატვირთო მანქანებიც. ასევე, თვალშისაცემია საგადასახადო ტვირთის ზრდა აქციზურ საქონელზე. გაზრდილი განაკვეთით (1 ტონაზე 120 ლარი) იბეგრება შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი. გასული წლის შემოდგომაზე აქციზის გადასახადი ადგილობრივ თამბაქოზე 20 თეთრით გაიზარდა, რითაც გაუთანაბრდა იმპორტირებული თამბაქოს 60-თეთრიან აქციზს. ასევე, იგეგმება მოსაკრებლის გაზრდა სათამაშო ბიზნესსა და სპირტიან სასმელებზეც.
ამჟამად აქციზის გადასახადით იბეგრება კიდევ რამდენიმე სახის პროდუქტი - მსუბუქი მანქანები, ნავთობპროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები. თუმცა, ახალი კოდექსით იგეგმება აქციზის გადასახადის დაწესება მობილურ ტელეფონზეც, რაც გაუგებარი ინიციატივაა, რადგან მობილური ტელეფონი არც ფუფუნების საგანია და არც მავნე ზეგავლენის მქონე საქონელი (როგორც წესი, აქციზის გადასახადი ამგვარ პროდუქტებზე ვრცელდება).
განსაკუთრებულად საინტერესოა ერთი ფაქტი: თავისუფლების აქტი, რომლის მიღებაც საეჭვოდ გაჭიანურდა, მიზნად ისახავს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვას. ამ აქტის თანახმად, გადასახადის გაზრდაზე ან ახალი გადასახადის შემოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს ხალხი, რეფერენდუმის გზით. თუმცა, თავისუფლების აქტის საბოლოო ვერსიაში, ეს წესი აღარ გავრცელდა მხოლოდ ორი ტიპის - აქციზსა და ქონების გადასახადზე. ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ორივე ეს გადასახადი გაზრდილია.
კიდევ ერთი ცვლილება მცირე ბიზნესისა და მიკრობიზნესის სტატუსების გაჩენაა. პირი, რომლის ბიზნესის წლიური ბრუნვა 200 ათას ლარზე ნაკლებია, დაიბეგრება მხოლოდ ტვირთბრუნვის 5%-იანი ან 3%-იანი განაკვეთით. თუ ბიზნესმენი გამართულად აწარმოებს ბუღალტერიას, ის 3%-ს გადაიხდის, სხვა შემთხვევაში კი - 5%-ს.
რაც შეეხება მიკრობიზნესს, პირობები შემდეგია: პირი არ უნდა იყენებდეს დაქირავებულ ხელქვეითთა შრომას და მისი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს. ამგვარი ბიზნესის მფლობელი თავისუფლდება გადასახადებისა და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან. თუმცა, მარტივი არითმეტიკული გამოთვლებით ჩანს, რომ კოდექსი გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ იმ ბიზნესმენს, რომლის შემოსავალიც დღეში 83 ლარს უტოლდება. გამოდის, მიკრობიზნესში ძირითადად გარევაჭრობა იგულისხმება, ანუ ის კატეგორია, რომლისგანაც გადასახადის ამოღებას ხელისუფლება ისედაც ვერ ახერხებდა და ახლა, უბრალოდ, ამის დაკანონებას ახდენს. კოდექსის პრეზენტაციის დროს ხელისუფლებამაც აღიარა, რომ მთავარია არა ფისკალური ეფექტი, არამედ მცირე ბიზნესის ლეგალიზაციის უზრუნველყოფა.
ბაზრობებზე დასაქმებულ მცირე მეწარმეთათვის ახალ კოდექსს შემოაქვს სპეციალური სავაჭრო ზონის ცნება. ამ ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად ფიზიკურ პირს უფლება აქვს ისარგებლოს მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გადანაწილდება სპეციალური ზონები დედაქალაქში და აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა სპეციალური ზონების გარეთ.
თავის დროზე მთავრობა გადასახადების შემცირების ფართო რეკლამირებას ეწეოდა; შემცირებული განკვეთებით ქვეყანა საინტერესო ხდებოდა უცხოელ ინვესტორთათვის. ბოლო წლებში საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე შემცირდა, ხოლო დივიდენდებზე - 10%-დან 5%-მდე.
დაგეგმილი ცვლილებების გადავადებით, მთავრობა სიტყვას გატეხს. შემცირდება ინვესტორთა ნდობა და, შესაბამისად, მათი ინვესტიციებიც, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
სანამ ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა, ეკონომისტები ხელისუფლებას ურჩევენ, განაკვეთების დაპირებული შემცირება დღის წესრიგში დაბრუნდეს და კოდექსის ახალ ვარიანტშიც აისახოს.



 

კომენტარები