ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ეს იმ პირობებში, როცა 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 8.6 მილიარდი ლარია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2000 დოლარს აღწევს, საბიუჯეტო დეფიციტი კი - 6.5%-ია მაშინ, როცა ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, არსებულის ნახევარი - 3% უნდა იყოს. პარალელურად, საერთაშორისო დონეზე, საბიუჯეტო დეფიციტთან ბრძოლაში, ბრიტანეთი, გერმანია და უნგრეთი სახელმწიფო ხარჯებს მკვეთრად ამცირებს.
ბრიტანეთი საკუთარი 770 მილიარდი ფუნტის ოდენობის ვალის გასაკონტროლებლად პენსიების, საჯარო მოხელეების ხელფასებისა და სოციალური დახმარებების შემცირებას გეგმავს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანეთი ახლა არ მიიღებს ზომებს, მისი ვალი 5 წლის განმავლობაში, 1.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, ანუ ერთ სულ მოსახლეზე ვალი 22.000 ფუნტს მიაღწევს. ამჟამად, ვალის მომსახურების საპროცენტო განაკვეთი აღემატება ყველა სკოლის, მთელი სატრანსპორტო სისტემის მართვისა და კლიმატის ცვლილების კვლევის საერთო ხარჯს. რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადში გადახდილი ყოველი ფუნტიდან, 10 პენსი ვალის მომსახურებას ხმარდება.
გერმანიაში, წინასწარი შეფასებით, წელს საბიუჯეტო დეფიციტი 5%-ს გადააჭარბებს (რაც საქართველოსთან შედარებით, 1.5%-ით ნაკლებია). გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სახელმწიფო ხარჯის 80 მილიარდი ევროთი შეკვეცის გეგმა უკვე გაახმაურა. პარალელურად, 15 ათასი საჯარო მოხელის შემცირებაც იგეგმება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 2011 წელს - სახელმწიფო ხარჯი 11 მილიარდი ევროთი, 2012 წელს - 16 მილიარდით, 2013 წელს - 26 მილიარდით, 2014 წელს კი - 32 მილიარდი ევროთი შემცირდება. სახელმწიფო ხარჯის შემცირების გერმანული გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზრდასა და პენსიების შეკვეცას არ ითვალისწინებს. ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს აკეთებს ბიუჯეტის სოციალური ნაწილისა და უმუშევართათვის შემწეობების შემცირებაზე.
უნგრეთი საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 3.8%-მდე შესამცირებლად, გადასახადებისა და ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცას გეგმავს. უნგრეთის მთავრობის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადი განახევრდება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადები შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის ხარჯები 15%-ით შეიკვეცება.
ამ ფონზე, საქართველო ბიუჯეტს ზრდის. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, 215 მილიონი ლარიდან, 150 მილიონი - საგადასახადო შემოსავლების, დანარჩენი 65 მილიონი კი - ძირითადად, გრანტების ზრდაზე მოდის. გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასა და მათი კომუნალური ვალების დაფარვას მოხმარდება. 12.5 მილიონი ლარი - სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, ხოლო 9 მილიონი - რაჭაში შარშან სექტემბრის მიწისძვრით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
საპარლამენტო მდივანმა, გიორგი ხუროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა წელს ეკონომიკის 2-დან 4.5%-მდე ზრდას უკავშირდება.
ამ არგუმენტს ჩაკეტილ წრემდე მივყავართ: სახელმწიფო ეკონომიკური ზრდით აპირებს საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსებას ანუ წინასწარ იმ ფულის დახარჯვას, რომელიც ჯერ არ აქვს და დანამდვილებით არც იცის, რომ ექნება.
სახელმწიფოს აქვს 2 გზა - ან ვალის აღება, ან გადასახადების გაზრდა.
2013 წელს საქართველოს თავის ვალებში ყველაზე დიდი თანხის - 800.000 დოლარზე მეტის გადახდა უწევს. დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ ანუ 14%-მდე გაიზრდება.
ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების პირობებში, გამოსავალი იგივე დარჩება - უფრო მეტი ვალის აღება ან გადასახადების გაზრდა.
გადასახადების გაზრდით გართულდება ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის იმ ნიშნულის მიღწევაც, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა საბიუჯეტო ხარჯების ზრდა.
მეორე მხრივ, თუ ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა, საბიუჯეტო შემოსავლები ინფლაციის ხარჯზე გაიზრდება. ინფლაცია კი იგივე გადასახადია, რომელსაც ყველა თავისი ჯიბიდან იხდის.
ამდენად, უმჯობესია, გაზრდილი შემოსავლები ვალის გასტუმრებას ან საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას მოხმარდეს.



 

კომენტარები