ბიზნესს საკუთარი უფლებების დამცველი გაუჩნდა

გიორგი პერტაია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბიზნესომბუდსმენის პოსტი შეიქმნა. ამ თანამდებობაზე მთავრობის ხელმძღვანელმა სამთავრობო და ბიზნესწრეებში კარგად ცნობილი ახალგაზრდა და გამოცდილი გიორგი პერტაია დანიშნა.
გიორგი პერტაია - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ბიზნესის ინტერესების დაცვა და ლობირება იყო. საქართველოში ახლახან დაბრუნდა აშშ-დან, სადაც ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა დაამთავრა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბიზნესის კეთების სიადვილის კუთხით - ის მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზეა - როგორც ჩანს, პრობლემები მაინც არსებობს.
ეკონომისტები და ბიზნესასოციაცია ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი პრობლემა საგადასახადო კოდექსის სირთულეა. კანონი ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რასაც ადმინისტრაციული ორგანოები „წარმატებით” იყენებენ. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა: შემცირდება გადასახადების განაკვეთები, 30 ათასამდე მცირე მეწარმე კი საერთოდ გათავისუფლდება გადასახადისაგან.
ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს საკმაოდ სერიოზული პროფესიონალთა აპარატი დასჭირდება, რადგან პრობლემები სხვა მიმართულებითაც არსებობს, მათ შორის, ახალი ბაზრების ათვისების, კადრებისა და ტექნიკური „ნოუ ჰაუ”-ს მხრივაც.
მსხვილ ბიზნესს არ უჭირს საკუთარი პრობლემების მიტანა მთავრობამდე, საშუალო და მცირე ბიზნესი კი ამას გაცილებით ძნელად ახერხებს.
პერტაიას განცხადებით, მისი მთავარი ფუნქცია და მიზანია ყველა იმ პრობლემის იდენტიფიცირება, შესწავლა და შემდგომ პრემიერ-მინისტრამდე მიტანა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აწუხებს.
ბიზნესის დაცვისა და ხელშეწყობის ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ბიზნესასოციაციებს აქამდეც ჰქონდათ, თუმცა, ჯგერენაიას აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების თავმოყრას და მათი გადაწყვეტის გზების მოძებნას: „ბიზნესომბუდსმენმა თავისი ფუნქციები ასევე თუ ვერ შეასრულა, მისი არსებობა მორიგი პიარაქცია იქნება”.
ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.
აქამდე ამ ფუნქციებს ბიზნესასოციაცია ითავსებდა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შემოღება და საგადასახადო კოდექსში ასახვა იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა აღიარებს ბიზნესთან არსებულ პრობლემებს და ცდილობს, ურთიერთობები მაქსიმალურად ახალ თვისებრივ, ურთიერთნდობისა და პარტნიორობის ეტაპზე გადაიყვანოს.
ამერიკაში მსგავსი პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული: ყოველ შტატს დამოუკიდებელი მცირე და საშუალო ბიზნესომბუდსმენი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს, შუამავლის ფუნქციას არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ. ისაკაძის თქმით, ამ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მთავრობები იცვლება, მაგრამ საკუთრება და ობიექტური სასამართლო ხელშეუხებელი რჩება. ბიზნესომბუდსმენმა სწორედ ასეთი ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.



 

 

 

კომენტარები