Imagine

0 კომენტარი

ვაშა, მეგობრებო!!! უნიკალური ნიჭი აღმოვაჩინე ჩემში - ჩაფიქრებული სურვილების ახდენა შემიძლია, უფრო სწორად, ჯერ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ შემიძლია ნატვრა და რაღაც დროის შემდეგ ახდენა.

ასე ამიხდეს ყველაფერი მომავალშიც. არჩევნების წინ ვინატრე: ნეტა იმ დროს მომასწრო, არჩევნებში დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავდეს-მეთქი და აჰა, ასრულდა ოცნება! ალასანია ულოცავს და თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ჭანტურია მხოლოდ თანამშრომლობაში ხედავს მომავალს, თოფაძესაც კარგი იდეებია ჰქონია. კარგია, ბატონებო, კარგი.

კიდევ ვინატრე, რომ ცოტა ხანი არჩევნები და მის გარშემო ორომტრიალი აღარ იყოს-მეთქი და აჰა, ესეც: ორი წელი არჩევნები აღარ იქნებაო, თქვა პრეზიდენტმა ტელევიზორში. ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - პრეზიდენტმა თქვა და თანაც ტელევიზორში, იმედს მაძლევს, რომ მართლაც ასე იქნება.

ვინატრე ქუთაისი მეორე დედაქალაქად და აი, ისიც. პარლამენტის ახალი შენობის პროექტი ვნახე. არ ვიკეკლუცებ და რადიკალურ მემარცხენედ არ მოგაჩვენებ თავს, გეტყვი, რომ მომეწონა.

როგორც ჩანს, პოლიტიკური ოცნებების ახდენის ნიჭი მაქვს ეს და სარფიანად უნდა გამოვიყენო.

ამიტომ ვიწყებ ნატვრას:

ორი წელი მშვიდობიანი განვითარება. ორი წელი სიმშვიდე! აურზაურის გარეშე. ცა - რუსული ურჩხულების გარეშე, ქუჩები - საკნებისა და უნიტაზების გარეშე, ტელევიზიები - ღვარძლის, ტყუილისა და დებილობების გარეშე, ნებისმიერი პოლუსის რადიკალების გარეშე, ფაშისტებისა და კომუნისტების გარეშე, ოპოზიციაში გამყიდველებისა და ხელისუფლებაში უზნეოების გარეშე. 2012-მდე. დაბეჯითებით ვნატრობ... მერე პარლამენტის ახალ შენობაში ახალი პარლამენტის ახალი შემადგენლობა. ახალი სახეები, ახალგაზრდა სულით, საქმიანი და შემართული ხალხი. რაოდენობაც უნდა შემცირდეს. არ არის ამდენი ხალხი საკანონმდებლო ორგანოში საჭირო. „სადღეგრძელო” ტიპები უნდა გაქრნენ პოლიტიკური სცენიდან. როგორც კახა ბენდუქიძე ამბობს: კალკულატორიანი ტიპები გვინდა. კალკულატორმა ყანწი უნდა შეცვალოს. ვოცნებობ... საპარლამენტო არჩევნები „კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი” უნდა იყოს. პოლიტიკოსები თავისთვის უნდა მუშაობდნენ, როგორც ჩემი მეწაღე მეზობელი, ჩუმად, წყნარად....

ამას რომ ვოცნებობდი, ყურში დროდადრო ხმა ჩამესმოდა სკეპტიკური ინტონაციით, როგორც მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ამბობდა: „სი’დან, ბატონო? სი’დან მოგიყვანო ეგ ახალი ხალხი?”

მაგრამ მე ხომ ნიჭი მაქვს? განვაგრძობ ოცნებას:

...რუსები გადიან. აფხაზეთი და ოსეთი ურიგდება და უბრუნდება საქართველოს. დევნილები უბრუნდებიან თავიანთ სახლებს, ყველა სიამტკბილობაში ცხოვრობს. სოხუმი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდეს. თბილისი კულტურული დედაქალაქი იყოს, სოხუმი - პოლიტიკური. ქვეყანა საქართველო, დედაქალაქი სოხუმი! ვა, ასწორებს! ჩვენ „ნატოს” წევრები ვართ! ამ დროს „ნატო”, მსოფლიოში გავლენით, „გაეროს” ანაცვლებს. თურქეთი ევროპის წევრია და ჩვენ ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ ღია, გამარტივებული სავიზო-სასაზღვრო რეჟიმით. ვოცნებობ... საქართველო „მწვანე ენერგიის” ქვეყანა უნდა იყოს. ჩვენ ვაცხადებთ მთელ ტერიტორიას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებისა და საშუალებების ძებნისთვის საუკეთესო ადგილად. ჩვენ უნდა მივცეთ მსოფლიოს მაგალითი ბუნების, ეკოლოგიის რაციონალურად და ჰარმონიულად გამოყენების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ტურიზმისა და ფესტივალების ქვეყანა. კინოინდუსტრია და საფესტივალო ბიზნესი უნდა გათავისუფლდნენ გადასახადებისგან. ფესტივალებს ტურისტები მოყვებიან, მუსიკა ხალხს იზიდავს, მუსიკა ათავისუფლებს...
ისევ ეს: „სი’დან, ბატონო, სი’დან?”

...2012-ში კანონი უფრო ძლიერი და სამართლიანი უნდა იყოს, უდანაშაულო ხალხი აღარ უნდა იჯდეს ციხეში, თავხედი პოლიციელები და ჩინოვნიკები აღარ უნდა გეჩხირებოდნენ თვალში. ირმები და მგლები ერთად უნდა სვამდნენ წყალს... ვოცნებობ კონცენტრირებულად...
ვოცნებობ, ვოცნებობ და თუ ეს ამიხდა, მაშინ პოლიტიკაზე აღარ ვიფიქრებ, მოვისმენ მუსიკას, ვიმუშავებ სტუდიაში, მოვემზადები „ლაივისთვის”, შვილებს მეტ დროს დავუთმობ, მოვიფიქრებ ახალ კერძებს და ზოგჯერ გავაკეთებ კიდეც. მოკლედ, ვიცხოვრებ.

P.S. You may say that I’m a dreamer, but I’m not the only one, I hope someday you’ll join us and the world will live as one.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები