პატივი თუ ღირსება?

წარმოიდგინეთ გერმანიაში მცხოვრები თურქული ოჯახი. გაუთხოვარ გოგონას უცხოელი ბიჭი მოეწონება, რამდენჯერმე შეხვდება კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება - გოგონას კლავენ. მკვლელი ვიღაც სერიული მანიაკი კი არაა, არამედ გოგონას მამა ან ძმა. მიზეზი - ოჯახის შელახული პატივი. ასეთ მკვლელობებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ევროპა ააფორიაქა, „პატივის მკვლელობებს” უწოდებენ.

„პატივი” (honor) - ეს იერარქიული კატეგორიაა. ის აუცილებლობით გულისხმობს უთანასწორობას. ზოგს პატივი აქვს, ზოგსაც - არა. ზოგი მაღალი სტატუსის მატარებელია, ზოგიც - არა. პატივი მამაკაცებს მასკულინობის დემონსტრირებას სთხოვს, ხოლო ქალებს - მორიდებისა. თუ ეს როლი ვინმემ ვერ შეასრულა, მაშინ არა მხოლოდ მისი პატივი ილახება, არამედ მისი ოჯახისა და, შესაძლოა, მთელი კოლექტივისაც.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს - კი, ცუდია „პატივის მკვლელობები”, მაგრამ პატივის ქონა მაინც კარგიაო. თორემ აბა „პატივაყრილობა” და „უპატივცემულობა” როგორ ავიტანოთო?

მაგრამ ეს მცდარი მოსაზრება იქნებოდა. თანამედროვე საზოგადოება გვთავაზობს ცნებას, რომელიც პატივის კატეგორიას ანაცვლებს. ესაა ღირსების ცნება.

ღირსება (dignity) ინდივიდუალურია. მე ის მაქვს არა იმიტომ, რომ რომელიმე სოციალურ ჯგუფს, მაგალითად, ოჯახს ვეკუთვნი, არამედ იმიტომ, რომ ვარ ადამიანი, რომელიც აღიარებას იმსახურებს იმის მიუხედავად, რომელ ჯგუფს ეკუთვნის რასობრივი, სქესობრივი, ეროვნული თუ რელიგიური თვალსაზრისით. მეტიც, მე ღირსება მაქვს იმის მიუხედავად, თუ როგორია ჩემი სოციალური პოზიცია - მდიდარი ვარ თუ ღარიბი, ცნობილი თუ მარგინალი და ა.შ. ღირსების იდეა თანასწორობის იდეას გულისხმობს, რადგან ყველა ადამიანი თანაბრად ღირსეულია.

ხომ არ გგონიათ, რომ ეს განსხვავება პატივსა და ღირსებას შორის დღევანდელი საქართველოსთვის არარელევანტურია?

ნამდვილად არა. როდესაც სასულიერო პირები მოითხოვენ, რომ გარკვეული თემები, ინსტიტუტები და პიროვნებები კრიტიკაზე მაღლა დავაყენოთ, განა ეს ახალი იერარქიის შექმნას არ იწვევს? დიახ, სწორედ იერარქიისა საკუთარი პატივის კოდექსით, რომლის შელახვაც თურმე დასჯადი უნდა გახდეს.

თანაც, პატივი ხომ ისეთი რამაა, რაც ზოგს აქვს, ზოგსაც - არა. ამიტომ ფუნდამენტალისტი მართლმადიდებლები რეგულარულად და უშვერი სიტყვებით გალანძღავენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ან, უბრალოდ, სხვაგვარად მოაზროვნეებს (რასაც რეგულარულად აკეთებენ კიდეც), ოღონდ, როგორც კი თავად მათზე ამოიღებ ხმას, ეს უკვე პატივის შელახვა გახდება.

სად არის პატივის შესახებ წარმოდგენის წყარო საქართველოში? ქუჩაში. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ახლა როგორაა ეს ამბავი, მაგრამ თხუთმეტიოდე წლის წინ ყველაფერი ტრიალებდა იმ საკითხის გარშემო, ვინ ვის შეაგინა დედა. წარმოდგენა ასეთი იყო: ბიჭი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ აგინებდა საკუთარ დედას (როგორც ჩანს, საკუთარი მასკულინობა რომ დაემტკიცებინა), მაგრამ თუ ვინმე სხვა იგივეს გაბედავდა, ეს პატივის კოდექსის უმძიმეს დარღვევად ითვლებოდა, რომელზე პასუხი ხშირად სისხლითაც მოითხოვებოდა. მთავარი იყო, არაფერი „შეგწეროდა”, თორემ მერე როგორ შემოგხედავენ სკოლაში?

გგონიათ, რომ ეს წარმოდგენები ინფანტილურია და სკოლის მერხთან ერთად დავტოვეთ? მეც ასე მეგონა, სანამ ფუნდამენტალისტ მართლმადიდებლებს მოვუსმენდი. მთავარი არგუმენტი, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა „დეისაძის სკანდალის” ამგორებელთა პრეტენზიას, ასეთი იყო: „ჩვენ დედაზე რა დაწერა, ჩემი დედა!..” ოღონდ ადამიანებს, რომლებიც ამას ამბობდნენ, ეგონათ, რომ თეოლოგიური დისპუტით იყვნენ დაკავებულნი.

ახლა შევხედოთ: ჩვენ პატივის საზოგადოება ვართ თუ ღირსებისა? ჩემი აზრით, არც ერთი და არც მეორე. გადასვლის პროცესში ვართ, ტრანზიციაში, როგორც იტყოდნენ პოლიტიკის მეცნიერები. არის ნაწილი ადამიანებისა („ლიბერალები”), რომელსაც სურს, საქართველო ღირსების ქვეყნად იხილოს - ისეთად, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, შვედეთი და ა.შ. ღირსების საზოგადოებაში მთავარი ღირებულება ინდივიდუალური ადამიანია. ინდივიდის ღირებულების აღიარებაზეა დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც ინდივიდუალური ადამიანის უფლებებს იცავს.

არის მეორე ნაწილი ადამიანებისა („ფუნდამენტალისტები”), რომლებსაც უნდათ, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობენ თურქეთის ყველაზე განუვითარებელ სოფელში ან ირანის პროვინციაში. ამისთვის ისინი იყენებენ შემორჩენილ კულტურულ პრაქტიკებსა და წარმოდგენებს (მაგ. ძველბიჭობა). აქ მთავარი ღირებულება კოლექტიური პატივია, რომლის სადარაჯოზე დადგომა ზოგიერთ სასულიერო პირს და მათთან დაახლოებულ ფუნდამენტალისტებს სურთ.

ოღონდ არ უნდა გვეგონოს, რომ ეს არის ბრძოლა ტრადიციასა და ინოვაციას შორის. ამ ტრადიციას ახლა, ჩვენს თვალწინ, ზოგჯერ ძალზე უტიფრად იგონებენ და ქმნიან. თორემ საქართველო არასოდეს ყოფილა პატივის ცნებაზე აგებული საზოგადოება, სადაც იერარქიის წვეროზე იქნებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი პატივის ყოველგვარ შელახვას ფიზიკური ძალადობით უპასუხებდნენ. ასეთი საზოგადოების მოდელი ტრადიციული საქართველო კი არა, თანამედროვე და მეზობელი მუსლიმური ქვეყნების ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონებია.

დღეს ალტერნატივა ასეთია: პატივი თუ ღირსება? ჯგუფი თუ ინდივიდი? უკუსვლა თუ განვითარება? ორივე ამ ალტერნატივის უკან აქტიური უმცირესობა დგას: „ფუნდამენტალისტები” და „ლიბერალები”. ხოლო უმრავლესობა ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

კომენტარები