ლუდი, ლუდი!

ახლახან თბილისში, საბურთალოზე, გაიხსნა ლუდის მაღაზია კრომბახერი - სუფთა, კოხტა და მოწესრიგებული. ლუდის გარდა, კრომბახერში იპოვით მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს, გასტრონომიულ განყოფილებას, რომელშიც ლუდის ატრიბუტების - სოსისისა და ძეხვეულის გარდა, მზა კერძების დიდი არჩევანია. იყიდება ჩამოსასხმელი ღვინოც - მაგალითად, მანავის მწვანე ხუთწლიანი დაძველებით. მთავარი, რა თქმა უნდა, ლუდის უჩვეულოდ ფართო არჩევანია: ჩვიდმეტამდე დასახელების ლუდს თქვენთვის სასურველი ფორმით შეიძენთ: ბოთლით, თუნუქის ქილით ან ჩამოსასხმელს - პოლიეთილენის ერთჯერად ბოთლებში, საკუთარი ეტიკეტით. შთამბეჭდავია ჩამოსასხმელი ლუდის ბარი სპილენძის ონკანებით. აქ თეთრ ხალათში გამოწყობილი ბარმენი ტრიალებს. რამდენიმე დასახელების გერმანულ, ჩეხურ და ირლანდიურ ლუდს შორის არჩევანის გაკეთება ძნელია. ამიტომ გასულ კვირას კრომბახერს ვეწვიეთ და ლუდის უმეტესობა გავსინჯეთ. გთავაზობთ ჩვენი აზრით საუკეთესო ხუთეულის მოკლე მიმოხილვას:
Hofbräu Münchener Weisse - ბავარიული, 5.1% გაუფილტრავი. ხორბლის ლუდისთვის დამახასიათებელი მღვრიე ქარვისფერით, რბილი საფუარის მოტკბო გემოთი, თაფლის არომატითა და სასიამოვნო დაბოლოებით. ჰიტლერის საყვარელი ლუდი. (500 მლ - 3.50)
Paulaner Hefe Weiβbier Naturtrüb - პაულანერის ყველაზე პოპულარული ჩამოსხმა. გერმანული, გაუფილტრავი ლუდისთვის დამახასიათებელი მღვრიე ქარვისფერი ლუდი. ხასიათდება მდიდარი ყვავილების ბუკეტით (1ლ ჩამოსასხმელი - 6.90)
Staropramen Premium Prague - ღია ქარვისფერი ჩეხური ლაგერი. ალკ. 4%. სავსე სხეულიანი ლუდი, სვიის ბუნებრივად მწარე გემოთი, მცენარეული ტონებით და არახისის დაბოლოებით. (1ლ ჩამოსასხმელი - 4.80ლ)
Bürgerbrau Bämberg - ღია ქარვისფერი გერმანული ლაგერი ალკ. 4.7% დახვეწილი და რბილი, ღვინისთვის დამახასიათებელი ობერტონებით, წარაფის გემოთი. ხანგრძლივი და სასიამოვნო დაბოლოებით. (500მლ - 2.50ლ)
Veltins Pilsner - ღია ოქროსფერი გერმანული ლაგერი, ალკ. 4.8 ხანგრძლივი სასიამოვნო დაბოლოებით. (500მლ - 2.40ლ)

მუქი სახეობებიდან კარგია შავი ჩამოსასხმელი კრომბახერი (1ლ - 6.00ლ). ნაკლებად შთამბეჭდავია ირლანდიური ლუდის არჩევანი: კილკენი, ჰარპი და გინესი (საშუალოდ, ლიტრის ფასი 8-9 ლარი). საერთოდ, ითვლება, რომ გინესი ცუდად მოგზაურობს და თუ გინდათ, ნამდვილი გინესის გემო გასინჯოთ - მხოლოდ ირლანდიაში. ჰარპი (1ლ ჩამოსასხმელი - 8.50ლ) ნეიტრალური არასასიამოვნო არომატით, დაჟანგული გემოთი. შესაძლოა, ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები დარღვეულია, ამიტომ, ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით, ჩეხური და გერმანული ლუდის ყიდვა უფრო მიზანშეწონილია. კარგი იქნება, თუ მომავალში კრომბახერი რამდენიმე ბელგიურ ჩამოსხმასაც შემოგვთავაზებს.

კრომბახერი
ლუდის მაღაზია
დავით გამრეკელის 3, საბურთალო
ტელ: 37 80 63
საათები: ყოველდღე 09 : 00 – 23 : 00
ბარათები: მიიღება
პარკინგი: საბურთალოს ან გამრეკელის ქუჩებზე







 

კომენტარები