ძველი ქალაქი ახალი სიცოცხლის მოლოდინში

ერთი შეხედვით, სქემა მარტივია: მერია სამშენებლო კომპანიებს კრედიტის ასაღებად და დაწყებული მშენებლობების დასამთავრებლად თავდებად უდგება; მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კომპანია ტენდერში იღებს მონაწილეობას, გამარჯვების შემთხვევაში მესაკუთრეები ახალ ბინებს იღებენ, მშენებლები - კრედიტს, ხოლო სახელმწიფო - გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთს.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ფიროსმანის ქუჩაზე პირველად მას შემდეგ შენიშნეს, რაც მერიამ ზემოთ ხსენებული პროექტი წამოიწყო - ძველი თბილისისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება.
- რაც თავი მახსოვს, გვანგრევენ, წითელ ზონაში ხართო, გვეუბნებოდნენ. შედეგი კი არასდროს გვინახავს! - მეუბნება ნონა. ის ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ნონა დღეს ჩემი გიდია. მეზობლები უნდა გამაცნოს. ამ ქუჩის მცხოვრებლებს შედეგი მართლაც არასდროს უნახავთ. ამის მიზეზი ხან არარეალისტური მოთხოვნების მქონე მესაკუთრე იყო და ხან ის ინვესტორი, რომელსაც დაწყებულ საქმეში ფინანსური პრობლემები ექმნებოდა.
ფიროსმანის 36-ში მცხოვრები თინა კიკოლაშვილი მეზობლებთან ერთად უკვე დათანხმდა კომპანია „არსის” შეთავაზებას. ახლა ის რიგით მეორე ტენდერს სულმოუთქმელად ელის. პირველში ვერ გაიმარჯვეს, მეორის შედეგები კი 21 ივნისს გახდება ცნობილი. უნდა დაელოდოს, სხვა რა გზაა? „ადამიანი იმედით ცოცხლობს!” - მეუბნება სამოცდათვრამეტი წლის ბებია და სახლში შევყავარ. ინტერიერის მთავარი „ღირსშესანიშნაობის” - კედელსა და ჭერზე გაჩენილი ბზარების, დამსკდარი კედლების და აქა-იქ დადგმული ტაშტების შემხედვარე ვხვდები, რომ ამ სახლში იმედი ყველაზე მეტადაა საჭირო! როგორც თავად მეუბნება, უფულობაზე მეტად წვიმის ეშინია. ორმოცდამეათე წელი ილევა, რაც ამ ეზოში ცხოვრობს. სახლი კაპიტალურად თითქმის არასდროს არ შეუკეთებიათ. ამიტომ ოთახებში, გუბეებთან ბრძოლისას, ტაშტების „მძიმე არტილერიას” იყენებს. ბათქაშის ცვენა კი უკვე ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია... „არადა, რა დიდებული მეუღლე მყავდა!” - ამატებს უეცრად და, ძველი დიდების დასტურად, ქმრის ფოტოებსა და მის მიერ შექმნილ ნაკეთობებს მიჩვენებს. „სერგო რომ ცოცხალი იყოს, ასე ხომ არ ვიქნებოდი?” - ახლაღა ვამჩნევ აცრემლებულ თვალებს. სერგომ სულ რამდენიმე წლის წინ დატოვა.
„არსის” პიარმენეჯერს უთქვამს, თუ ტენდერში გავიმარჯვებთ, ორ წელიწადში ახალ ბინებს მიიღებთო. ამ ასაკში დრო წლებით აღარ იზომება, ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს! „ამაყი ქალი ვარ, მთელი ცხოვრება პატიოსნად და წესიერად ვიცხოვრე. ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი სიბერე მექნებოდა”. ახლა უნდა ბებია თინას სიცოცხლე, ამიტომ ორი წელიც ბევრი ეჩვენება და მთავრობასთან მაბარებს, უფრო მალე გამიყვანეთ, აქ რომ მოვკვდე, სირცხვილიაო! - „23 წლისა გავთხოვდი. ჩემი და სერგოს მშობლები ერთმანეთს იცნობდნენ და მალევე გავყევი. რატომ არ წამიყვანდა რა?”. შემდეგ ჩაფიქრებული უყურებს კედელს და აგრძელებს: „ბიჭი შემეძინა. მასაც ჩემსავით დიაბეტი აქვს. აქ ვერ ააწყო ვერაფერი. სომხეთში წავიდა სამუშაოდ. თუმცა, იქაც ვერაფერი გამონახა, ხელმოკლედ ვცხოვრობთ”. შვილი ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც ჩემი სტუმრობის დღეს ელის დედა. ამაყ ქალბატონს კვლავ ცრემლი ადგება, სახე სათქმელს წინასწარ მკარნახობს, ემოციები სწრაფად იცვლება და საუბარში გითრევს. ნათესავები ეხმარებიან. მათ ყოველთვის კეთილად მოიხსენიებს! ხელმოკლეობამ საჭიროებებზე ხელი ვერ ააღებინა. მეუღლის საფლავის მოვლაში ყოველთვიურად ხუთ ლარს იხდის. ადრე თურმე ათს იხდიდა, მაგრამ მერე სასაფლაოს უფროსს უთქვამს, თანხას მოუკელითო! მათაც ორჯერ შეუმცირებიათ. მოქანდაკე იყო მისი ქმარი. ახალგაზრდობაში ქეიფი და ხელოვნება ჰყვარებია. ხან ვისთან დადიოდნენ სტუმრად, ხან - ვისთან. მაგრამ დრომ თავისი ქნა. წარსული ოცნებად იქცა. ახალ სახლში რომ გადავალ, ერთი მაგრად უნდა ვიქეიფოო, - სიცილით ამბობს თინა ბებო. ოცნება ბევრი აქვს, განსაკუთრებით დილაობით, ექვს საათზე რომ ადგება და ფოთლებს გადახედავს აივანზე. აბა, დიასახლისი რის დიასახლისია, თუ ყველაფერი არ მოაწესრიგა? ბუნაგში რომ იცხოვრო, მაინც სუფთად უნდა გამოიყურებოდეო! ოთახში პრეზიდენტის პოსტერი ჰქონდა გაკრული. ერთხელ მიშამ გააბრაზა და, დროშასთან ერთად, კედლიდან მაცივარზე მიუჩინა ადგილი! დროშაზე რომ ვკითხე, მიპასუხა: „აბა, მე რა ვიცი, რას ვერჩოდი!” კიდევ ერთ რამეზე ოცნებობს - ფართი ფართში გაცვალოს. ტენდერი მოიგონ. მაშინ ხომ იქ, სადღაც, ახალი სიცოცხლე დაიწყება. ოღონდ აქედან დროზე გაიყვანონ!
თუმცა ყველას იგივე განწყობა არ აქვს. სულ რამოდენიმე ქუჩის იქით, კიდევ ერთ იტალიურ ეზოში შევედი. ოჰ, ეს იტალიური ეზო - როგორ უყვარს საკუთარი ხანდაზმულობის დემონსტრირება! ბებია აივანზე გადმომდგარიყო და ალმაცერად მიყურებდა. „შენს მეტი ვერავინ გამოგზავნეს?” - დამიძახა თუ არა, უცბად მისვლის მიზეზის ახსნა-განმარტებას შევუდექი. ამ დროს მეორე ფანჯრიდან ქალბატონმა დალიმ გამოიხედა, ამხედ-დამხედა, საშუალო ასაკის, მკვეთრი გამოხედვის ქალბატონი აშკარად ჩემთან საუბარს აპირებდა. ქალბატონი დალი ფიქრობს, რომ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მხოლოდ სამშენებლო კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა და მოსახლეობის ინტერესები მასში გათვალისწინებული არ არის. ამას მეუბნება მკაცრად და თან მეზობლის ფანჯრებს უყურებს... ვინ იცის, იქნებ იმ მეზობლების ერიდება, რომლებსაც მისი უარყოფითი პოზიციის გამო კვლავ დაზიანებულ ეზოში მოუწევთ ცხოვრება. ქალბატონ დალი ჟველიას ინტერესებს მისი ხმა ყველაზე უკეთ გამოხატავს, „ფართი ფართში?! ირონიულად მეუბნება, - უნდა დამიმატონ! სარდაფის ფართის ნაწილიც უნდა მომცენ და ეზოს 30 კვადრატიც - განა ასე არ არის?! თან სად გადავიდე, გენაცვალე, ფურცელზე არსებულ შენობაში?” მართალია, 12 ოჯახი ამ პროექტის ფარგლებში უკვე ახალ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ქალბატონ დალის ამის არ სჯერა! როცა პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, მხოლოდ მან განაცხადა უარი - ამიტომ ეზოს ეს პროექტი არ შეეხო. აქ სახლები ნგრევას განაგრძობენ, მერია კი სანაცვლოდ მოსახლეობას ვერაფერს ჰპირდება - გარდა ყოველთვიურად გაცემული 200-ლარიანი ქირის გადასახადისა, რომელიც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.
ფაქტია, რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი „გაურკვეველი” სიტუაცია, მით უფრო გაჭიანურდება ნგრევის პირას მყოფი სახლების „გადარჩენა”. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე თვის წინ არ იყო, როდესაც მოლაპარაკებაზე მისულ „არსის” ხალხს აღარც კიბე დახვდა და აღარც ორსართულიანი სახლის ნახევარი. ჩამონგრეულიყო.

 

კომენტარები