რეფორმა, რეფორმა და კვლავ რეფორმა...

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა კვლავაც აქტუალურია და ხშირად ხდება სპეკულაციების საგანი. წარმატებების პარალელურად ნაკლოვანებებიც არ მალავენ თავს და აშკარაა, რომ, საარჩევნო კამპანიის წარმატებული გაშუქების ფონზე, მაუწყებლის მიმართ ინტერესი გაიზრდება და მოთხოვნის სტანდარტებიც აიწევს.
ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა არა მხოლოდ ახალი, კრეატიული პროგრამების შექმნას, ინსტიტუციური რეფორმების გატარებასაც უნდა გულისხმობდეს. ძველი გამოწვევები კვლავ ძალაშია: მოძველებული ტექნიკა, უზომოდ დიდი ადმინისტრაციული ხარჯები, სიგნალის გავრცელების პრობლემა, როცა მოსახლეობის მხოლოდ 70% ახერხებს სიგნალის მიღებას და გავრცელება კვლავაც კერძო მაუწყებლების დახმარებით ხდება, რესურსების სიმწირე და ა.შ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღემდე ვერ განსაზღვრა განვითარების პრიორიტეტები და სტრატეგია. გაურკვეველია, რატომ იხარჯება 25-მილიონიანი ბიუჯეტის თითქმის 30% საინფორმაციო გამოშვების მომზადებაზე და თითქმის ნახევარი - ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და არაეფექტურად მოწყობილი ადმინისტრაციის შენახვაზე. ამ უკანასკნელი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიშიც. ხუთგვერდიან დოკუმენტში, პირველ რიგში, „არაკვალიფიციური ადმინისტრაციული რესურსი” იკითხება და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.
არც ძველი საქმეებია დასავიწყებელი. წლების განმავლობაში, სახელმწიფო ტელევიზიად არსებობის დროს, პირველი არხის ფინანსურ ანგარიშებში გაურკვეველი დავალიანებები გროვდებოდა, რომლის გადახდა ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევს. საინტერესოა, რომ დღემდე არ გამოკვლეულა, თუ რატომ და როგორ წარმოიშვა ეს დავალიანებები. არც წინა დირექტორის მიერ ჩატარებული ტენდერები უნდა დავივიწყოთ, როცა სხვადასხვა კონკურსში იმარჯვებდნენ მხოლოდ გარკვეული კომპანიები და მაუწყებელს ასტრონომიული თანხები უჯდებოდა, მაგალითად, ქალბატონ ინგა გრიგოლიას გადაცემების მოწყობა. დღემდე გაურკვეველია, რატომ იღებდა ასეთ დიდ ხელფასს ქალბატონი ინგა და ეს თემა არა მარტო სამოქალაქო დებატების, არამედ შეიძლება სამართალდამცველთა ინტერესის საგანიც გახდეს.
მანამდე კი ცხელი საფეხბურთო ივნისი დადგა და მაუწყებლის მიმართ ახალი კითხვები გაჩნდა. რატომ უნდა გადასცემდეს პირველი არხი ფეხბურთის ჩემპიონატს ექსკლუზიურად და უნდა უთმობდეს თუ არა მთლიან საეთერო დროს ფეხბურთის მატჩებს? ივნისიდან პროგრამების დიდი ნაწილი შეწყდა და ეს თემაც სპეკულაციის საგნად იქცა. ამიტომ სიტუაციის განმარტებისთვის რამდენიმე ფაქტს მოვიტანთ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნიდან მოკლე ხანში ევროპის მაუწყებლების კავშირის ნამდვილი წევრი გახდა. საქართველოში მოქმედი სხვა მაუწყებლები დამსწრის სტატუსით სარგებლობენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირი საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების გავრცელებაზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს საკუთარ წევრებს. ასე მოიპოვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო ჩემპიონატის ექსკლუზიური ტრანსლირების უფლება. 2006 და 2008 წლებში კერძო მაუწყებლებმაც გამოთქვეს სურვილი, სხვადასხვა თამაში ეჩვენებინათ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათთან კონტრაქტები გააფორმა და გაიყო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების თამაშების ტრანსლაცია, იმ პირობით, რომ კერძო მაუწყებლები საკუთარ წილს თვითონ დაფარავდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან. კონტრაქტი კონტრაქტად დარჩა და უკვე ოთხი წელია საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაოდ ელის ანაზღაურებას. ამიტომაა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყურება მხოლოდ პირველ არხზე იქნება შესაძლებელი და მეტ საეთერო დროსაც დაიკავებს.
ცხადია, ზედმეტია იმაზე საუბარი, არის თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირება საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესო. ამ საზოგადოებისთვის ძნელი იქნება იმის ახსნა, თუ რატომ უნდა დაიხარჯოს ხალხის ფული იმაში, რასაც კერძო მაუწყებლები საკუთარი ხარჯებით ისედაც გააკეთებდნენ.
სკანდალის თემაა მიმდინარე პროგრამების შეჩერება პირველ არხზე. უკმაყოფილო ჟურნალისტების თქმით, გადაცემების შეწყვეტის შესახებ მათ ბანკისგან შეიტყვეს, როცა ხელფასის ასაღებად მივიდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, კონტრაქტის ვადა სხვადასხვა პროექტში დასაქმებულ ჟურნალისტებს წინასწარ ჰქონდათ დადგენილი და ვადის ამოწურვასთან ერთად შეუწყდათ ხელშეკრულება. ძველი პროგრამები აღარ განახლდება იმ მარტივი მიზეზით, რომ ახალი სამაუწყებლო სეზონისთვის პროგრამული ბადის სრული განახლება დაიგეგმა.
ახალი პროექტის მომზადება ორ თვეს მაინც მოითხოვს და პირველი შედეგების ნახვისა და შეფასების საშუალება საზოგადოებას ოქტომბრის დასაწყისისთვის ექნება. მანამდე კი ივნისი ძირითადად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებას დაეთმობა, ხოლო მომდევნო ორი თვე - ძველი პროგრამების გამეორებას. მხოლოდ საინფორმაციო სამსახური, დილის გამოშვებები და რამდენიმე ტოქშოუ შენარჩუნდება განახლებად რეჟიმში.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ, თუ მოცდა იყო, ბარემ ბოლომდე მოეცადათ და ახალი ტოქშოუები უკეთესად გაეაზრებინათ, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ახალი ტოქშოუს წამყვანმა (ვგულისხმობ ეკა ხოფერიას) ყველა რეკორდი მოხსნა და ერთსაათიანი გადაცემა მხოლოდ ექვსი სიტყვით, მათ შორის „ნუ”, „ანუ”-ს გამოყენებით წაიყვანა.
პრობლემები შეექმნება მეორე არხსაც. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს არხი პოლიტიკური შინაარსის პროგრამებს დაუთმო და, პარტიებთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს თვითონ უნდა დაეგეგმათ მათთვის გამოყოფილი დრო. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა წინასაარჩევნო პერიოდშიც კი ვერ შეძლო გამოყოფილი დროის სრულად ათვისება. აღარაფერს ვამბობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. არ გაგიკვირდეთ, თუ მეორე არხზე გადართავთ და იხილავთ წარწერას: „პარტია... უარს ამბობს მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით სარგებლობაზე”. ასეთი წარწერა არჩევნების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი რამაა.
მოლოდინის დრო იწურება. როგორც ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ან უნდა გაუქმდეს, ან შეიცვალოს. საკითხის სიმწვავე აშკარაა საქართველოს მაგალითზეც. თუ არა რადიკალური ცვლილებები, სხვაგვარად საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებს თავის დამკვიდრებას და მისი ავტორიტეტიც დაბალი რჩება.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პროგრამული პრიორიტეტების შემუშავების პროცესშია. სავარაუდოდ, პირველი სამუშაო ვარიანტი ივნისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება საზოგადოებრივი განხილვისთვის. საბჭო პრიორიტეტების შესახებ საჯარო მოსმენების მოწყობას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებასთან შეხვედრებს გეგმავს. თუმცა, განვითარების ერთიანი ხედვა ჯერ კიდევ არ არსებობს და დიდია რისკი, ნებისმიერი ჩარევა ცალკეულ ექსპერიმენტად დარჩეს და საერთო ფონზე გავლენა ვერ მოახდინოს.

კომენტარები