რას აპირებს უმცირესობა თბილისის საკრებულოში

კახა კიკავა
30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის საკრებულოში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ 11 მანდატი მოიპოვა: არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების დღეს დაშლილმა პარტიამ - ალიანსი საქართველოსთვის - 5, ქრისტიან-დემოკრატებმა - 3, ეროვნულმა საბჭომ - 2, ხოლო მრეწველებმა - 1. საკრებულოში შესული ყველა ოპოზიციური ლიდერი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია შეძლებს კრიტიკული ამომრჩევლის ხმის მიწოდებას მმართველი გუნდისთვის და პოლიტიკური პროექტების სწორად კაპიტალიზაციას, ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.
ახალ საკრებულოში ოპოზიციური და მმართველი პარტიების თანამშრომლობამ შედეგი პირველივე სხდომაზე აჩვენა. „თბილისის შესახებ კანონში” ცვლილებები დაიგეგმა. მოქმედი კანონით, საკრებულოს უნდა შეექმნა სარევიზიო კომისია და, სურვილისამებრ, ხუთი მუდმივმოქმედი კომისია. ცვლილებების შედეგად, საკრებულოს 11 კომისიის შექმნა შეუძლია. ახალი კანონპროქტის მიხედვით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე გატანილია. კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ საკრებულოს წევრები შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ. ცვლილებები მხოლოდ თბილისის საკრებულოს ეხება. ქრისტიან-დემოკრატების მოსაზრებით შემუშავებული ვარიანტი ოპოზიციურ პარტიებს საკრებულოში მიმდინარე პროცესების კონტროლის საშუალებას მისცემს.
მრეწველებისთვის პრიორიტეტულია დასაქმება და წარმოების ამუშავება. გოგი თოფაძე წარმოების ამუშავებას გადასახადების შემცირებასთან ერთად, კომპლექსურად განიხილავს. მრეწველების ლიდერს წარსული სოციალისტური ეპოქის გავლენა ეტყობა - ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო რეგულაციებს ეკონომიკაში. თოფაძის მოსაზრებით, უნდა არსებობდეს პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო და სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ფასები, ყველაფერთან ერთად, საწვავზეც.
სატარიფო პოლიტიკა ქრისტიან-დემოკრატების „სავიზიტო ბარათად” რჩება. ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ზედმეტია მსხვილ ინვესტიციებზე ფიქრი მაშინ, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები დგანან. ამიტომ, ტარიფების დაწევა სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი საშუალებაა. ამასთან, პარტია ჯანდაცვასა და განათლებაზე აკეთებს აქცენტს. პარტიის ლიდერის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა თვითონ უნდა იტვირთოს მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების არასასკოლო განათლების დაფინანსება და მუნიციპალური საავადმყოფოს შექმნა.
კონსერვატორები საკუთარ სამომავლო მოღვაწეობას უფრო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. სოციალური საკითხები ამ პარტიისთვისაც პრიორიტეტია. პარტიას სკოლების უფასო სახელმძღვანელოების ექვსმილიონიანი და უფასო დაზღვევის 120-მილიონიანი პროექტები აქვს. წყლის ოცდაოთხსაათიანი მომარაგება, შენობების გამაგრება, გადაუდებელი ოპერაციების ბიუჯეტიდან დაფინანსება პარტიის განსახილველ საკითხთა ნუსხაშია.
ალასანიას აწ დაშლილი ალიანსის ჯანდაცვის პროგრამა გულისხმობს უფასო ოჯახის ექიმს, უფასო დაზღვევას, უფასო მშობიარობას, უფასო წამლებს სამ წლამდე ბავშვებისა და 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის, და მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნას. ალიანსის დასაქმების პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში კი პარტია პირველ წელს 50 ათასი თბილისელის დასაქმებას გვპირდება. ვიქტორ დოლიძე აუცილებლად წამოაყენებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის ტრანსპორტში მგზავრობის შეღავათებისა და ორსულების პატრონაჟის საკითხებს.
ყველა ოპოზიციური პარტიის უპირველესი ამოცანაა, უფრო გამჭვირვალე გახადოს საკრებულოს მუშაობა, მოახდინოს დაგეგმილი ფინანსებისა და პროექტების მონიტორინგი.
ლევან ვეფხვაძე და კახა კუკავა საკრებულოსა და მოსახლეობის კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობენ. ოპოზიციური ლიდერები ხელისუფლებასთან აქტიურ ოპონირებასა და პარტიების ერთიანობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.





 

კომენტარები