სკოლა და დემოკრატია

სკოლაში ყოფნისას ჩემი ყურადღება მიიქცია აბრამ, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო „მითხარი და მე დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება, ვიმოქმედო და მე ვისწავლი.” - ჩანაწერი სტუდენტის პედაგოგიური პრაქტიკის დღიურიდან.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი შაშკინმა ორი კვირის წინ გვამცნო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები აღარ უნდა აირჩიონ სამეურვეო საბჭოებმა - მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დანიშნავს. მინისტრს ორი ძირითადი არგუმენტი ჰქონდა:

ა) დანიშნული დირქტორი უფრო ძლიერია და, შესაბამისად, უფრო ეფექტურიც;

ბ) სამინისტრომ კონსულტაცია გაიარა დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებსა და მასწავლებლებთან და მათაც დანიშვნის სისტემა ურჩევნიათ.

თქვენი აზრით, უმეტესად რა პასუხს მივიღებთ, თუ მოვალეობის შემსრულებელს ვკითხავთ, რომელი გზით ურჩევნია სკოლის დირექტორი გახდეს? რა ურჩევნია, ჯერ ტესტი ჩააბაროს, შემდეგ გასაუბრება და ბოლოს, წარმატებით დაძლიოს საარჩევნო კამპანია კონკურენტების, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე, თუ პირდაპირ დანიშნონ თანამდებობაზე? აქვე გავითვალისწინოთ ის, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები იმ სკოლებს ჰყავს, რომლის სამეურვეო საბჭოები და თვით მოვალეობის შემსრულებელიც დირექტორების არჩევნების განმეორებით ეტაპს მესამე წელია ელოდებიან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებიც ან წარუმატებელნი იყვნენ წინა არჩევნებზე, ან სამინისტროს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკურსის გარეშე არიან დანიშნულნი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უცნაურიც იქნებოდა, მინისტრს სხვა პასუხი მიეღო. საინტერესო კი ისაა, რას ფიქრობენ მშობლები. მათაც არ უნდათ, რომ საკუთარი შვილების სკოლის დირექტორის არჩევაში მონაწილეობდნენ? მე, როგორც მშობელს, რომლის შვილიც მოსწავლეა, მირჩევნია თვითონ მივიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ჩემი შვილის სკოლის დირექტორი, ვის მიუვა ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები.
დანიშნული დირექტორი უფრო ძლიერია, ვიდრე არჩეული. მას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რეფორმები გაატაროს სკოლაში, - გვიხსნიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საინტერესოა, რომელ დაკვირვებას ან კვლევას ეფუძნება მისი ეს განცხადება. განათლების ადმინისტრირებისა და პოლიტიკის სფეროში კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი გვაჩვენებს, რომ დირექტორი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საკუთარი სკოლის შიგნით. სკოლის გარეთ მხარდაჭერა შეიძლება მას დაეხმაროს რესურსების მოზიდვაში, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, მაგრამ განათლების ხარისხის ამაღლების ან სკოლის კულტურის ჩამოყალიბების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლის თემის მხარდაჭერას. სკოლის დირექტორი, რომელსაც სკოლა ირჩევს, სწორედ ასეთი მხარდაჭერით სარგებლობს. მას ენდობიან როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები. დირექტორიც მათ წინაშეა ანგარიშვალდებული. ასეთი დირექტორი ცდილობს, ახალი ინციატივები შეათანხმოს სკოლის საზოგადოებასთან. დანიშნული დირექტორი კი პირით სამინისტროსკენ არის მიმართული, ზურგით კი სკოლისკენ. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამინისტროს კეთილგანწყობა მოიპოვოს. სკოლის საზოგადოების ინტერესები მისთვის ნაკლებად საინტერესოა. მისი ძალაუფლების წყაროა არა პროფესიონალიზმი, კონკრეტული სკოლის მომავლის სხვებთან გაზიარებული ხედვა, არამედ სიახლოვე სამინისტროსთან, რომელსაც თანამდებობრივად დაწინაურება და/ან ჩამოქვეითება შეუძლია.

საბჭოთა კავშირმა თვითმმართველობა შეზღუდა, არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე. კომუნისტურმა პარტიამ გააუქმა ადამიანთა თავისუფალი ასოციაციები, პროფესიული გაერთიანებები, სასწავლო დაწესებულებათა და ბიზნესის სფეროში გადაწყვეტილებების ადგილზე მიღების პრაქტიკა. შედეგად, დაამყარდა სისტემა, სადაც ადამიანების კონტროლი გაცილებით უფრო მარტივი იყო; სადაც ინიციატივა ყოველთვის ზევიდან მოდიოდა; სადაც მოქალაქეების უმეტეს ნაწილს გააზრებული არ ჰქონდა ის მიზნები, რომლის სასარგებლოდაც მოქმედებდა; და სადაც სისტემის ეფექტურობა ადმინისტრაციული ხერხებით წახალისებასა და დასჯას ეფუძნებოდა. სამაგიეროდ, სისტემა მშვენივრად მუშაობდა პარტიული მუშაკების სასარგებლოდ. სამინისტრო დირექტორებად ნიშნავდა ცენტრალური აპარატიდან დათხოვნილ ადამიანებს, ადგილობრივი ხელისუფლების ნათესავებს, პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებს და სხვ. დემოკრატიული ქვეყნების სკოლების დირექტორებისგან განსხვავებით, ისინი არასოდეს აკრიტიკებდნენ სამინისტროს ინიციატივას და მორჩილად ასრულებდნენ მათ მითითებებს. მინისტრები ხშირად პირადად იცნობდნენ თბილისის სკოლების დირექტორებს. რეგიონების სკოლების დირექტორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი, სხვადასხვა ხარისხით, დავალდებულებულნი იყვნენ მინისტრისგან. სხვათა შორის, ბოლო წლებში მსგავსი სისტემა ჯერ კიდევ მუშაობდა ჩვენს ქვეყანაში. პრობლემის ერთი ასპექტის საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ გორსა და ქუთაისში, მაგალითად, 2004-07 წლებში, დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებად ბ-ნ მიხეილ ქარელისა და ქ-ნ ნინო ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების რეკომენდაციით ინიშნებოდნენ. მაშინაც და დღესაც, მათი სკოლებში საქმიანობის შეფასებისას, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანთა რეკომენდატორების ვინაობა და ამას შესაძლოა მეორეხარისხოვნად ექცია საგანმანათლებლო მიღწევები ან წარუმატებლობები.

დირექტორების არჩევითობის გაუქმება, ანუ თვითმართველობის შეზღუდვა 70,000 მასწავლებლისთვის, 650,000 მოწავლისა და მათი მშობლებისთვის, სწორედ თვისებრივად კორუფციული და არადემოკრატიული სისტემისკენ დაბრუნებას ნიშნავს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის განხილვისას, დაგვიტოვებს და დაიცავს ჩვენს უფლებას, თვითონ გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ჩვენს შვილებზე ყოველდღიურად მზრუნველი, რათა პასუხი მის შეცდომებსა და გეგმებზე არა მინისტრს, რეკომენდატორებს ან რომელიმე პარტიას, არამედ სწორედ მას და საკუთარ თავს მოვთხოვოთ. მოგვეცით მოქმედების შესაძლებლობა, რომ დემოკრატიულად ცხოვრება ყველამ ვისწავლოთ.

კომენტარები