2 ახალი პრინციპი საგადასახადო კოდექსში

ახალი საგადასახადო კოდექსის უმთავრესი მიზანი საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ამაღლებაა. ამის მიღწევას მთავრობა თამაშის წესების მკაფიოდ ჩამოყალიბებით, საგადასახადო დებულებათა გამარტივებითა და ორმაგი ინტერპრეტაციების მინიმუმამდე დაყვანით აპირებს.
თუმცა, ახალ კოდექსში რჩება ორმაგი ინტერპრეტაციების საფრთხე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა, 3 ივნისს სასტუმრო თბილისი-მერიოტში, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით დაინერგება ახალი სისტემა, ე.წ. Advance Tax Ruling (ATR): გადამხდელს შეეძლება მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იქნება, განუმარტოს მას ნორმა. ეს ნიშნავს, რომ პირს, რომელიც იხდის გადასახადს ორგანოს მითითების შესაბამისად, ვეღარ დაერიცხება განსხვავებული საურავი (ძირი, სანქცია).
თუმცა, საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში ეს დებულება შერბილებული ფორმით მოხვდა: 47-ე მუხლში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება.
კოდექსის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ გადამხდელზე, რომლისთვისაც ის გაიცა. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა. ამ მუხლის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები არასრულია ან არასწორი, და თუ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე განმარტებული ნორმა შეიცვალა. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 60 დღისა.
ამ მუხლში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი პროცედურა, რა ხდება, თუკი შემოსავლების სამსახური აგვიანებს პასუხს, რადგან პრინციპმა - „დუმილი თანხმობის ნიშანია” - შეიძლება გადამხდელს გაუთვალისწინებელი პრობლემები შეუქმნას. ასევე, ეს მუხლი არ აკონკრეტებს, რა ვადაში უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურმა გადამხდელს, რომ მისთვის განკუთვნილი წინასწარი გადაწყვეტილება გაუქმებულია - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა იცვლება წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე განმარტებული ნორმა. მეორე მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ორი ადამიანი ერთსა და იმავე პროდუქტს აწარმოებს, ერთნაირად უნდა დაიბეგროს. ამ კოდექსის თანახმად კი ნათელი არ არის, როგორ ექნება ერთი გადამხდელის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სხვის მიმართ პრეცედენტული მნიშვნელობა.
მეორე ახალი პრინციპი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში დააანონსა, არის ე.წ. Good Faith ანუ პატიოსნება - დავების საბჭომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს სამართალდარღვევის შინაარსს და თუ დადასტურდება, რომ გადამხდელის ქმედება გამოიწვია შეცდომამ და მისი მიზანი არ იყო გადასახადების დამალვა (ან თუ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელსაც ის ეყრდნობოდა, ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებდა), დავების საბჭომ გადამხდელს სანქციები უნდა მოუხსნას.
ახალ საგადასახადო კოდექსში არც ეს პრინციპია მკაფიოდ გამოკვეთილი: 269-ე მუხლი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გაათავისუფლოს გადამხდელი დაკისრებული სანქციისაგან.
ახალი საგადასახადო კოდექსი პოზიტიურ სიახლეებსაც შეიცავს. მაგალითად, გაუქმდება ყოველთვიური დღგ და მის ნაცვლად ამოქმედდება კვარტალური გადახდა. ამდენად, მეწარმეებს რეინვესტირებისთვის მეტი კაპიტალი ექნებათ. ასევე, თუ გადამხდელს აღმოაჩნდება დღგ-ს ან სხვა გადასახადის ნაწილში ზედმეტად გადახდილი თანხა, მას უფლება ექნება მიმართოს საგადასახადო ორგანოს და ამ თანხას სხვა გადასახადის ან ჯარიმების ნაწილში ჩაუთვლიან, ან 3 თვის ვადაში უკან დაუბრუნებენ. ძველ კოდექსთან შედარებით, წესი გამარტივდა და თანხის გამოთხოვის ერთთვიანი ვადა 3 თვემდე გაიზარდა. პოზიტიურ სიახლედ ითვლება ისიც, რომ გადამხდელებს პირველად ეძლევათ უფლება, გაფუჭებული საქონელი ჩამოწერონ.



 

კომენტარები