გადამხდელის უფლებებს აუდიტორთა საბჭო და საგადასახადო ომბუდსმენი დაიცავენ

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელების უფლებებს ორი ახალი ინსტიტუტი დაიცავს:
ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნება ხუთი წევრისგან შემდგარი აუდიტორთა საბჭო. პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ თუკი დაჯარიმება დაემუქრება კომპანიას, რომელიც მანამდე საგადასახადო გადაცდომების გარეშე საქმიანობდა, საგადასახადოს მოუწევს ამ საბჭოსგან მოიპოვოს კომპანიის დაჯარიმების უფლება.
საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში 240-ე მუხლი ამბობს, რომ თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან სანქციის გამოყენების პრინციპს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია მიმართვიდან არაუგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების შესახებ. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის.
ამ მუხლთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა არსებობს. პირველი - თუ საგადასახადო ორგანო არ იქნება ვალდებული, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს და, მეორე მხრივ, თუ თვითონ აუდიტორთა საბჭო არ იქნება ვალდებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ სრულიად გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ეს დამატებითი რგოლი. მეორე - უკვე არსებობს დავების საბჭო, რომელიც იღებს საგადასახადო დავასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. მესამე - ამავე კოდექსის 46-ე მუხლი არეგულირებს სწორედ იმას, რასაც ემსახურება აუდიტორთა საბჭო - აყალიბებს ადმინისტრირების ერთიან პრაქტიკას. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ დავების საბჭოს გადაწყვეტილება დაბეგვრის ან სანქციის დაწესების განსხვავებულ პრინციპს ან მეთოდს ნერგავს, ან თუ იგი მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს საჯარო გადაწყვეტილებას. ამდენად, საჯარო გადაწყვეტილება უკვე ასრულებს იმ საქმეს, რაც აუდიტორთა საბჭოს ევალება.
მეორე ახალი ინსტიტუტია საგადასახადო ომბუდსმენი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლენს მათი დარღვევის ფაქტებს და ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. „გვინდა ბიზნესს საგადასახადო ცხოვრება გავუმარტივოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მეწარმეებს განსაკუთრებით აწუხებთ, არის მათი საწარმოების დალუქვა საგადასახადო შემოწმებების დროს; კომპანიები მნიშვნელოვნად ზარალდებიან, დამწყები ბიზნესისთვის კი, ხანგრძლივი შემოწმების პირობებში, შეიძლება გაკოტრების საფრთხეც გაჩნდეს. ახალი საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 პუნქტი მხოლოდ ზოგადად ამბობს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა, გონივრულ ფარგლებში, არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. ახალ კოდექსში ისევ არ არის გაწერილი, რა შემთხვევაში და რა ვადით შეიძლება საწარმოს დალუქვა მისი შემოწმების მიზნით.
ამდენად, საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება და ბიზნესისთვის საგადასახადო ცხოვრების გამარტივება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ საბოლოოდ რა ფორმით დამტკიცდება კოდექსი.



 

კომენტარები