ახალი ჯაზფესტივალის მოლოდინში

ჯგუფი ბრენდ ნიუ ჰევისი
15 - 18 ივლისს ბათუმი შავი ზღვის მორიგ ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. შემადგენლობა ტრადიციულად წარმომადგენლობითია - THE BRAND NEW HEAVIES, MIKE STERN-ის ბენდი, RH FACTOR, ROY HARGROVE-ს კვინტეტი, HUGH MASEKELA-ს ბენდი, გიო მიქაძისა და ბექა გოჩიაშვილის ტრიოები და ასტროჯორჯია. სამივე შოუს შემდეგ afterparty-ც იქნება.
მართალია, ჯაზფესტივალი ჰქვია, მაგრამ სიამოვნებას მიიღებენ ჰიპ-ჰოპის მსმენელებიც, რადგან THE BRAND NEW HEAVIES და როი ჰარგროუ RH FACTOR-თან ერთად ის ხალხია, 90-იანების ჯაზ ჰოპი ახალ სიმაღლეზე რომ აიყვანეს. ამ მუსიკას დღეს კლასიკას უწოდებენ.
გადავწყვიტეთ, ამ ორ შემსრულებელს - არა მარტო ლეგენდებს, არამედ პიონერებს - მეტი დრო დავუთმოთ.

ბრენდ ნიუ ჰევისი
გასული საუკუნის 80-იან წლებში ლონდონში ჩამოყალიბდა. თავიდან იყო ტრიო და ჯეიმს ბრაუნის ქავერები, შემდეგ - საკუთარი კომპოზიციები და დამსახურებული პოპულარობა. მალევე ჯგუფმა გაფართოებული შემადგენლობით ხელი მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ლეიბლთან Cooltempo. თანამშრომლობა ხანმოკლე გამოდგა. პირველი სინგლის (Got to Give) გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა Acid Jazz Records-ში გადაინაცვლა და ჩაწერა ალბომი The Brand New Heavies.
ორი წლის შემდეგ, ლეიბლის მოთხოვნით, ჯგუფმა ალბომი თავიდან ჩაწერა ახალი ვოკალისტის ენდი დევენპორტის თანხლებით. იმ დროს დევენპორტი, ახალგაზრდა შემსრულებელი, პირველ სოლო ალბომზე მუშაობდა, თუმცა, ლეიბლმა ის იძულებული გახადა, სოლო კარიერა გვერდზე გადაედო და ჯგუფს შეერთებოდა. ჯგუფის პროდიუსერი, ბასისტი ენდრიუ ლევი იხსენებს, როგორ ცივად მიიღეს ენდი ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ დევენპორტის სახით ჯგუფის წარმატების საგზური შეიძინეს.
ხელახლა გამოცემული ალბომის პოპულარობა ოკეანის ორივე ნაპირს გადასწვდა. ერთ-ერთი სინგლის ვიდეო MTV-ის საეთერო ბადეშიც კი მოხვდა. ასევე წარმატებული გამოდგა დევენპორტთან ჩაწერილი შემდეგი ალბომი Brother Sister. შუალედში იყო თამამი ჰიპ-ჰოპ ექსპერიმენტი Heavy Rhyme Experience, Vol.1. ბრენდ ნიუ ჰევისის ბრიტანული ეისიდ ჯაზი და ამერიკელი ჰიპ-ჰოპერების რითმები დღემდე რჩება ჯაზ ჰოპის შემსრულებელთათვის ქრესტომათიულ ნიმუშად.
ალბომი Brother Sister ჯგუფსა და დევენპორტს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა. ენდი სოლო კარიერას დაუბრუნდა, ჯგუფმა რამდენიმე ვოკალისტი გამოიცვალა, თუმცა, არც ენდის და არც ბრენდ ნიუ ჰევისის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა.
2006 წელს ისინი კვლავ გაერთიანდნენ და ჩაწერეს Get Used to It, ჯერჯერობით, უკანასკნელი სტუდიური ალბომი. წელს ჯგუფი ერთბაშად ორი ალბომის გამოშვებას აპირებს. პირველი Heavy Rhyme Experience, Vol.2 იქნება, მეორე ალბომით კი უერთგულებენ კლასიკური ეისიდ ჯაზის ტრადიციებს, რომელმაც ჯგუფს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს.

როი ჰარგროუ / RH Factor
ჰარგროუ მამამ და სკოლის დირექტორმა აზიარეს მუსიკას. მამა პირველი მასწავლებელი იყო. მომავალი ლეგენდა ხუთი წლის ასაკში უკვე გრძნობდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. სკოლის დირექტორი - ყოფილი დრამერი - ყველანაირად ცდილობდა, მოსწავლეებში მუსიკისადმი სიყვარული გაეღვიძებინა. სწორედ სკოლის ბენდში დაუკრა ჰარგროუმ პირველი იმპროვიზებული სოლო. შემდეგ დირექტორი ჰარგროუს კაბინეტში იბარებდა და პიანინოზე მარტივი ბლუზ-რითმების დაკვრას ასწავლიდა. მუსიკის სირთულე ან დაკვრის ტექნიკა მთავარი სულაც არ იყო. დირექტორი ჩემგან შესრულების ემოციურ მანერას ითხოვდა, - ამბობს როი.
სკოლაში სწავლის წლები მიილია და ჰარგროუმ ბოსტონს, ბერკლის მუსიკალურ სკოლას მიაშურა, თუმცა დროის უდიდეს ნაწილს უთმობდა ნიუ იორკის სხვადასხვა კლუბში გამართულ ჯაზსესიებს.
მორიგი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჰარგროუმ მესაყვირე კლიფორდ ბრაუნისგან მიიღო. კლიფორდთან როიმ აღმოაჩინა, რომ საყვირიდან თბილი მელოდიების გამოდნობაც შეიძლება. ეს უნიკალური უნარი მუსიკოსის მრავალფეროვანი არსენალის განუყოფელ ნაწილად იქცა.
დღეს როი ჰარგროუს შემოქმედება მთელი ბიბლიოთეკაა დამწყები მუსიკოსებისთვის. თავად მუსიკოსმა იგივე სიტყვები ანტონიო ჰარტის მისამართით თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჰარგროუს ხშირად ეკითხებიან ფორმალური მუსიკალური განათლების აუცილებლობის შესახებ. მუსიკოსი პირდაპირ პასუხს ყოველთვის თავს არიდებს, თუმცა „განათლებულ” კოლეგებს ურჩევს, არ შეიზღუდონ დაკვრის ერთი მანერით, რასაც დაჟინებით უქადაგებენ მუსიკალურ სკოლებში.
ჰარგროუ ბოლო დროს ჰიპ-ჰოპით დაინტერესდა. მესაყვირემ ერთგვარ „ოლ სტარ” შემადგენლობას მოუყარა თავი და შექმნა ჯგუფი RH Factor, რომელიც წელს ბათუმის ჯაზფესტივალს დაამშვენებს.




 

კომენტარები