ძველი სახლი

აღმაშენებლის 147 ნომერთან დაახლოებით ერთი თვის წინ თუ გაივლიდით, ვერც იფიქრებდით, რომ გაბარდღული ბუჩქების უკან თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლი დგას. სახლი მხოლოდ ეზოს გასუფთავების შემდეგ გამოჩნდა. ახლა ამ ადგილას თითქმის ყველა მანქანა სვლას ანელებს, ფეხით მოსიარულეები კი ჩერდებიან და მენავთობე გუკასოვის ყოფილი საცხოვრებლის ცქერით ტკბებიან.
სახლის პირველი პატრონი იყო ბაქოელი მენავთობე, ეროვნებით სომეხი გუკასოვი, რომელსაც ბაქოდან ნავთობი ჩამოჰქონდა და საქართველოში ან, ფოთის პორტის გავლით, სხვადასხვა ქვეყანაში ყიდდა. სახლის პროექტის ავტორი რუსეთის იმპერიაში ცნობილი გერმანელი არქიტექტორი შტერნია. სახლის მშენებლობა შტერნმა და გუკასოვმა 1890 წელს დაასრულეს. მაშინ მეზობლად გერმანელი ადოლფ ფრიდრიხის ძე მადერა და სომეხი დიდვაჭარი დენისოვი ცხოვრობდნენ. რევოლუციის შემდეგ ყველა ხსენებულ პიროვნებას სახლები ჩამოართვეს. ოციანი წლებიდან კი მათ საცხოვრებლებში უამრავი ოჯახი შესახლდა. სახლები გადაკეთდა, გადაიტიხრა, რაღაცა მოენგრა, დაემატა... ერთ-ერთის ადგილას თბილისის დინამოს პირველი სტადიონი ააშენეს, რომელიც შემდეგ ასევე დაანგრიეს. დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად უცვლელი სახე მხოლოდ გუკასოვის სახლმა შეინარჩუნა.
ალაყაფი თითქმის ისეთივეა, როგორიც მე-19 საუკუნის ბოლოს იყო. ორ სვეტზე ჩამოკიდებულ კარს ბრინჯაოს ლომები იცავენ. შესასვლელში, ორივე მხარეს, ერთსართულიანი ფლიგელები დგას, რომლებსაც პირველი მეპატრონის დროს, სავარაუდოდ, საკუჭნაოდ და სხვა ტექნიკური დანიშნულებით იყენებდნენ. სადარბაზოს კარის ზემოთ რიკულებიანი აივანია. მზიან ამინდში აივანზე სამი შავი კატა ნებივრობს. ოდესღაც პირველი სართულიდან მეორეზე კიბეც ადიოდა.
როგორც წესი, პირველ სართულზე პერსონალი, მეორეზე კი ბატონი ცხოვრობდა. აივნის მოაჯირი და ლითონის დეკორატიული ფირფიტები დღესაც უცვლელადაა შემორჩენილი. თუმცა დღეს აქ ათი ოჯახი ცხოვრობს და სახლიც თავის ნებაზე აქვთ გაყოფილი. ოდესღაც უზარმაზარი სასტუმრო ოთახი ათასგანაა გადატიხრული, სახლის უკანა მხარეს ხის კიბე და გაურკვეველი ფორმის ფლიგელები აქვს მიდგმული; იმ აივანზე, სადაც ნაძვების ჩრდილს შეფარებული სახლის პატრონი სტუმრებთან ერთად ჩაის მიირთმევდა, ახლა მონგრეული შუშაბანდი აფუჭებს ხედს. თოკებზე ჭრელაჭრულა სარეცხი ფრიალებს. როგორც სახლის გენერალურ გეგმაზეა ნაჩვენები, უკანა ეზო ძალიან დიდი იყო და უამრავი მარადმწვანე ხე ხარობდა. ახლა აქ მსგავსს ვერაფერს ნახავთ. ეზო-პარკი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გაუყვიათ და მეორე ნაწილში სხვა სახლის აშენებაც მოუსწრიათ. სახლის წინა ეზოს ოდესღაც ინგლისური ბაღი და შადრევანი ამშვენებდა. მართალია, შადრევანი ახლაც არის, თუმცა, ბაღის ადგილას მცირე გაზონი და ქვაფენილია. რესტავრაციას 22 მარადმწვანე ხე შეეწირა. სამაგიეროდ აღდგა კომუნისტების მიერ დანგრეული მეორე ფლიგელი, სახლს კი თეთრი ჟალუზები შეემატა. ეს ჟალუზები ფასადის სტილიდან სრულიად ამოვარდნილია. სახლი შიგნიდან არაა აღდგენილი. რესტავრაცია მხოლოდ ფასადს ჩაუტარდა. აქ მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა უნდა. მიზეზი სივიწროვე და საცხოვრებლის არაკომფორტულობაა...
არავინ იცის, რა ბედი ეწევა სახლს გაყიდვის შემდეგ...
p.s. გუკასოვი თავისი სახლით ამაყობდა და ყოველდღიურად უამრავ სტუმარსაც იღებდა. სტუმრები აივანზე ჩაის მიირთმევდნენ, ბაღში სეირნობდნენ, მერე მუშტაიდშიც გაივლიდნენ... უკლებლივ ყველა აღნიშნავდა, რომ მეორე ასეთი ლამაზი სახლი თბილისში არ იდგა. გუკასოვი ძალიან ბედნიერი იყო...



 

კომენტარები