როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი

როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი? ამ თემაზე უამრავი სტატია დაწერილა. უდავოდ, ძირითადი პრინციპები ერთნაირია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ტექნიკურ დეტალებს აქცევენ ყურადღებას. ჩვენ კი ვისაუბრებთ ველოსიპედის შერჩევისას მყიდველთა მიერ დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე.
მაშ ასე, გადაწყვიტეთ იყიდოთ ველოსიპედი.
პირველ ყოვლისა, განსაზღვრეთ, რა მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ იგი. მწარმოებლები მოდელებს კლასებად ყოფენ, რათა მომხმარებელს გაუადვილდეს მოდელის მისადაგება თავის მოთხოვნებსა თუ შესაძლებლობებთან.
შეცდომაა ველოსიპედზე დასახარჯი თანხის წინასწარ განსაზღვრა. ასეთი მიდგომა ვიწრო ჩარჩოში მოგაქცევთ.
რა თქმა უნდა, ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ მეტი, თუ ვერ ვიგრძნობთ განსხვავებას? ან გადავიხადოთ ნაკლები და ამ „ნაკლებისთვის” საბოლოო ჯამში მეტი დავხარჯოთ? დავიწყოთ პირველი კითხვით.

ვიყიდოთ თუ არა
ძვირფასი ველოსიპედი?
ჯერ უნდა დაფიქრდე, შეძლებ თუ არა შეაფასო ყველა უპირატესობა, რაც ძვირფას ველოსიპედს აქვს იაფფასიანთან შედარებით. რა თქმა უნდა, რაც უფრო ძვირია ველოსიპედი, მით უფრო ძვირად ღირებული კომპონენტები აქვს. ველოინდუსტრიაში დეტალების უმრავლესობა საგანგებოდ არის გათვლილი ექსტრემალური პირობებისთვის. თუ თქვენ ყოველდღე მაინცდამაინც კუს ტბის აღმართის ავლას, ხრიოკი გორიდან დაშვებას ან ჰაერში პირუეტების გაკეთებას არ აპირებთ, მაშინ ძვირფასი ველოსიპედის ყიდვა ფულის გადაყრაა. ჯობია, განსაზღვროთ უფრო ეკონომიური პაკეტი, ხოლო დაზოგილი თანხა მოახმაროთ აქსესუარებს და ტანსაცმელს (ჩაფხუტი, მაისური, სათვალე, ფეხსაცმელი და სხვა).

ვიყიდოთ თუ არა
იაფფასიანი ველოსიპედი?
თუ თანხაში შეზღუდული ხართ, დიდი შანსია, რომ შეცდეთ და იყიდოთ იმ ველოსიპედის იმიტაცია, რომელიც გჭირდებათ. ასეთი ეკონომია აუცილებლად მიგიყვანთ დამატებით ხარჯებამდე, რადგან ნებისმიერ მახასიათებელს ან კომპონენტს თავისი ღირებულება აქვს. არსებობს ფასის ქვედა ზღვარი. მაგალითად, შეუძლებელია იყიდოთ ორამორტიზატორიანი და ორკომპონენტიანი ჩარჩოს მქონე ველოსიპედი 200 დოლარად. მალევე დაიღლებით რემონტით, იგრძნობთ, რომ თურმე ველოსიპედი მძიმეა, არ აქვს ხარისხიანი ნაწილები... ან, უარეს შემთხვევაში, დაინახავთ უკანა ბორბალს, რომელიც ეს-ესაა გადაგისწრებთ.
ველოსიპედის თითოეული ნაწილი მუშაობს თავისი ღირებულებით-ხარისხობრივი დონის მიხედვით. თუ ველოსიპედის ფასი დაბალია, ხოლო ფუნქციური პარამეტრები - მაღალი (მაგალითად, ამორტიზატორიანი წინა ჩანგალი, ჩარჩო უკანა ამორტიზატორით, დისკური სამუხრუჭე სისტემა და ალუმინის ჩარჩო), დიდი შანსია, რომ მექანიზმების უმეტესობამ საერთოდ არ იმუშაოს ან ყიდვისთანავე გამოვიდეს მწყობრიდან.
მოკლედ, შეგვიძლია დავასკვნათ – რისკავს ის, ვინც გათვლას აკეთებს ან ძალიან იაფ ან ძალიან ძვირ პროდუქტზე. თუ დაგეგმავთ საშუალო ფასის პროდუქტის შეძენას, ასე, 300-1000 დოლარის ფარგლებში, გექნებათ მრავალფეროვანი არჩევანი და თავს აარიდებთ უკიდურესობებს.
მეორე მცდარი აზრი – აუცილებელია ვინმე „ველოპროფესიონალი”, რომელიც გაყიდინებს ველოსიპედს.
გაითვალისწინე: უნებლიეთ, „პროფი” დაიწყებს ველოსიპედის შერჩევას არა შენთვის, არამედ თავისთვის. მაგალითად, გირჩევს ველოსიპედს რთული მარშრუტების ან დატვირთვებისთვის, რასაც თვითონაა მიჩვეული. თუ იგივეს აპირებ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ თუ მხოლოდ დილაობით პარკში სეირნობა გინდა, მისი რჩევები არ გამოგადგება. ჯობია ისევ გამყიდველს ენდო.

ველოსიპედის ღირებულება
შოსეს ანუ ქალაქის კარგი ველოსიპედის შეძენა შესაძლებელია 400 დოლარის ფარგლებში. რაც შეეხება სამთო ველოსიპედებს, რომლებიც უფრო უნივერსალურად ითვლება, აქ უფრო ფართო არჩევანია. ნორმალური სამთო ველოსიპედის ყიდვა შეიძლება 300 დოლარად, მისაღები კომპლექტაციით და ხარისხიანი კომპონენტებით. მაგალითად, ამერიკული ბრენდი Jamis-ის ველოსიპედის ფასები იწყება 470 ლარიდან. კომპლექტაცია მთლიანად Sram და Shimano. არის უფრო ძვირად ღირებული სეგმენტიც - ველოსიპედები 8 000 ან 10 000 დოლარის სანაცვლოდ.

როგორ შევარჩიოთ არცთუ
ისე ძვირი ველოსიპედი?
არსებობს ველოსიპედის შერჩევის რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი:
• რაც უფრო ნაკლებია პლასტმასა, მით უკეთესი;
• არ იყიდო ველოსიპედი, რომლის ძირითად კომპონენტებზე (სიჩქარეების გადამრთველები, წინა ჩანგალი, „შატუნები” ანუ ბარბაცა მექანიზმები, სამუხრუჭე სისტემები) არ არის მითითებული მწარმოებელი კომპანია, როგორიცაა, მაგალითად, Shimano ან Sram.
• ძალიან მნიშვნელოვანია Shimano-ს ნაწილების კატეგორიებიც. გადამრთველები, სულ მცირე, უნდა იყოს Shimano-ს ALTUS ან ACERA. რაც უფრო მაღალ კატეგორიაში გადავალთ, მით უკეთესი. კერძოდ, DEORE, DEORE XT , DEORE SAINT.
• ბარბაცა მექანიზმები უნდა იყოს ალუმინის;
• სკამი უნდა იყოს ვიწრო;
• უმჯობესია, შეარჩიო შენთვის უცნობი ფირმის, მაგრამ კარგი ნაწილებით დაკომპლექტებული ველოსიპედი, ვიდრე განთქმული ბრენდის - უვარგისი ნაწილებით, რაც არც ისე იშვიათია.
აუცილებლად მიაქციე ყურადღება წინა საამორტიზაციო ჩანგალს. იაფფასიანი ჩანგალი არასოდეს არ არის ხარისხიანი. სჯობს შეიძინო მყარჩანგლიანი (უამორტიზატორო) ველოსიპედი, ვიდრე გაურკვეველი მწარმოებლის მიერ გამოშვებული ამორტიზატორიანი ჩანგალი.
გასათვალისწინებელია წონაც. კარგი ველოსიპედი უნდა იყოს 10-13 კგ-ის ფარგლებში. ცუდი ველოსიპედი შეიძლება იყოს 20 კგ და მეტიც.
როგორც წესი, 200-დოლარიანი ველოსიპედი ინტენსიური ხმარებისას ერთ წელიწადს ძლებს. მეორე წელს სერიოზული დაზიანებები იჩენს თავს (ჯაჭვი, ბარბაცა მექანიზმები), ხოლო მესამე წელს მთლიანად დაიშლება.

ცხოვრებისეული რჩევები
ველოსიპედის გარდა, სასურველია იყიდო რამდენიმე სასარგებლო ნივთი - ტუმბო, მათარა, უნივერსალური ინსტრუმენტების ნაკრები, კამერები, ფარნები და, რა თქმა უნდა, ჩაფხუტი. გახსოვდეს, ჯანმრთელობა ყველანაირ ველოსიპედზე ძვირფასია.


 

კომენტარები