ბელგიური არჩევნები - დასასრულის დასაწყისი?

13 ივნისის არჩევნები ბელგიაში გასაკვირი შედეგით არ დასრულებულა. გაიმარჯვა ახალმა ფლამანდიურ კავშირმა. 150 ადგილიდან 27 სწორედ ამ სეპარატისტულ პარტიას ერგო, რაც მას ყველაზე დიდ პარტიად აქცევს ბელგიაში. მეორე ადგილზეა სოციალისტური პარტია ფრანგულენოვანი ვალონიიდან - 26 ადგილით. ბრიუსელში გამარჯვება რეფორმის პარტიას დარჩა. ჰოლანდიურენოვან და ფრანგულენოვან თემებს თავიანთი პარტიები ჰყავთ და სწორედ მათ მოუწევთ მოლაპარაკება კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ.
მეფე ალბერტ მეორემ მიიღო ოფიციალური განცხადება ამჟამინდელი პრემიერის ივ ლეტერმისა და მთავრობის გადადგომის შესახებ. თუმცა, შემდეგი პრემიერმინისტრის დამტკიცებამდე ივ ლეტერმი გააგრძელებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას. ბელგიის მეფე შეხვდა არჩევნებში გამარჯვებული ახალი ფლამანდიური კავშირის ლიდერ ბარტ დე ვევერსა და სოციალისტური პარტიის ლიდერ ელიო დი რუპოს. პარტიის ლიდერები მეფესთან შესაძლო კოალიციების შესახებ კონსულტაციას გადიან.
2007 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბებას 282 დღე დასჭირდა. ევროპის ქვეყნები ხშირად განიცდიან ამ პრობლემას, თუმცა ბელგია მაინც განსაკუთრებით რთული შემთხვევაა. მაშინ, როცა არსებობდა ქრისტიანულ პარტიებსა (40 ადგილით) და ლიბერალურ პარტიებს (41 ადგილით) შორის კოალიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, შეთანხმება ვერ შედგა და მეფე ალბერტი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით გამოვიდა. წლევანდელ არჩევნებში, ისევე როგორც წარსულში, სამთავრობო კოალიციის შექმნა-არშექმნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არიან პარტიები მზად კომპრომისისთვის. სეპარატისტულ ფლამანდიურ კავშირთან მოლაპარაკება, ალბათ, გართულდება. მთავრობის ჩამოყალიბების გაჭიანურება კი უარყოფითად იმოქმედებს ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკაზე.
კოალიციაში, სავარაუდოდ, 8 პარტია მაინც იქნება, მათ შორის შეიძლება იყოს სოციალისტური პარტიაც. ეს პარტიები სხვადასხვა რეგიონიდან არიან, რაც მოლაპარაკებას კიდევ უფრო ართულებს. პრემიერმინისტრობის კანდიდატიც რამდენიმე არსებობს, მათ შორის არის ბარტ დე ვევერი. თუმცა, მისი განცხადებით, იგი უარს იტყვის პრემიერის პოსტზე, თუ მომავალი პრემიერი (ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დი რუპო) მზად არის დიდი რეფორმების განსახორციელებლად. წინასაარჩევნო პერიოდშიც ფლამანდიელი დე ვევერი ხშირად საუბრობდა „რეფორმებზე”. რეფორმებში იგი ფლანდრიის „ბუნებრივ და ევოლუციურ” დამოუკიდებლობას გულისხმობს. ბელგიას 1970 წლის შემდეგ არ ჰყოლია ფრანგულენოვანი პრემიერ-მინისტრი და თუ წელს პრემიერი ფრანგულენოვანი სოციალისტი დი რუპო გახდება, ის ჩრდილოელებისთვის მტრის ხატის ფუნქციას შეასრულებს. დი რუპო სწორედ იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფლამანდიელი საშუალო კლასის ანტაგონიზებას ახდენს და რომელთათვისაც სამხრეთის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა ჩრდილოელების ხარჯზე მთავარი გამოსავალია. სავარაუდოდ, ის არც დე ვევერის შემოთავაზებულ „რეფორმებს’’ გაატარებს. ეს კი ჩრდილოელებში სეპარატიზმის გრძნობას კიდევ უფრო გაზრდის.
სეპარატიზმის აჩრდილი ბელგიას გაჩენის დღიდან, 180 წელია თან სდევს. თვით ბელგია თავის არსებობას ლორდ პალმერსტონს უნდა უმადლოდეს, რომელსაც ჰოლანდიელებსა და ფრანგებს შორის საერთო ქვეყნის შექმნა სურდა. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დასახლებულია ჰოლანდიურენოვანი მოსახლეობით, სამხრეთი კი - ფრანგულენოვანით. ბრიუსელი უმთავრესად ფრანგულენოვანია და მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ფლანდრიაშია, 1963 წლის შეთანხმების მიხედვით, ცალკე საარჩევნო ოლქს წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა სასაუბრო ენით არ შემოიფარგლება.
ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ბელგიის სამხრეთმა განვითარებით გაუსწრო ჩრდილოეთს და სამხრეთელების მიერ ჩრდილოელების, როგორც კულტურულად ჩამორჩენილების მოპყრობამ, ფლამანდიელებში ნაციონალიზმის გრძნობა გააჩინა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთი ნაწილი ეკონომიკურად დაწინაურდა, ახლა ის ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე სამხრეთი; უფრო კონსერვატიულია და თავისუფალი ვაჭრობის მომხრე, სამხრეთში კი სოციალისტური მიდრეკილებები ჭარბობს, რასაც თან ახლავს კორუფცია. ამის გამო სამხრეთი თანხის ძირითად ნაწილს ჩრდილოელი გადამხდელებისაგან იღებს. ეს ფაქტი კარგა ხანია უკმაყოფილებას იწვევს ჰოლანდიურენოვან მოსახლეობაში. ფლანდრია დამოუკიდებლობას მოითხოვს. თუმცა, ქვეყანა ერთიანი არც აქამდე ყოფილა. ყოველ დარგში რეგიონებს ცალკე მინისტრები ჰყავთ. მწვანეთა პარტიასაც კი, რომლისთვისაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბუნება ერთნაირად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ორი ფრაქცია აქვს - ერთი ჩრდილოეთში, მეორე სამხრეთში. ჩრდილოელები სამხრეთელებს სიზარმაცეში ადანაშაულებენ, სამხრეთელები ჩრდილოელებს - არასახელმწიფოებრიობაში. აღსანიშნავია, რომ ვალონია, ბელგიის სამხრეთი ნაწილი, დამოუკიდებლობისაკენ უფრო ნაკლებად ისწრაფის.
სეპარატიზმის გამძაფრება გასაკვირი არ არის. ეკონომიკური კრიზისის პირობებში მდიდარ ჩრდილოეთს აღარ სურს სამხრეთის რჩენა. ქვეყნის სოციალისტური პოლიტიკის გამო ჩრდილოეთი ვეღარ ახერხებს მაღალი ტემპით განვითარებას. წარსულში მსგავსი კრიზისების „გადაწყვეტა” ხარჯვითი პოლიტიკის გაზრდით ხდებოდა. სახელმწიფო ყველა ჯგუფის დაკმაყოფილებას სწორედ სოციალისტური პოლიტიკით ცდილობდა. ხარჯვითმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, 2010 წელს ვალმა უკვე მშპ-ს გადააჭარბა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქვეყნის ძირეული პრობლემები კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. თუ წარსულში სახელმწიფო აპარატი საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა - რომელიმე ჯგუფის უკმაყოფილების შიშით, წელს ამომრჩეველმა წარსულის გამოცდილება გაითვალისწინა და გადაწყვიტა ხმა უფრო რადიკალური პარტიებისთვის მიეცა. ქვეყნის ფედერაციულმა მოწყობამ და სოციალისტურმა პოლიტიკამ ბელგია დაშლამდე მიიყვანა.
მიუხედავად დამოუკიდებლობის დიდი სურვილისა, ფლამანდიელი ნაციონალისტები იაზრებენ რომ ზოგიერთი პოლიტიკური ასპექტი, როგორიცაა თავდაცვა ან სასამართლო სტრუქტურების სრული დამოუკიდებლობა, ჯერ ვერ მოხდება. შესაბამისად, ფლამანდიელები მზად არიან, სამხრეთელებთან საერთო ინსტიტუტები . ახალი ფლამანდიური კავშირის ლიდერი, ახალგაზრდა პოპულისტი, მზად არის კომპრომისზე წასასვლელად და პირდაპირ დამოუკიდებლობას არ ითხოვს. მისი ვარიანტია, შეიქმნას ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შემდგარი კონფედერაცია. ბელგიის სამეფო და მეფე განაგრძობენ არსებობას.
ბელგიას უკვე დიდი ხანია სურს, იყოს მაგალითი ევროკავშირისათვის. ის ასახავს კიდეც ევროკავშირს: არსებობს მდიდარი ნაწილი (ბელგიაში - ჩრდილოეთი, ევროკავშირში - დასავლეთ ევროპა), რომლის ხარჯზეც დანარჩენებს (ბელგიაში - სამხრეთს, ევროკავშირში - აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას) სურთ თავის გატანა. როგორც ევროკავშირს არ უწერია ახლო მომავალში ფედერალისტურ სუპერსახელმწიფოდ ქცევა, ისე ბელგიის ერთიანობასაც საფრთხე ემუქრება. ვოლ სტრიტ ჯურნალი ბელგიას უბედურ ქორწინებას ადარებს. ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და უცაბედად დაქორწინდნენ, ახლა კი მათი გრძნობები გაცივდა, თუმცა საერთო ბავშვის (ბრიუსელი) გამო დაშორება უჭირთ.
ბელგიის ვალი ბევრად არ ჩამოუვარდება საბერძნეთისას. 2009 წლის მონაცემებით, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 96% იყო, წელს კი 100%-ს მიაღწია. ვალის სიდიდით ბელგია საბერძნეთს მხოლოდ 2 ადგილით ჩამორჩება. იმედია, ბელგიელი პოლიტიკოსები ქვეყნის სოციალისტური პოლიტიკის შეზღუდვაზე კონცენტრირდებიან და არა სახელმწიფოს დაშლაზე. ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ჩრდილოეთისათვის თავისუფლად განვითარების საშუალების მიცემა ქვეყანას დაშლისგან დაიცავს. სოციალისტური პოლიტიკის გაგრძელება ბრიუსელს კიდევ უფრო დაასუსტებს (ბელგიას კი, ალბათ, საბოლოოდ დაშლის). ბელგია თვის ბოლოს ევროკავშირის პრეზიდენტობას გადაიბარებს, შიდა პრობლემებით დასუსტებული ბრუსელი კი კიდევ უფრო სუსტ ევროკავშირს გვპირდება.



 

კომენტარები