ოჯახი

ლეგალური სექსი

ცდა ძვირად ფასობს - წერდა სოციოლოგი ლაშა კიკალეიშვილი 1986 წელს გაზეთ „დვრიტაში”. ნაადრევ ქორწინებაზე, ნაადრევ ტვირთზე და დაშლილ ოჯახებზე იყო საუბარი. იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ 16 წლის ახალგაზრდები ერთმანეთს, რატომ ქორწინდებოდნენ ასე ადრე, რას ეძებდნენ.
ეძებდნენ იმას, რასაც დღეს. პარადოქსია, მაგრამ 26 წლის წინ დაწერილი წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, შორეულ 80-იანებში. მასში აღწერილი პრობლემები თუ დასმული კითხვები, სამწუხაროდ, დღესაც იგივე სიმწვავით იგრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.
ამაოდ ვცილობდით მოგვეპოვებინა ოფიციალური სტატისტიკა, რაც 26 წლის წინანდელ მონაცემებთან შესადარებლად გამოგვადგებოდა, რაც დაგვეხმარებოდა იმის გაგებაში, თუ რამდენად განვსხვავდებით ათწლეულების წინანდელი საზოგადოებისგან.

პირველი
მაშინ, დაახლოებით 100 წლის წინ, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა, იმის მიზეზი, რომ მაშინდელი მოზარდი მეტ-ნაკლებად მზად იყო ასეთი ნაბიჯისთვის, განპირობებული იყო იმ დროის სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, დროით, როდესაც ცხოვრება გაცილებით მწირ გამოწვევებს სთავაზობდა ახალგაზრდას, ის ფიზიოლოგიურად და სოციალურად მზად იყო ქორწინებისთვის. მაგრამ ეს იყო მაშინ.
დღეს ყველა სოციოლოგი აღიარებს, რომ ეს თანხვედრა გარეშე ფაქტორების ჩარევით შეიცვალა. სოციალური მომწიფება გაცილებით ჩამორჩა ფიზიოლოგიურს, რასაც ემატება მოზარდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქოლოგია. სულიერ ღირებულებათა ერთიანობა, რაც, ჩვეულებრივად, ქორწინებისთვის აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს, მოზარდისთვის ერთობ ბუნდოვანი ცნებაა. „ეს არ არის გასაკვირი, რადგან 16 წლისამ არ შეიძლება ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რას მიაღწევს იგი ცხოვრებაში 30 წლის ასაკში, როგორ შეიცვლება მისი პიროვნების მოდელი, შეძლებენ თუ არა ის და მისი რჩეული ინტერესთა და მოთხოვნილებათა სწრაფ და ცვალებად მდინარეში ცურვას. მისთვის ხომ ხშირ შემთხვევაში ბევრი რამ იდეალურიცაა. თუნდაც, ეს ახალი გარემო - ცოლქმრობა ხვალინდელი დღის სასიამოვნო იდუმალებით არის მოცული. სწორედ აქ იჩენს ხოლმე თავს არასწორი სქესობრივი აღზრდის შედეგი და ძნელი ხდება, ერთმანეთს დაუკავშირო პაემანზე წასასვლელად მორთვა და ის, რასაც ოჯახი ჰქვია. მოზარდისთვის საქორწინო მილოცვები ხშირ შემთხვევაში რაღაც მუდმივ, უსასრულო განცდად აღიქმება. ყოველდღე ივლიან მეგობრები, იქნება მილოცვები... მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თაფლობის თვესთან ერთად თავდება და იწყება ცოლქმრობა, ოჯახი. ეს კი, პირველ რიგში, არის ინტერესების, სურვილების, შრომის ყოველდღიურობის გადანაწილება,” - წერდა ლაშა კიკალეიშვილი.
აი, აქ ჩვენი საზოგადოების კიდევ პრობლემა გამოჩნდა - სქესობრივი აღზრდა. ის, რაც, სამწუხაროდ, „ჩვენში” სექსუალურ აღზრდად აღიქმება და რაც, საბჭოთა პერიოდის 80-იანების მსგავსად, დღესაც ტაბუირებულია.
„პირველ რიგში, ნაადრევი ქორწინება ეს არის ლეგალური სექსი. მაშინ, როდესაც წყვილთა თავისუფალი თანაცხოვრების ტრადიცია არ არსებობს, შეყვარებული წყვილისთვის ეს ურთიერთობის „გაპრავების” ერთადერთი ლოგიკური გამოსავალია,” - ამბობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. სწორედ ეს მიზეზი ალბათ ყველაზე ზუსტად ხსნის დღევანდელ საქართველოში არსებული ნაადრევი ქორწინებების პოპულარობას.
მაგრამ ამ „გაპრავების” დროს ყველას გვავიწყდება, რომ სექსუალური პარტნიორობა (ის, რასაც ფიზიოლოგიურ მომწიფებას ვეძახით) და ოჯახის მამობა (სოციალური მზაობა) ორი სხვადასხვა რამაა. უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმე და გრძელვადიანი სტატუსი ყოფილა. სწორედ ამ დროს იწყება მეორე ნახევრის შესაძლებლობების გადაფასება, ხშირად - იმედგაცრუება. განქორწინება. არაერთმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ განქორწინებულთა მხოლოდ მესამედი ქორწინდება ხელმეორედ.

მეორე
და მთავარი. სოციოლოგები ამაზე უკვე შეთანხმდნენ - საქართველოში ბავშვობა ყველაზე დიდხანს გრძელდება. ეს კი ნაადრევი ქორწინების კიდევ ერთი მიზეზია. მშობლების კალთას ამოფარებული ახალგაზრდები ქორწინებით ცდილობენ თავი გაითავისუფლონ. ჩვენს საზოგადოებაში, სადაც დედ-მამის კონტროლი დიდხანს მიჰყვება ახალგაზრდას და ეს აბსოლუტურად ჩვეული რამაა, გათხოვება-ცოლის მოყვანა მშობლის თვალში ერთგვარი სტატუსის მოპოვებას ნიშნავს. ესე იგი, მე უკვე დიდი ვარ!
სექსოლოგ პაატა სოფრომაძის თქმით, არსებობს ურთიერთობის ორი ფორმა - ვერტიკალური და ჰორიზონტალური. მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის ვერტიკალური, ხოლო როცა შვილი მიაღწევს სოციალურ მომწიფებას, ეს ურთიერთობა უნდა გადავიდეს ჰორიზონტალურში. მაგრამ ეს საქართველოში არასდროს არ ხდება. – „აბა რა ქნას, ჯერ ვერ ნახა შესაფერისი სამუშაო და...” - ასეთ რამეს ხშირად გაიგებთ. ზრდასრული შვილის ჯიბეზე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ზრუნვის გაგრძელება დედ-მამას უსასრულოდ შეუძლია. ახლად დაოჯახებულებს, თავისი ნუკლეალური (მცირე) ოჯახი „დიდი” ოჯახის ხარჯზე ჰყავთ. სხვა გზა არც აქვთ - მათი უმეტესობა ხომ სოციალურად მოუმწიფებელია. – „და რას ვიღებთ ამ დროს? - აგრძელებს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია, - რეალურად მან მოიპოვა სტატუსი მშობლის თვალში, მაგრამ ადრეულ ასაკში ქორწინება მშობელს აძლევს საშუალებას, კონტროლის ერთი ფორმა მეორით შეცვალოს და უფრო გააძლიეროს გავლენა. ასე რომ, ამ შემთხვევაში მოზარდს ერთდროულად უწევს შვილის, ქმრისა და მშობლის როლის შესრულება.”
გამოდის, რომ საკუთარი თავის ძიებაში, სრულიად ბუნებრივი სექსუალური ურთიერთობების გასაცნობად, დამოუკიდებლობისა და მშობლისგან „აღიარების” მოპოვების მიზნით ახალგაზრდა (რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენივე წყალობით „აგვიანდება” სოციალური მოწიფულობა) იძულებულია გადადგას ეს ნაბიჯი. ჩვენ კი ამას მის შეცდომას ვარქმევთ.
„ნაადრევი სექსუალური კავშირები სოციალურ-ეკონომიკური სახის მოვლენაა და არა გარყვნილების.
ამ ბოლო დროს ოჯახის მკვლევარები სულ უფრო ხშირად უწოდებენ ნაადრევ ქორწინებას „საცდელ ქორწინებას”.
სამწუხაროდ, ცდა ძვირად ფასობს”. - ლაშა კიკალეიშვილი. ამონარიდი 1986 წლის სტატიიდან „ცდა ძვირად ფასობს”.

 

კომენტარები