პირველი ქართული კომპიუტერული თამაში

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიოში, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ჩვენი მრავალწლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა არ არის ადვილი, თუმცა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შსს-ს დაკვეთით პირველ ქართულ კომპიუტერულ თამაშზე იწყებოდა მუშაობა.
3D თამაშის სადემონსტრაციო ვარიანტი, რომლის შექმნაზე 14 დიზაინერი, სამი პროგრამისტი და ორი გეიმდიზაინერი მუშაობს, შემოდგომაზე გამოჩნდება, წლის ბოლოს კი თამაშის სრული ვერსია გამოვა. როგორც პროექტის მენეჯერმა კარლო მათითაშვილმა უთხრა ტაბულას, პირველი ქართული კომპიუტერული თამაში უფასოდ გავრცელდება!
მაშ ასე, როგორი იქნება პირველი ქართული კომპიუტერული თამაში და რა წინაღობების გადალახვა მოუწევს მოთამაშეს:
თამაში სათავგადასავლო ჟანრისაა. მოგიწევთ ქართველი პოლიციის რეკრუტის როლის შესრულება და, შესაბამისად, მისი კარიერული გზის გავლაც. რა თქმა უნდა, გარემოც ქართულია. ასე რომ, სხვადასხვა მისიის შესრულებისას ხან თბილისში აღმოჩნდებით და ხან - საქართველოს სხვა რეგიონებში. მისიების ხასიათით და გრაფიკის ელემენტებით შეიძლება გაგახსენდეთ ცნობილი ინტერაქტიული თამაში Heavy Rain, თუმცა, აქ სისხლი და ძალადობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ასე რომ, ყველაფერი ზედმეტი ხოცვა-ჟლეტის, მტვრევისა და განადგურებს გარეშე ჩაივლის, წესრიგისა და კანონის დამცველი იქნებით, თუმცა... სიმართლე უნდა ითქვას, აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენი გმირი არც ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს.
ძირითადი ენა და გახმოვანება ქართული იქნება, თუმცა, იგეგმება მისი ინგლისური ვერსიის შექმნაც. თამაში ოპტიმიზებულია საშუალო სიმძლავრის კომპიუტერებზე. ასე რომ, ქართველი პოლიციელის როლში ყოფნა შეეძლებათ არა მხოლოდ მაღალი კლასის მოთამაშეებს.
კომპიუტერული თამაშის წარმოება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუ გადავხედავთ პირველი კლასის თამაშებს, მათი ბიუჯეტები 20 მილიონი ევროდან იწყება და კოლოსალურ თანხებს აღწევს. სხვათა შორის, ამ მხრივ რეკორდი მოხსნა კომპანია ბლიზარდმა, რომელსაც ცნობილი თამაში World of Warcraft 200 მილიონი დაუჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენი თამაშის შემქმნელებს პრეტენზია არ ჰქონიათ, მსგავს თანხებს მიახლოებოდნენ, თუმცა, როგორც მათითაშვილი ამბობს, „თამაშის ბიუჯეტი სავსებით ადეკვატურია”.
რომ არაფერი ვთქვათ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაზე, საქართველო უკრაინასა და ბელორუსსაც ბევრად ჩამორჩება თამაშების წარმოების მხრივ. მაშინ როდესაც კიეველი დეველოპერების მიერ შექმნილი „სტალკერი” მსოფლიოს საუკეთესო თამაშების რიცხვშია შესული, ქართველ მწარმოებლებს მხოლოდ სტუდია ვერტექსის მიერ შექმნილი რამდენიმე პრიმიტიული თამაშით შეუძლიათ „იამაყონ”. გარდა ტრადიციული პრობლემისა, რომელსაც ქმნის უფულობა, ამ სფეროს განვითარებას ისიც უშლის ხელს, რომ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტი საქართველოში ძალიან ცოტაა. ის ერთეულები კი, რომლებიც ფლობენ ამ ცოდნას, ტრივიალურ სამუშაოს არჩევენ. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ასეთი ხალხის ერთად შეკრება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა. მათითაშვილის თქმით, პროექტი წარმატებულად ჩაითვლება, თუ გამოჩნდებიან ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც დააფინანსებენ სხვა თამაშს და გამოიყენებენ ამ ხალხს.
P.S. მთავრობის მიერ თამაშის წარმოების შემთხვევები მსოფლიოში არც ისე ხშირია. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დაკვეთით შექმნილი სამხედრო თამაში America’s Army.


 

 

კომენტარები