თურქეთის ახალი საგარეო სტრატეგია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ
„თავისუფლების ფლოტილიასთან” დაკავშირებული ინციდენტი ისრაელსა და თურქეთს შორის არის თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილების მხოლოდ ერთი სიმპტომი. ბევრი დღესაც უწოდებს თურქეთს „ისრაელის მოკავშირეს”. კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს თურქეთს, როგორც უპირველეს ყოვლისა ნატოს წევრ სახელმწიფოს და ატლანტიკური პოლიტიკური სივრცის ნაწილს. ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინათ ეს ყველაფერი ზუსტი შეფასებები იყო. დღეს უკვე აღარ.
1946 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კლემენტ ეტლიმ თქვა, რომ „ბრიტანეთი უნდა განვიხილოთ ამერიკის კონტინენტზე განლაგებული სტრატეგიული ცენტრის აღმოსავლურ შტოდ და არა აღმოსავლეთის მიმართულებით ორიენტირებულ ძალად”. ეს სიტყვები ნიშნავდა ბრიტანეთის, როგორც დამოუკიდებელი გეოსტრატეგიული ძალის, „კარიერის” დასრულებას. მოცემულ პერიოდში თურქეთმა გააკეთა ზუსტად საპირისპირო არჩევანი. მან უარი თქვა ატლანტიკური გეოპოლიტიკური ცენტრის აღმოსავლური პლაცდარმის როლზე და აირჩია ცალკე, დამოუკიდებლად მოქმედი ძალის სტატუსი.
თურქეთის ამ არჩევანის აკადემიური დასაბუთება ეკუთვნის აჰმეტ დავითოღლუს, რომელიც 2009 წლის 2 მაისს გახდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საინტერესოა, რომ თავისი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში დავითოღლუ იყო არა დიპლომატი, არამედ აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. მას ეკუთვნის რამდენიმე წიგნი პოლიტიკური მეცნიერებისა და გეოპოლიტიკის თემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია 2001 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „სტრატეგიული სიღრმე” (Stratejik derinlik). აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომის გამოქვეყნებიდან მალევე, უკვე 2002 წელს, დავითოღლუ გახდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
დავითოღლუს სტრატეგიის მიხედვით, თურქეთი ვერ იქნება რომელიმე გეოპოლიტიკური სივრცის - მაგალითად, ნატოს ან ევროკავშირის - პერიფერიული ნაწილი. ამის მაგივრად თურქეთმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე, რომლის ცენტრიც თავად იქნება. დავითოღლუს მტკიცებით, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად აუცილებელია მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვება მეზობელ რეგიონებში - ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთსა და კავკასიაში. გარდა ამისა, მისი სტრატეგია ითვალისწინებს თურქეთის გავლენის გაზრდას ისლამურ სამყაროში, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
ამ მიზნების მისაღწევად დავითოღლუ და მთლიანად თურქეთის ხელისუფლება, რომელმაც მისი იდეები თურქეთის სახელმწიფო სტრატეგიის საფუძვლად მიიღო, საჭიროდ მიიჩნევენ თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონებში პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსების სისტემის შექმნას. ამ ალიანსთა სისტემამ უნდა გაზარდოს თურქეთის გავლენა, პრესტიჟი და უსაფრთხოება.
დღეს თურქეთი ცდილობს, ეს სტრატეგიული იდეები პრაქტიკაში გაატაროს. ისრაელთან დაპირისპირება ამისთვის აუცილებელი პირობაა. უკვე 30 წელია, რაც ირანი თანმიმდევრულად ზრდის საკუთარ გავლენას ახლო აღმოსავლეთში, ისრაელთან დაპირისპირების ხარჯზე. თურქეთის ქმედებები მიზნად ისახავს ისრაელის ოპონენტთა მხარდაჭერაზე ირანული მონოპოლიის დასრულებას. ცივი ომის დროს ისრაელთან მოკავშირეობა თურქეთისთვის მოგებიანი იყო. დღევანდელ ვითარებაში კი უკვე აღარ არის. ამიტომ თურქებმა მოახდინეს ამ სამოკავშირეო ურთიერთობის ლიკვიდაცია. ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და „თავისუფლების ფლოტილიის” ღაზაში გაგზავნა მისი ბოლო აკორდი გახდა.
პოპულისტური პოლიტიკური ნაბიჯების გარდა, თურქეთი აქტიურობს რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებითაც. 2010 წლის 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი, სირია, ლიბანი და იორდანია თავიანთი მოქალაქეებისთვის შექმნიან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო გადაადგილების ზონას. გარდა ამისა, ეს ოთხი სახელმწიფო ჩამოაყალიბებს თანამშრომლობის საბჭოს, გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიზნით. მეზობლებთან ერთად ამ ტიპის მუდმივმოქმედი საერთაშორისო მექანიზმების შექმნა თურქეთს ხელს უწყობს რეგიონული ლიდერის როლის მოპოვებაში.
თურქეთის აქტიური საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითი იყო აპრილში დავითოღლუს განცხადება, რომ თურქეთი ერთგულია ყარსის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, რომლის მიხედვითაც იგი ნახიჩევანის ავტონომიის უსაფრთხოების გარანტია. „ნახიჩევანის უსაფრთხოება და კეთილდღეობა არის ჩვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა”, - თქვა დავითოღლუმ. ერთი დღით ადრე კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ დანარჩენ აზერბაიჯანთან სახმელეთო კავშირის არმქონე ნახიჩევანს ემუქრება საფრთხე სომხეთის მხრიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხედრო თანამშრომლობა თურქეთს, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიას შორის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მისი უსაფრთხოებისთვის”.
ამ სტატიაში ნახსენები თუ მრავალი სხვა აქტიური ნაბიჯი, რომელსაც თურქეთი დგამს ბოლო პერიოდში, ქაოსურ ქმედებებს არ წარმოადგენს. ეს ნაბიჯები ერთიანი სტრატეგიული ხედვის რეალიზების ნაწილია. ამ ხედვის მიხედვით, თურქეთი არის დამოუკიდებელი ძალა, რომელიც მეზობელ რეგიონებში ხელს უწყობს მისი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას. თურქეთის ახალი სტრატეგიის განხორციელება ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს და მომავალში მისი მხრიდან უნდა ველოდოთ კიდევ ბევრ აქტიურ ნაბიჯს, მათ შორის, კავკასიაშიც.
ბუნებრივია, თურქეთის ახლებური ქცევა საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს. თურქეთის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან რეგიონულ ძალად ობიექტური რეალობაა.



 

კომენტარები