სამპრასამდე ერთი დარჩა

სეზონის მთავარი მეიჯორი თავისი აუცილებელი კომპონენტებით დაიწყო. ყველგან მარწყვი, ცენტრალური კორტის შესასვლელში უკანასკნელი ბრიტანელი ჩემპიონის, ფრედ პერის ძეგლი, როლექსის ელექტროტაბლოები და თეთრი ფორმა. უიმბლდონზე სხვანაირად არ შეიძლება.
ტურნირის ისტორიაში სამჯერ შეიცვალა ბალახი და წლეულს მეოთხედ შეიცვლება. გორან ივანიშევიჩის თქმით, ბალახი ისეთივე სწრაფი გახდა, როგორც მისი ჩემპიონობის დროს, 2001-ში იყო. ესეც დამატებითი ბონუსი ძლიერი მომწოდებლებისა და ბადესთან თამაშის მოყვარულებისთვის.
კაცებში ტურნირი ყველაზე მეტჯერ ბრიტანელმა უილიამ რენშოუმ და პიტ სამპრასმა მოიგეს. ორივე შვიდჯერ გახდა ერთეულებში ჩემპიონი და თუ როჯერ ფედერერი წელსაც დაეუფლება ულამაზეს თასს, ბილს და პიტს დაეწევა.
ფედერერი უნიკალური სპორტსმენია. 2003-2007 წლებში მან ზედიზედ ხუთჯერ მოიგო უიმბლდონი და ბიორნ ბორგის რეკორდიც გაიმეორა, ერთი წლის მერე კი ხუთ სეტში რაფაელ ნადალთან დამარცხდა. შარშან ნადალი ტრავმის გამო ინგლისში საერთოდ არ ჩასულა, ფედერერმა კი მეექვსედ მიიღო საჩემპიონო მილოცვა ტურნირის ორგანიზატორებისგან. ფინალში მშვიდმა და თავაზიანმა შვეიცარიელმა 5:7, 7:6, 7:6, 3:6, 16:14 ენდი როდიკი დაამარცხა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფინალი ტურნირის ისტორიაში.
როჯერი წელსაც მთავარი ფავორიტია. ჰალეს ტურნირზე მოთელვა მან ფინალში გასვლით და ლეიტონ ჰიუიტისთვის საპენსიო საჩუქრის გადაცემით დაასრულა და, წაგების მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ჩანდა.
ფედერერი დაბერდა, ისე ვეღარ იგებს, როგორც ადრე, მაგრამ როდესაც უნდა მოგება, ოპონენტს, წრეს და საფარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ, წელსაც უნდა მოიგოს. ბალახზე 28 წლის ფენომენი ისეთივე მაგარია, როგორც ნადალი - ნელ საფარზე.

 
ესპანელი როლან გაროს შემდეგ ქვინზში ჩავიდა, პირველ წრეში 3 საათი იწვალა დენის ისტომინთან, მერე ფელიციანო ლოპესთან წააგო და მარჯვენა საჩვენებელი თითიც იტკინა. ნადალი გადაღლილია და თუ ბადის მხრივ არ გაუმართლებს, გაუჭირდება თუნდაც მეორე კვირამდე მიღწევა.
პირველი ათეულიდან ფედერერს თუ ვინმე მოუგებს, ეს ენდი როდიკია. სხვები ალბათ უფრო სარეიტინგი ქულებს შეაგროვებენ. უშანსოდ არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნიკოლაი დავიდენკო, ფერნანდო ვერდასკო და ბრიტანეთის მთავარი იმედი ენდი მარეი. ხუან მარტინ დელ პოტრო ტრავმირებულია - არგენტინელი წელს საერთოდ ვერსად ვერ ითამაშებს.
რეიტინგში ოდნავ ქვემოთ მოკალათდნენ, მაგრამ ბალახზე სახიფათოები იქნებიან ამერიკელები მარდი ფიში და სემ ქუერი. ქვინზის ფინალში ქუერიმ 17 ეისით მოუგო ფიშს და, ხორვატ ივო კარლოვიჩთან ერთად, უძლიერეს მოწოდებაზე ყველაზე მეტად იქნება დამოკიდებული. 
ქალებში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. 2000 წლიდან დღემდე რვაჯერ გავიდა ფინალში ვენუს უილიამსი, ხუთჯერ ჩემპიონი გახდა და სამჯერ უმცროს დასთან, სერენასთან წააგო. შარშანაც ოჯახური ფინალი იყო - სერენამ 7:6, 6:2 მოიგო.
დები პირველ-მეორე ნომრებად იქნებიან განთესილები, ფინალამდე ერთმანეთს აერიდებიან და ძნელი წარმოსადგენია, ბალახზე, უფრო სწრაფ საფარზე რომელიმე უილიამსი ვინმესთან დამარცხდეს.
ვენუსი ფორმაში არ არის, მაგრამ რუსების გადაღლილი არმიისა და ბელგიური ტრიოს (ანენი-კლაისტერსი-ვიკმაიერი) წინააღმდეგ მაინც ფავორიტია. სერენას შანსებზე საუბარი კი ცოტა უხერხულია.
კაცებში ერთადერთი, ვისაც მთელი ტურნირი სეტის წაუგებლად აქვს მოგებული, ბორგია. ლორედანა ბერტეს ყოფილმა ქმარმა ეს 1976 წელს გააკეთა.
ბორგი წელს ვეტერანების ტურნირშიც ითამაშებს და ტურნირის მთავარი ექსპერტ-ანალიტიკოსიც იქნება. ბიორნის ფავორიტები? სოდერლინგი, ფედერერი, როდიკი და ქუერი. ქალებში ბიორნმა ერთ-ერთი უილიამსი (ვერ თქვა, რომელი) ფინალამდე გამოაგდო, მაგრამ ჩემპიონი მაინც უილიამსი გახდებაო. ვენუსმა რომ მოიგოს, მეექვსედ გახდება ჩემპიონი და სიუზან ლენგლენს და ბილი ჯინ კინგს დაეწევა. ქალებში აბსოლუტური რეკორდსმენია მარტინა ნავრატილოვა თავისი 9 საერთეულო ტიტულით.  

 

 

კომენტარები