რა მოხდა ყირგიზეთში

უზბეკი დევნილები საზღვარზე
პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი ცხელი წერტილია - სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ფერღანას ველი. წინა კვირიდან მოყოლებული ქალაქებში - ოშსა და ჯალალ-აბადში - არ ცხრება შეტაკებები ყირგიზებსა და უზბეკებს შორის. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ორასამდე ადამიანი; წითელ ჯვარში კი აცხადებენ, რომ შვიდასამდე ადამიანია მოკლული, დახვრეტილი ან ცოცხლად დამწვარი.
არეულობა ოშში 10 ივნისს დაიწყო. ახალგაზრდა ყირგიზები და უზბეკები ადგილობრივ კაფე-ბარში შელაპარაკდნენ. დავა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. დაპირისპირებას ეთნიკური ნიშნით დევნა, მოროდიორობა და სახლების გადაწვა მოჰყვა. ყირგიზეთის მოქალაქეებმა - ასი ათასამდე ეთნიკურად უზბეკმა - მეზობელ უზბეკეთს მიაშურეს თავშესაფრის ძიებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ყირგიზეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილ უზბეკთა რიცხვი 400 ათასს უტოლდება.
ეთნიკური დაპირისპირება სპონტანურად არასდროს ღვივდება. მას ლოგიკური წინაპირობა აქვს. ფერღანას ველი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყირგიზებისა და უზბეკების გარდა, იქ სახლობენ თურქი მესხებიც. 80-იანი წლების ბოლოს სწორედ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება გახდა უზბეკებსა და თურქ მესხებს შორის პირველი სერიოზული ეთნიკური დაპირისპირების საბაბი. უზბეკეთის მაშინდელმა კომპარტიის პირველმა მდივანმა რაბიკ ნიშამოვმა მარწყვის კონფლიქტად მონათლა დაპირისპირება. მას შემდეგ ფერღანას ველზე ყველა მარწყვის კვალს ეძებს, თუმცა, ამჯერად, ეთნიკური შუღლის კატალიზატორად განზრახ წაქეზების პოლიტიკა შეიძლება მივიჩნიოთ.
პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოწრთობილ ადამიანს არ გაუჭირდება მესამე ძალის უჩინარი ხელის დანახვა ოშსა და ჯალალ-აბადში; მით უმეტეს, რომ არსებობს მრავალნაცადი, უტყუარი ხერხი ეთნიკური შუღლის გაღვივების და შემდეგ, ამ საბაბით, სხვის მიწაზე ფეხის მოკიდებისა. ამ ფანდს ერთნაირი წარმატებით იყენებდა ჯერ ცარისტული, მერე საბჭოთა და ბოლოს პუტინის რუსეთი...
ყირგიზეთის დროებითი მთავრობა პანიკაშია. გასულ შაბათ-კვირას ხელისუფლებამ ოშსა და ჯალალ-აბადში რეგულარული არმია და მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები გადაისროლა. თუმცა, ამ ძალებმა ვერ შეძლეს რეგიონის გაკონტროლება. ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ აშშ-ს მიმართა, რეზინის ტყვიებითა და ჯარით დახმარების თხოვნით. მას შემდეგ, რაც თეთრი სახლისგან უარი მიიღო, ქალბატონმა პრეზიდენტმა მოსკოვისკენ იბრუნა პირი და კრემლს სამხედრო ინტერვენცია სთხოვა...
რუსი მაღალჩინოსნები არა საჯაროდ, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ მოსკოვს ურჩევნია სამხედრო ძალები შინ, ჩრდილოეთ კავკასიასთან ახლოს ჰყავდეს ისლამისტი ექსტრემისტების დასაოკებლად. „მშვიდობის დასამყარებლად” ყირგიზეთში სამხედრო ძალების გადასროლის შემთხვევაში, ისლამისტებიც ჩაერთვებიან ბრძოლაში, ჩაგრული მუსლიმი ძმების დასაცავად. უზბეკები გაბნეულნი არიან ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ავღანეთში და ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნოსი გასამმაგდა. უზბეკეთის პრეზიდენტ კარომოვის რეპრესიების მერე ისლამისტური მოძრაობა იატაკქვეშეთშია განდევნილი. რეპრესიების კვალდაკვალ მოძრაობის რადიკალიზაცია ხდება. ასე რომ, თუკი ფარღანაში ისლამისტური ნაპერწკალი გაღვივდა, მასშტაბურ ხანძარს უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება აშშ-ს, ანალიტიკოსები პრეზიდენტ ობამას უარს „გადატვირთვის ღილაკს” უკავშირებენ. ობამას ადმინისტრაციამ ყურადღება მოადუნა. ეს ნელთბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა ყოფილი პრეზიდენტის, აპრილში ჩამოგდებული კურმანბეკ ბაკიევის მიმართ, ისევე როგორც ოტუნბაევას ახალი, „რეფორმატორული”, პრორუსული მთავრობისადმი.
1991 წლიდან აშშ ეხმარებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ სარტყლის 8 ქვეყნას ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რათა ისინი რუსეთის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებულიყვნენ. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დრამატულად შეცვალა რეგიონში თავისი პოლიტიკა. შესუსტდა ინტერესი აღნიშნული ქვეყნების მიმართ და, შესაბამისად, შესუსტდა რუსეთზე ზეწოლაც.
ზოგიერთი ყირგიზი მიიჩნევს, რომ არეულობა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მომხრეების რევანშია. ბაკიევის ოჯახი წარმოშობით კონფლიქტური რეგიონიდანაა და ადგილობრივების მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, განდევნილმა კურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც ამჟამად მინსკს აფარებს თავს, კატეგორიულად უარყო თავისი როლი უკანასკნელ მოვლენებში.
საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო სისხლისღვრა, დაგვიანებულია. დღეს მთავარი ამოცანაა, შეჩერდეს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც შესაძლოა ქაოსში ჩაძიროს მთელი ცენტრალური აზია.
რუსეთს არ აწყობს ყირგიზეთში ცალმხრივი ინტერვენცია. საერთაშორისო საზოგადოება გაიხსენებს საქართველოს სცენარს. ორი წლის წინათ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების საბაბით მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. საერთაშორისო არენაზე არასახარბიელო პოზაში გამოჩენის თავიდან ასაცილებლად, დიმიტრი მედვედევმა გასულ ორშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგანგებო სხდომა მოიწვია. ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი არიან: სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ალიანსმა გადაწყვიტა, „განიხილოს თითოეული შესაძლებლობა” და „მოამზადოს დანაყოფები”; თუმცა, საერთაშორისო თანხმობის გარეშე ყირგიზეთში ინტერვენციაზე საუბარი არ არის. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შესაძლებლობები შეზღუდულია. რუსეთის მოკავშირეებს არ ჰყავთ მსგავსი ოპერაციებისთვის იოლად გასამეტებელი ძალები. ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს სიფრთხილე მართებს, რომ რუსეთისთვის სამხედრო დახმარებით არ გაანაწყენოს უზბეკეთის პრეზიდენტი, რომელთანაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ჯერჯერობით, რუსეთი ჩრდილოეთ ყირგიზეთში ერთი სპეცრაზმის გადასხმით შემოიფარგლა, კანტის სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად.
ანალიტიკოსთა აზრით, თუკი რუსეთის ფედერაცია ინტერვენციისგან თავს ვერ შეიკავებს, ევრაზიის კონტინენტის შუაგულში ძალთა ბალანსი აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაიხრება. რუსეთს ძალადობის ჩასახშობად ჭარბი ძალის გამოყენება დასჭირდება. ფედერაციის სამხედროებს კი დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ რეგიონში შეყოვნება. ამის პრაქტიკა რუს ჯარისკაცებს ნამდვილად აქვთ - 1992 წელს ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე დივიზიამ, ადგილობრივ კლანებთან ერთად, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჩამოაგდო და დღემდე გავლენიან ძალად რჩება ქვეყანაში... რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
რუსი სამხედროების გაურკვეველი ვადით დაყოვნება ყირგიზეთში, ქალაქ მანასში აშშ-ს სამხედრო ბაზის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. თუ რუსეთი შეძლებს კონფლიქტის გადაჭრას, მოქმედი დროებითი მთავრობა პოლიტიკურად გადარჩება, კრემლს კი მისით მანიპულირების საშუალება მიეცემა. მოსკოვმა ყირგიზეთის მთავრობას შესაძლოა ამერიკელების გაძევება მოსთხოვოს - ყირგიზეთი იძულებული იქნება, შეასრულოს მოთხოვნა. მანასში ამერიკელების სამხედრო ბაზა მანამდეც იყო რუსეთსა და აშშ-ს შორის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ბაზა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური რგოლია ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედი ძალების დასახმარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დესპანმა, გენერალმა ვლადიმირ რუშაილომ ყირგიზეთის მთავრობას კრემლის მესიჯი უკვე გადასცა. შედეგმაც არ დააყოვნა: რამდენიმე დღის წინათ ყირგიზეთის საგადასახადო უწყებამ აშშ-ს ბაზის მომმარაგებლებს ბაზაზე შეტანილ საქონელზე 12%-იანი დღგ-ს გადახდა მოსთხოვა. აშშ-სა და ყირგიზეთის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მომმარაგებლები ასეთი გადასახადისგან თავისუფალნი იყვნენ. მეტიც, 18 მაისს Wall Street Journal-თან ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა ნათლად გამოხატა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. მისი თქმით, აშშ-ს ბაზა მანასში „მუდმივად არ უნდა იყოს. მან უნდა შეასრულოს კონკრეტული ამოცანები და შეწყვიტოს საქმიანობა”.
ცენტრალური აზიის შუაგულში განვითარებული სტრატეგიული თამაშის კიდევ ერთი მონაწილე არის ჩინეთი. პეკინი ყირგიზეთს, და ზოგადად ცენტრალურ აზიას, სხვადასხვა წიაღისეულისა და ჰიდროელექტრორესურსების „ოქროს საბადოდ” მიიჩნევს. გარდა ამისა, ყირგიზეთი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა ცენტრალური აზიისკენ და მის მიღმაც. მიუხედავად ამისა, ჩინეთის ინტერვენცია ყირგიზეთში ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად გამოკვეთილი ეკონომიკური ინტერესისა, ყირგიზეთი ჩინეთის გავლენის სფეროს სცილდება.
ფერღანას ველზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავეს ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნიათობა კრიზისული სიტუაციების მართვის საქმეში. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის კატრინ აშტონის „შეშფოთებულმა” განცხადებებმა ვერ შეაჩერეს ოშსა და ჯალალ-აბადში მოთარეშე მოროდიორები.
ნამდვილი ტრაგედია ის არის, რომ მიმდინარე კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. შედეგს კი მთელი მსოფლიო იმკის - ყირგიზეთი შესაძლოა არშემდგარ სახელმწიფოდ მოგვევლინოს.


 

კომენტარები