მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს

0 კომენტარი
ფოტო: ივეტა რადიკოვა და ბელა ბუგარი

ევროპის ბოლოდროინდელმა არჩევნებმა ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში აჩვენა, რომ ევროპა მემარჯვენე პოლიტიკურ კურსს ანიჭებს უპირატესობას. ამ ტენდენციას ბევრი საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს - მოქალაქეების მიერ არჩეულმა მთავრობებმა დანახარჯები უნდა შეამცირონ.
11 ივნისს სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები შედგა. მმართველმა მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 36% მიიღო, თუმცა მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა:150-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 69 ადგილს დასჯერდა.
ახლა მთვარობის ფორმირებას სლოვაკეთის დემოკრატიული ქრისტიანული კავშირის ლიდერი ივეტა რადიკოვა შეეცდება. მემარჯვენე მთავრობის შექმნის შემთხვევაში, სწორედ იგი, „ტატრა ვეფხვის” სახელით ცნობილი სოციოლოგიის პროფესორი, გახდება სლოვაკეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
საერთო ჯამში, მემარჯვენე პარტიებმა პარლამენტში 79 მანდატი მოიპოვეს. სლოვაკეთის დემოკრატიულმა ქრისტიანულმა კავშირმა (SDCU) ხმათა 15,4% დააგროვა. თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულმა და ბიზნესის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ლიბერალურმა თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტიამ (SaS) 12,1%-იანი მხარდაჭერა მიიღო ამომრჩეველთაგან. კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატებმა (KDH) კი - 8,5%. მეოთხე მემარჯვენე, უნგრელი ეთნიკური უმცირესობების პარტიამ არჩევნები ხმების 8,1%-ით დაასრულა.
ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკება არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დაიწყეს. ოთხი მემარჯვენე პარტია მიღებული ხმებისა და პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულად გეგმავს ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. რადიკოვას პარტია ხუთ სამინისტროს ჩაუდგება სათავეში, ლიბერალური თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტია ოთხ პორტფელს მიიღებს, დანარჩენ ორ მემარჯვენე პარტიას კი, საერთო ჯამში, სამი მინისტრი ეყოლება მთლიან კაბინეტში.
ქვეყნის ახალ მთავრობას მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის. ბოლო წლებში გაუარესდა ეკონომიკური მდგომარება. გაიზარდა საგარეო ვალი - თუ ეს მაჩვენებელი 2008 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 28% იყო, დღეისათვის უკვე 41%-ია. აგრეთვე დიდია ბიუჯეტის დეფიციტიც - მშპ-ს 6,8%. ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საექსპორტო ბაზარზე, მისი შეზღუდვით კი ქვეყნის ეკონომიკა 4,7%-ით შემცირდა.
2007 და 2008 წლებში ეკონომიკა პირიქით, 10,4 და 6,8 პროცენტით გაიზარდა, რის გამოც სლოვაკეთს „ევროპულ ვეფხვს” უწოდებდნენ. 2005 წელს ის რეფორმატორთაგან ერთ-ერთი წამყვანი იყო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, იკავებდა რა მეთვრამეტე ადგილს 137 ქვეყანას შორის, მსოფლიო ბანკის გამოკითხვით. 2010 წლისთვის კი, იმავე მაჩვენებლით, 42-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მემარჯვენე პარტიები დეფიციტის აღმოფხვრას გადასახადების, პენსიებისა და სოციალური უზრუნველყოფის შემცირებით აპირებენ. სწორედ დანახარჯების შემცირების მიზნით ეწინააღმდეგებიან წვლილის შეტანას საბერძნეთისთვის განკუთვნილ 111-მილიარდდოლარიანი დახმარების პაკეტში. სოციალური პროგრამების შემცირებასთან ერთად, გააუქმებენ ფიკოს ადმინისტრაციის მიერ მუშების დაცვის მიზნით დაწესებულ სახელფასო მინიმუმს. მემარჯვენეთა ერთ-ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა, რისი საჭიროებაც, ფიკოს მმართველობის გამო, კიდევ უფრო გაიზარდა.
სლოვაკეთის დემოკრატიული ქრისტიანული კავშირი 1998-2006 წლებში, ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს, სწორედ ამგვარ პოლიტიკას ატარებდა. დაიწყეს ქვეყნის საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის შეცვლა თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკით. რადიკალურ რეფორმებს შორის შედიოდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ფირმებისა და ბანკების სრული პრივატიზაცია. ამის პარალელურად აქცენტი გაკეთდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე. შემოიღეს თავისუფლებისა და სოლიდარობის ლიდერის მიერ ინიცირებული 19%-იანი ერთიანი საგადასახადო განაკვეთი ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად მათი საშემოსავლო გადასახადისა. შედეგად, 2000 წლიდან პირდაპირი საგარეო ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში ექვსჯერ გაიზარდა, კულმინაციას კი 2006 წლისთვის მიაღწია. წლის ბოლოსთვის შემოსული ინვესტიციების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 18 ათას დოლარს უტოლდებოდა. მოქნილი შრომის ბაზრის შექმნით მნიშვნელოვნად იკლო უმუშევრობის დონემ; 2004 წლის 18%-იანი მაჩვენებელი 2008 წელს 8,4%-მდე დაეშვა.
მოსახლეობაში უმწვავესად აღიქმებოდა მკაცრი რეფორმები სოციალურ სფეროში, კერძოდ, სამუშაო რეგულაციების შესუსტება და სოციალური პროგრამების შეზღუდვა. 2004 წლის გამოკითხვით, მოსახლეობის 70% ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, სოციალურ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, მხარს უჭერდნენ ინვესტიციების მოზიდვას, რამაც დადებითად იმოქმედა საშუალო ფენაზე. 2006 წლის არჩევნებში მემარჯვენეები სწორედ ხისტი ეკონომიკური რეფორმების გამო დამარცხდნენ. ფიკომ მათ ხედვას არჩია მოქალაქეებზე ორიენტირებული სტრატეგია - ერთიანი გადასახადების გაუქმება, სოციალური სარგებლის გაზრდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სოციალური უზრუნველყოფის გაზრდის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა წინა მემარჯვენე მთავრობის ეკონომიკური კურსი.
სლოვაკეთს ურთიერთობა გაუფუჭდა უნგრეთთან. ქვეყანაში ნახევარმილიონიანი უნგრული დიასპორაა. სამხრეთ მეზობელი სლოვაკეთის მმართველ ძალებს უმცირესობათა ჩაგვრაში ადანაშაულებს. 2006 წელს სამთავრობო კოალიციაში რადიკალურად განწყობილი პარტიების მიღებამ ვითარება უფრო გაამწვავა. ეს პარტიები გამოირჩევიან რადიკალური და ქსენოფობიური დამოკიდებულებით ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისადმი, მაშინ, როცა უნგრეთში მემარჯვენე ვიქტორ ორბანი იმარჯვებს და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების დაცვა.
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნები უკვე „ძალიან დიდ შედეგად” შეაფასა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ზსოლტ სემჯენმა. ეს გამოწვეულია მემარჯვენეთა პოტენციურ სამთავრობო კოალიციაში უნგრელ უმცირესობათა პარტიის ყოფნით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას ელიან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტაბულას ტერასაზე დამწვარი ნაჭრებითა და პირსახოცებით სავსე ქვაბი ჩამოაგდეს

კომენტარები