ჩვილთა ვარამი ანუ სიკვდილი დაბადებამდე

„მე პატიოსნად ვიქცევი. ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტს, რომ შეიძლება საქმე ცუდად წავიდეს. უარს მაინც არავინ ამბობს. ტირიან, მეხვეწებიან, თმებს იგლეჯენ, იმუქრებიან, რომ თავს მოიკლავენ, თუ არ დავეხმარები. რას არ ნახავს კაცი. მუხლებში მივარდებიან და მევედრებიან. აი, ნახეთ, კაკლის კარადა. ხედავთ? ზედაპირი დაზიანებული აქვს. ეს ერთმა სასოწარკვეთილმა, შეძლებულმა ქალბატონმა ჩაიდინა. მე მას დავეხმარე. ახლა სამზარეულოში ათკილოიანი ქლიავის ჯემი მიდევს - იმ ქალბატონმა გამომიგზავნა გუშინ. შემიძლია გაჩვენოთ. და ეს ყველაფერი - მხოლოდ მადლიერების ნიშნად, ფული ხომ უკვე გადახდილი ჰქონდა. იცით რას გეტყვით, - მითხრა მტკიცე ხმით ბუშემ - თქვენ თუ გნებავთ თაღლითი მიწოდეთ.... სხვები მფარველ ანგელოზს მეძახიან”.

ბუშე, ერიხ მარია რემარკის ცნობილი რომანის “ტრიუმფალური თაღის” ეპიზოდური გმირი, არალეგალური აბორტების კეთებით ირჩენდა თავს 30-იანი წლების საფრანგეთში. ეს სახიფათო პრაქტიკა რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ევროპაში. არასასურველი ორსულობის შეწყვეტას ბევრი ესწრაფოდა, აკრძალვის გამო კლინიკას ვერ მიმართავდა, ამიტომ ექიმბაშთან მიდიოდა. ამ პრაქტიკას ბევრის სიცოცხლე ეწირებოდა. ბევრი კი ბიოლოგიური შვილის ყოლის უნარს საერთოდ კარგავდა.

ევროპისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირში აბორტზე შეზღუდვა 1920 წელს მოიხსნა. მოგვიანებით სტალინმა დემოგრაფიული მოსაზრებების გამო, ისევ აკრძალა, თუმცა, 1955 წელს ხელახალი ლეგალიზაცია მოხდა.

საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკაში, აბორტი შეზღუდვების გარეშე დაშვებულია 12-14 კვირის ვადამდე. ამ ვადის შემდეგ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამედიცინო ან განსაკუთრებული სოციალური მიზეზებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სოციალური მიზეზების სპექტრი იმდენად ფართოა, მონდომებულ ადამიანს მისი პოვნა არ უნდა გაუჭირდეს. განსაკუთრებულ მიზეზად ითვლება აგრეთვე გაუპატიურება და ინცესტი.

2005 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, ქართველი ქალები, ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების ჯამური კოეფიციენტით მსოფლიოში მოწინავეები არიან. თითოეული მათგანი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ სამჯერ იკეთებს აბორტს. მაშინ, როდესაც ამერიკაში ხუთ ქალზე ერთი აბორტი მოდის. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია საქართველოში და ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას სასტიკად ეწინააღმდეგება, აბორტის წინაშე უძლურია.

აბორტების სიხშირეზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა ფაქტორები. ითვლება, რომ ინფორმირებულ საზოგადოებაში სადაც მოზარდები სქესობრივ განათლებას იღებენ, დაბალია აბორტების რიცხვი, ვინაიდან არასასურველი ორსულობების რაოდენობა იკლებს. კვლევები იმაზეც მიანიშნებს, რომ თუ საზოგადოება ქალს ქორწინებამდე სქესობრივი კავშირისგან თავშეკავებას სთხოვს და სქესობრივი განათლებაც მხოლოდ ამ მოთხოვნის გარშემო ტრიალებს, აბორტების რიცხვი მაღალია, რადგან ახალგაზრდებმა არ იციან თავი როგორ დაიცვან.

ამასვე ადასტურებს ზემოხსენებული კვლევაც, რომელიც საქართველოს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ჩაატარეს 2005 წელს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არასრული საშუალო განათლების ქალებში გამოვლინდა. ისიც აღსანიშნავია, რომ აბორტის კოეფიციენტი სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქში.

კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა - 80% - მხარს უჭერს სქესობრივი ცხოვრების სწავლებას სკოლებში, თუმცა მათგან მხოლოდ ნახევარს მიეცა ამის საშუალება.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა: პერსონალური და სამედიცინო. სამედიცინო მიზეზად ითვლება შემთხვევები, როდესაც ნაყოფს გენეტიკური დეფექტი აქვს, ან იმგვარი ზემოქმედების ქვეშ მოექცა, რამაც შეიძლება დეფექტი გამოიწვიოს, ან ორსულის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და ა.შ. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ აბორტების უმრავლესობა მსოფლიო მასშტაბით არა სამედიცინო, არამედ პერსონალური მიზეზით კეთდება. მიზეზი ხან ემოციურია, ხან პრაგმატული. ზოგიერთი ბავშვს კარიერისთვის ხელისშემშლელად მიიჩნევს, ზოგს ფინანსურად უჭირს, ზოგი მარტოხელაა.

ამ მხრივ გამონაკლისს არც ქართველი ქალები წარმოადგენენ. 2005 წლის მონაცემებით, აბორტების მხოლოდ 1.4% იყო განპირობებული დედის ჯანმრთელობის მდგომარეობით, 1% - ნაყოფის დეფექტით. პაციენტთა დიდი ნაწილი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზად ასახელებდა, რომ შვილი ან შვილები უკვე ჰყავდა და მეტი შვილი ან საერთოდ, ანდა იმ დროისთვის არ სურდა, ამისთვის კი ის არა კონტრაცეფციას, არამედ აბორტს მიმართავდა. საქართველოში, ისევე როგორც სხვა პატრიარქალური კულტურის ქვეყნებში, ანუ იქ, სადაც შვილად ბიჭი ურჩევნიათ, აბორტის მიზეზი ნაყოფის მდედრობითი სქესიც გამხდარა.

ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის პრაქტიკას ადამიანი დიდი ხნის წინათ ეზიარა. მის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550 წლით დათარიღებულ ეგვიპტურ პაპირუსებში ვაწყდებით. ის უცხო არც ჩინელებისთვის, არც ბერძნებისთვის და არც რომაელებისთვის ყოფილა. მუცლის მოსაშლელად ქალები სვამდნენ მაპროვოცირებელ მცენარეულ ექსტრაქტებს, ასრულებდენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, ცოცავდნენ, ხტუნავდნენ. არქეოლოგიური მასალა, ქირურგიული ჩარევის შემთხვევებსაც ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ აბორტის ფართომასშტაბიანი სამართლებრივი რეგულირება მე-18 საუკუნემდე არ დაწყებულა, აბორტი, როგორც სამართლებრივი ფენომენი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1764 წლით დათარიღებულ ჰამურაბის კანონებში გვხვდება.

ძველად, საქართველოში აბორტი მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით, ქალი თუ მუცელს მოიშლიდა, თემიდან განდევნიდნენ. მას ქმარი უნდა დაშორებოდა. წამლის მიმცემი, თუ მდიდარი იყო, თემიდან განიდევნებოდა, თუ ღარიბი - შეარცხვენდნენ კიდეც. თუ ორსული გარდაიცვლებოდა, წამლის მიმცემს თავს კვეთდნენ.

მე-19 საუკუნის ბოლოდან აბორტი უამრავ ქვეყანაში საერთოდ აიკრძალა და მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე უკანონოდ კეთდებოდა. მისი ლეგალიზება ფემინიზმის მეორე ტალღას უკავშირდება. თუმცა, დიდ ბრიტანეთში ის დღესაც მხოლოდ გამონაკლისის სახითაა დაშვებული - მაშინ, როდესაც ორსული ან გონებრივი ან ფიზიკური ზიანის საფრთხეს გრძნობს. შესაბამისად, ყველა მსურველი, ორსულობის შეწყვეტის მიზეზად გონებრივ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას ასახელებს.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და მისი ფორმები დღემდე ცხარე დებატების საგნად რჩება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. აბორტის მიმართ დამოკიდებულებას ამერიკაში ელექტორალური მნიშვნელობა აქვს. რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი აბორტის აკრძალვის მომხრეა, დემოკრატები კი პირიქით. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ძნელი წარმოსადგენია რესპუბლიკელი რუდი ჯულიანი დემოკრატ ნიუ იორკელებს მერად აერჩიათ, ის რომ აბორტის აკრძალვის მომხრე ყოფილიყო, თუმცა, მისი ეს პოზიცია გახდა საპრეზიდენტო პრაიმერის წაგების ერთ-ერთი მიზეზი.
ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ “უკანონო და კანონიერ აბორტს შორის წყალგამყოფად უნდა იქცეს ჩანასახის მიერ მგრძნობელობის უნარის შეძენისა და მისი ცოცხლად ყოფნის ფაქტი”. ის, რომ სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია, ყველასთვის ცხადია, მაგრამ აბორტის აკრძალვის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როდიდან იწყება ჩანასახის სიცოცხლე.

აბორტის აკრძალვის მომხრეებს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება.

მოწინააღმდეგეები კი ერთ აზრზე ვერ ჩამოყალიბებულან. ისინი ამტკიცებენ, რომ საწყის ეტაპზე ემბრიონი მხოლოდ განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, რომელსაც არც კიდურები აქვს, არც თავი, არც ტვინი, ვერ ხედავს, არ ესმის, არ აქვს შინაგანი ორგანოები, ფიქრის, შეხების, ტკივილის, ყნოსვის უნარი. ის მხოლოდ უჯრედების გროვაა და ცოცხალ ადამიანად ვერ ჩაითვლება. მაგრამ სხვადასხვა აზრი აქვთ იმაზე, თუ ორსულობის რა ეტაპიდან უნდა განვიხილოთ ჩანასახი სიცოცხლედ. ზოგი თვლის, რომ 4 კვირიდან, ანუ გულისცემის დაწყებიდან, სხვები - 6 კვირიდან, როდესაც ტვინის ნაოჭები ჩნდება, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩანასახი ცოცხალია იმ მომენტიდან, როდესაც მას დედის სხეულის გარეთ არსებობის გაგრძელება შეუძლია. არიან ისეთებიც, რომლებიც დაბადებამდე ნაყოფის სიცოცხლის უფლებას არ აღიარებენ, სწორედ იმ მოსაზრებით, რომ სხვა ზღვარის გავლება შეუძლებელია და სახიფათო კამათისკენ მივყავართ, რომლის ლოგიკური დასასრულიც აბორტის აკრძალვა შეიძლება გახდეს.
მეცნიერება ზუსტად და დეტალურად ხსნის პროცესს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი ახალშობილ ბავშვად გარდაიქმნება. მაგრამ მან ჯერ ვერ იპოვა ზუსტი პასუხი კითხვაზე თუ განვითარების რა ეტაპზე იძენს ჩანასახი მგრძნობელობის უნარს.

რონალდ რეიგანის სიტყვები - “როდესაც ჩანასახს სიცოცხლეს ვართმევთ, მას სტკივა, ტკივილი ხანგრძლივი და მწარეა” - 1984 წელს, ექსპერტების დიდმა ნაწილმა სასტიკად გააკრიტიკა არაკომპეტენტურობის გამო. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ გვიჩვენა, რომ რეიგანი არ სცდებოდა. დღეს მეცნიერთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჩანასახი ტკივილს გრძნობს მე-20 კვირიდან, თუმცა არ არის გამორიცხული ტექნოლოგიების განვითარებამ მომავალში ეს ვადა შეამციროს.

ასე მაგალითად, სულ რაღაც სამი ათეული წლის წინ, მსოფლიოს წამყვანი ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ახალშობილების ნერვული სისტემა იმდენად განუვითარებელია, ისინი ტკივილს ვერ გრძნობენ და ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკის გაწევას ერიდებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მოსაზრება მცდარია, ახალშობილი ტკივილს გრძნობს და გაუტკივარება ოპერაციის შედეგად ახალშობილთა სიკვდილიანობას 25% -დან 10%-მდე ამცირებს. მოგვიანებით ისიც დამტკიცდა, რომ დღენაკლული ბავშვებიც კი, რომლებიც ნორმალურ ვადაზე 18 კვირით ადრე, ანუ ორსულობის 22-ე კვირას იბადებიან, გრძნობენ ტკივილს და წუხდებიან ნემსის ან სკალპელის შეხებისას.

ამ ფაქტმა ექიმები დააფიქრა იმაზე, გრძნობს თუ არა ნაყოფი ტკივილს მუცლად ყოფნისას. აი, რას ამბობს ქუინსლანდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევითი ცენტრის დირექტორი, ავსტრალიელი ექიმი ნიკოლას ფისკი: “როდესაც ორსული დედა ნაყოფზე პროცედურის ჩატარებისას მეკითხებოდა, გრძნობდა თუ არა მუცლადმყოფი ტკივილს, წლების განმავლობაში ერთნაირ პასუხს ვცემდი “რასაკვირველია არა”, მაგრამ კვლევებმა ჩემი პასუხის სისწორეში დამაეჭვა”. დადასტურდა, რომ 18 კვირის ჩანასახი ქირურგიული ჩარევისას სტრესის ჰორმონებს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი მსუბუქი გაუტკივარების ქვეშაა, სტრესის ჰორმონების გამოყოფა ნახევრდება.
ფაქტია, კამათი იმაზე, თუ როდიდან ხდება ჩანასახი ცოცხალი ორგანიზმი ჯერ არ დასრულებულა. “თუ არ იცი სხეული მკვდარია, თუ ცოცხალი, ის არ უნდა დამარხო. ვფიქრობ, ეს მოსაზრება საკმარისია იმისთვის, რომ მუცლადმყოფები დავიცვათ” - წერდა რონალდ რეიგანი ჟურნალში “Human Life Review”. აბორტის აკრძალვის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც თანხმდებიან, რომ აბორტი მავნე პრაქტიკაა, მათი უმრავლესობის მიზანიც ერთია შემცირდეს აბორტის რაოდენობა და აუცილებელი აბორტები გახდეს უსაფრთხო, მაგრამ ისინი ამ მიზნის მიღწევას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ.

ისტორია ცხადყოფს, რომ აბორტთან ბრძოლის რეპრესიული მეთოდი ეფექტური არ არის. ქალები პოულობენ ექიმბაშებს და მზად არიან სიცოცხლის რისკის ფასად მოიშორონ არასასურველი ნაყოფი. ყველაზე ნათელი მაგალითი პოლონეთია, სადაც აბორტი ცივი ომის დასრულების შემდეგ აიკრძალა. შეძლებული ქალები მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობენ აბორტის გასაკეთებლად, ხოლო ღარიბები არალეგალურ გზას მიმართავენ, რაც არც თუ იშვიათად ფატალური შედეგით მთავრდება. თანაც ეს მაშინ, როდესაც პოლონეთში მოსახლეობის უმრავლესობა აბორტის აკრძალვის მომხრეა. “ყველაფერი პიროვნების განათლებამდე და ინფორმირებულობამდე მიდის, - უთხრა ტაბულას საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ზაზა ბოხუამ, - აბორტთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა არის კონტრაცეფცია.”

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, გამოკითხული ქალების 97% იცნობდა კონტრაცეფციის, სულ მცირე, ერთ თანამედროვე საშუალებას მაინც, მაგრამ მისი გამოყენების ცოდნა ძალიან დაბალი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა თითქმის ნახევარი ცდილობს ორსულობისგან თავის დაცვას, ოღონდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება, მაგალითად, არასრული სქესობრივი აქტი, მკვეთრად სჭარბობს თანამედროვეს. ტრადიციული მეთოდები კი არასაიმედოა და დაფეხმძიმების ალბათობის მაჩვენებლით, მკვეთრად უსწრებს თანამედროვეს.
ხშირად შეხვდებით ქალებს, რომლებსაც კონტრაცეპტივების უსაფუძვლოდ ეშინიათ - ამტკიცებენ, რომ აბები იწვევს ჭარბთმიანობას, უშვილობას, წონის მომატებას. ალბათ ამითაც აიხსნება, რომ საშვილოსნოს შიდა საშუალებას გაცილებით უფრო მეტი ქალი მიმართავს კონტრაცეფციისთვის, ვიდრე აბებს. საინტერესოა ისიც, რომ კვლევის მიხედვით, სქესობრივად აქტიურ ახალგაზრდა ქალებს შორის, 99%-ს არ მიუმართავს კონტრაცეფციისთვის პირველი სქესობრივი აქტის დროს, თუმცა მათგან მხოლოდ 78% -ს სურდა შვილი.

ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაც, რომელიც აბორტსა და კონტრაცეფციას თანაბრად მიუღებლად მიიჩნევს. “კონტრაცეპტივები ხშირად იმასაც ვერ შველის, რასაც ვითომ უნდა შველოდეს და თან უამრავ რაღაცას აჩენს, გვერდითი მოვლენები ახლავს - უთხრა ტაბულას ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ, - თავიდანვე რომ არ მოგეკლა, ღმერთი გაძლევდა შვილს და შენ უარი თქვი - არ მჭირდება ბავშვიო. თუ ღმერთს არ უნდა რომ გყავდეს შვილი, თვითონვე წაიყვანს და თუ უნდა, შენ ვინ გეკითხება მის სიცოცხლის შესახებ რომ იღებ გადაწყვეტილებას”. უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე სტეფანე საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა კი ადასტურებს, რომ “კონტრაცეფციის გამოუყენებლობა აბორტების ძირითადი გამომწვევი მიზეზია საქართველოში”.


 

კომენტარები