მარადიული ტრილერი

ეს არის აფროამერიკელი ბიჭუნას თავგადასავალი, რომელმაც დაამსხვრია რასობრივი ბარიერები, შექმნა დაუვიწყარი მუსიკა, ცუდ და სახიფათო ამბებში გაიხლართა, ბოლოს კი განუმეორებელ ისტორიად მოგვევლინა. ერთი წელია, რაც ისტორია დასრულდა. თუმცა, დასრულდა კი?!

ჯექსონი - მუსიკოსი
თავიდან ძმებს ოჯახურ ბენდში მისი მიღება არ სურდათ ასაკის გამო. ხუთი წლის მაიკლმა მათ ჯინაზე სკოლის კონცერტზე გულის დამწველი სიმღერა შეასრულა - Climb Every Mountain. მასწავლებლებმა ჯერ იქვითინეს, შემდეგ კი ოვაცია მოაწყვეს, ხოლო ჯოზეფ ჯექსონმა, ბიჭების მამამ, დიდი კომერციული გეგმები დახლართა, ბენდს The Jackson 5 უწოდა და ქალაქ გარის კლუბებისკენ გზა დაულოცა.
იმ დროს რასიზმი სულს კი ღაფავდა, მაგრამ აფროამერიკელი მუსიკოსებისთვის წარმატების მიღწევა მაინც ძნელი იყო. ჯექსონებს გაუმართლათ. მათ ჰყავდათ მაიკლი, რომლის ხმას ყველაზე უიმედო რასისტებიც კი აღიარებდნენ. და დაიანა როსი, თავადაც რასიზმის მსხვერპლი, იმ დროს უკვე დიდი ვარსკვლავი, რომელმაც ბიჭუნებს რეკომენდაცია გაუწია ლეიბლთან Motown და რომელიც მოგვიანებით იტყვის: „მაიკლი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია.” პირველ ალბომს სიმბოლური სათაური ჰქონდა - Diana Ross Presents The Jackson 5. ალბომი სენსაციად იქცა, ორ კვირაში ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა და პირველი ადგილიდან ჩამოაგდო ბითლზის Let It Be. პატარა ჯექსონებმა მეორეჯერაც ჩამოიტოვეს დიდი ბითლზი, ამჯერად სიმღერით The Long and Winding Road.
ოჯახური იდილია 1975 წლამდე გაგრძელდა, როცა ბენდი Motown-ს გაეყარა, თუმცა, ძველმა ლეიბლმა ჯგუფის სახელი, როგორც სავაჭრო მარკა, დაიტოვა - ჯგუფი, უბრალოდ, The Jacksons გახდა. ახალი ბენდი ძველის აჩრდილი იყო. ჯექსონებმა სამი წელი ჩავლილ დიდებას კვალდაკვალ სდიეს, შემდეგ კი პატარა მაიკლი მარტო გაუყვა დიდი მუსიკოსის რთულ გზას.
სოლო კარიერის განმავლობაში ჯექსონმა 6 ალბომი ჩაწერა. ექვსივემ დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის განვითარებაში, ტრილერი კი სულაც უკვდავ ნამუშევრად იქცა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: 2009 წლის მონაცემებით, კვირაში საშუალოდ 6000 დისკი იყიდება.

ჯექსონი - ადამიანი
ჯექსონომანებისთვის მაიკლი სიკეთეს და სითბოს განასახიერებდა, სხვებისთვის რასის მოღალატე, პედოფილი და გარყვნილი იყო. უოლტ დისნეის დიდი მოყვარული ჯექსონი ხშირად მასპინძლობდა ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს ნევერლენდის ვილაში. მას არასდროს დაუმალავს, რომ ბავშვებთან ერთად იძინებდა, რომ მათი უმანკოება აღაფრთოვანებდა.
რაც შეეხება კანის ფერის შეცვლას, ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. ერთნი ამტკიცებენ, რომ წარმატებით გაზულუქებულ მაიკლს საკუთარი წარმომავლობის რცხვენოდა, მისი კულტის ქურუმები კი აფრიალებენ საექიმო დასკვნებს, რომლებშიც გარკვევით წერია, რომ ოპერაციების სერია უცნობმა ინფექციამ გამოიწვია.
ვერც გაზულუქებულის სტატუსი ერგება ბოლომდე. ფაქტია, არასდროს ყოფილა ფულის ზედმეტად მოყვარული. 1984 წელს ანტიალკოჰოლური სარეკლამო კლიპისთვის მაიკლმა უსასყიდლოდ დათმო სიმღერა Beat It. ერთი წლის შემდეგ სრულიად უფასოდ იმუშავა ჰიმნზე We Are The World, ტურნეების დროს ბილეთების გარკვეული რაოდენობა უფასოდ გადაეცემოდათ გაჭირვებულ ახალგაზრდებს - სხვანაირად ისინი ვერასდროს მოხვდებოდნენ კერპის კონცერტზე. მუსიკოსი რამდენჯერმე სტუმრობდა აფრიკას, ყოველწლიურად მილიონობით დოლარს რიცხავდა აფროამერიკელი ახალგაზრდების დასახმარებლად. დღემდე მოქმედებს მისი სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის. და ბოლოს, ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი - 1987 წელს იაპონური ტურნეს დროს გაიტაცეს და მოკლეს პატარა ბიჭუნა იოშიაკი. შეძრწუნებულმა ჯექსონმა ბიჭუნას ოჯახს 20 ათასი დოლარი გადაურიცხა, ტურნე კი მის ხსოვნას მიუძღვნა.
ჯექსონომანია
ჯექსონომანია ჯერ კიდევ ოჯახური ბენდის დროს დაიწყო და, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის თქმის საბაბს იძლევა ის, რომ კერპის გარდაცვალების შემდეგ თხუთმეტმა ჯექსონომანმა თავი მოიკლა. ჯექსონის შემოქმედება იქცა უამრავი მუსიკოსის შთაგონების წყაროდ.
„მან მუსიკა გააცოცხლა. მან მუსიკის მაგიაში დამარწმუნა,” - თქვა პაფ დედიმ მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ.
„მაიკლ ჯექსონი რომ არა, მე არ ვიქნებოდი მუსიკოსი, შემსრულებელი და შოუმენი,” - განაცხადა აშერმა.
პარალელურად, ჯექსონი უამრავი ადამიანისთვის არასრულფასოვნების კომპლექსის დაკმაყოფილების საშუალებად იქცა. Youtube-ზე დღემდეა შემორჩენილი პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ფირი, სადაც დალილავებულ მომღერალს პოლიციელები აბუჩად იგდებენ და ხელკეტებს ურტყამენ.
ამ ინციდენტმა ბევრს გაახსენა ჯექსონის სიტყვები - ზიზღით სავსე სამყაროში უნდა გარისკო და გიყვარდეს, უიმედობით სავსე სამყაროში უნდა გაბედო და იოცნებო.



 

კომენტარები