საბა და ლიტერატურული მკითხაობა

0 კომენტარი

ლიტერატურული პრემია საბას ანონიმურმა ჟიურიმ ფინალისტები გამოაცხადა. დაჯილდოება ივნისის მიწურულს ან ივლისის დასაწყისში გაიმართება. ტაბულა გაგაცნობთ ეგრეთ წოდებულ შორთ-ლისტებს და მათთან დაკავშირებულ მოარულ პროგნოზებს.

წლის საუკეთესო
პოეტური კრებული
1 ლია სტურუა -
ზღვა დაკეტილია - სიესტა
2 დიანა ანფიმიადი -
კონსპექტური მითოლოგია - საუნჯე
3 ზაზა ბიბილაშვილი -
ჩემი მდოგვის მარცვალი - ინტელექტი
4 ზვიად რატიანი -
ნეგატივი - დიოგენე
5 ბელა ჩეკურიშვილი -
ღია ბარათები - მერიდიანი

ლია სტურუა ბესიკ ხარანაულთან ერთად ახალი ქართული ვერლიბრის დამამკვიდრებელი და ნოვატორია, შესაბამისად, მისი კრებული ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. თუმცა, აქვეა ზვიად რატიანიც, ავტორი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო (ზოგიერთის აზრით, უპირველეს) პოეტად ითვლება. საბას შარშანდელი ნომინანტი, დიანა ანფიმიადი, კონცეპტუალური და ძალიან საინტერესო წიგნით არის წარდგენილი. მართალია, ბელა ჩეკურიშვილისა და ზაზა ბიბილაშვილის კრებულები ფავორიტები არ არის, მაგრამ ნიჭიერი ავტორების პოეზიას საკუთარი გულშემატკივარი ყოველთვის ჰყავს.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1. ბესო ხვედელიძე -
თაგვის გემო -
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2. ზურაბ ლეჟავა -
ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
3. კოტე ჯანდიერი -
კონკიას ღამე - დიოგენე
4. რეზო თაბუკაშვილი -
მზეო, არ ამოხვიდე - საარი

აქ ფავორიტის გამორჩევა ნამდვილად ჭირს, რადგან მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ავტორები და კრებულები შეირჩა. თუმცა, ქართული ლიტფორუმების მომხმარებელთა აზრით, ონლაინ სივრცეში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორით დაწყებული, წიგნის უბრალო მოყვარულით დამთავრებული, ყველას შეხვდებით. მთავარი დუელი მაინც ზურაბ ლეჟავასა და ბესო ხვედელიძის წიგნებს შორის გაიმართება. კოტე ჯანდიერი და რეზო თაბუკაშვილი ქართული პროზისთვის პატარა სახელები ნამდვილად არ გახლავთ. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება ჭირს.

წლის საუკეთესო რომანი
1. ზაზა ბურჭულაძე -
ADIBAS - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2. ლაშა ბუღაძე -
ლიტერატურული ექსპრესი - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
3. ნაირა გელაშვილი -
პირველი 2 წრე - კავკასიური სახლი
4. ნაირა გელაშვილი -
ჩვენი გრძელი ამბავი - კავკასიური სახლი
5. აკა მორჩილაძე -
მამლუქი - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ეს ნომინაცია, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე მეტ ყურდღებას იმსახურებს. თავის დროზე არც სკანდალები დაჰკლებია და არც საჯარო მითქმა-მოთქმა. ავტორთა ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. საბას არაერთგზის გამარჯვებული აკა მორჩილაძე ლაშა ბუღაძის ლამის ავტობიოგრაფიულ რომანს ეპაექრება, თუმცა, მთავარი ინტრიგა, როგორც ამბობენ, თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ქალის ნაირა გელაშვილის რომანებსა და ზაზა ბურჭულაძის გახმაურებულ წიგნს შორის დაიხლართება.

წლის საუკეთესო დებიუტი
1. ირაკლი ქასრაშვილი -
სოკრატე - შემეცნება
2. რატი რატიანი -
შიშველი მეფე - ლოგოს პრესი
3. ქეთი ნინიძე -
მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია - ინტელექტი
4. მაკა ლდოკონენი -
ქიშმიშიანი ამბები - დიოგენე

შარშანდელისგან განსხვავებით, როცა ამ ნომინაციაში პრიზი ორ ავტორს გადაეცა, წლეულს ალბათ ტრადიციულად ისევ ერთი გახარებული დებიუტანტი იქნება. მაკა ლდოკონენი უკვე ბევრისთვის საყვარელ ავტორად იქცა, საკუთარი ნახატებით გაფორმებული მოთხრობების წიგნით. რაც შეეხება რატი რატიანს, ახალგაზრდა ავტორის გამოჩენამ თავიდანვე დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ ფსევდონიმს ქალი ეფარებოდა. გარდა ამისა, ლიტერატურის მოყვარულთა წრეებში ბევრმა შენიშნა მისი ნიჭიერება და ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიხსენიება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქეთი ნინიძის საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი. ამ ტიპის კრებული დებიუტისთვის მართლაც რომ იშვიათია და თუ გაიმარჯვებს, არავის გაუკვირდება.

წლის საუკეთესო პიესა
1. ირაკლი სამსონაძე -
საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში - ჟურნალი გრაალი
2. თამარ ბართაია -
მთავარი როლი - დიოგენე
როგორც წესი, ამ ჟანრში ქართულ ლიტერატურას ძალიან უჭირს. იმდენად, რომ ერთ წელს დრამატურგიაში საბა საერთოდ არ გაიცა. ამაზე ამჯერად წარმოდგენილი ნაწარმოებების რიცხობრივი სიმწირეც მეტყველებს. ვინ აიღებს პრიზს - სამსონაძე თუ ბართაია, ჟიურის გამოვნებაზეა დამოკიდებული.

წლის საუკეთესო თარგმანი
1. ორჰან ფამუქი -
ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები - მთარგმნელი ნანა ჯანაშია - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2. მიგელ დე უნამუნო -
ესსეები - მთარგმნელი მერი ტიტვინიძე - სიესტა
3. თანამედროვე არაბული პროზის მცირე ანთოლოგია -
ღიმილი წყლის ბაგეზე -
მთარგმნელი იზოლდა გრძელიძე - უნივერსალი
4. გაიუს ვალერიუს კატულუსი -
ლექსების წიგნი - მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი - ლოგოსი
5. მიშელ უელბეკი -
პლატფორმა - მთარგმნელი ირმა ტაველიძე - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
6. ალექსანდრე დიუმა -
კავკასია - მთარგმნელი თინათინ ქიქოძე, ია ბერსენაძე, გიორგი ეკიზაშვილი - აგორა
7. მირჩა ელიადე -
მითის ასპექტები - მთარგმნელები მზია ბაქრაძე, ბელა წვერაძე - ილია ჭავჭავაძის სახ. გამომცემლობა
8. გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია -
მთარგმნელთა ჯგუფი - თბილისი
9. ბაჰრამ სადეყი -
სასუფეველი - მთარგმნელი მზია ბურჯანაძე - ნეკერი
10. ბორის ვიანი - გულსაგლეჯი - მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი - დიოგენე
11.ფირდოუსი -
მეფე ხოსროვ ფარვიზი - ბელა შალვაშვილი - ნეკერი
სასიამოვნოა, რომ ყოველწლიურად მსოფლიო ლიტერატურის არაერთი კლასიკოსი ითარგმნება. ყველაზე ბევრი ფინალისტი, ტრადიციულად, ამ ნომინაციაშია. წლეულს, თუ პროგნოზებს დავეყრდნობით, ოთხი ძირითადი ფავორიტია: ირმა ტაველიძის თარგმნილი უელბეკი, ნანა ჯანაშიას - ორჰან ფამუქი, პრემია გალას გამარჯვებული მერი ტიტვინიძის მიგელ დე უნამუნო და პაატა ჯავახიშვილის ბორის ვიანი.

წლის საუკეთესო კრიტიკა,
ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
1. დავით ქართველიშვილი -
პროზისა და საკუთარი თავის შესახებ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2. ზურაბ ქარუმიძე -
ჯაზის ცხოვრება - სიესტა
3. მაკა ჯოხაძე -
სამოთხე უსიყვარულოდ - ინტელექტი
4. ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული - აღათო - უნივერსალი
5. ზურაბ აბაშიძე -
ცივი ომი - წარსული თუ დღევანდელობა - საარი
6. ზაზა აბზიანიძე -
ლიტერატურული პორტრეტები - ბაკმი
7. მირიან ებანოიძე - კლასიკის კვლევა არაკლასიკურ ეპოქაში - საგამომცემლო სახლი ქუთაისი
8. პორფირე -
თერიონის ვარდი - უნივერსალი

წელს შესაძლოა საბა აფროამერიკულ ჰანგებზე ამღერდეს - ზურაბ ქარუმიძის წიგნი - მხატვრულად გადმოცემული ჯაზის ისტორია - კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტია. უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ დავით ქართველიშვილს წიგნს - ერთგვარ ექსპერიმენტს ესეისტიკაში. ფავორიტად ითვლება ზურაბ აბაშიძის ნარკვევიც.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯიშკარიანი

კომენტარები