სამთავრობო ცვლილებები

სამთავრობო ცვლილებები - დღესასწაული რომელიც მუდამ ჩვენთან არის

“არ არის აუცილებელი ლამაზად გამოიყურებოდეს, არ არის აუცილებელი რაციონალური იყოს, უბრალოდ მთავარია, რომ მუშაობდეს და შედეგი მოჰქონდეს”, თქვა ადრე ტონი ბლერმა საკუთარი კაბინეტის მორიგი გადახალისებისას.

სააკაშვილის მთავრობაში ცვლილებებს ხალხი ისევე შეეჩვია, როგორც ინგლისში წვიმას. მისი მმართველობის სტილი ამაშიც ვლინდება. მართალია ხშირად, ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნის, ან თუნდაც მთელი სამინისტროს შექმნის რეზონი არათუ უბრალო მოკვდავთათვის, არამედ შესაძლოა თავად ამ გადაწყვეტილებათა ავტორისათვისაც, ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ ამაზე განსაკუთრებით აღარავინ ღელავს - ყველამ კარგად იცის, რომ არაფერია ისე წარმავალი, როგორც საქართველოს მთავრობის წევრობა.

ეს დაუწერელი კანონი საკუთარ თავზე არა ერთმა ჩინოსანმა იწვნია. უკანასკნელი მათ რიგში დიპლომატიიდან ეკონომიკის სამინისტროში დესანტირებული ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო, რომელმაც ადგილი სამოქალაქო სექტორიდან ახალწვეულ ვერა ქობალიას დაუთმო. ნათქვამია, პური მეპურემ გამოაცხოსო - ის ხომ ხაბაზების საოჯახო ბიზნესიდანაა გამოსული (ქალბატონ ვერას ოჯახი კანადაში European Breads Bakery-ს უძღვება) და მისი გვარის ეტიმოლოგია, სხვათა შორის, სწორედაც რომ „პურს” უკავშირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ კანადიდან რეპატრირებული „ძალიან წარმატებული ბიზნესვუმენი” ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს ქართულ ეკონომიკას, როგორც აქამდე დევნილთა უფლებებზე ზრუნავდა.

მოლოდინი, რომ წინა სამთავრობო ცვლილებათა ტალღაზე შექმნილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მინისტრ დავით ტყეშელაშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გადასვლასთან ერთად გაუქმდებოდა, არ გამართლდა. ამ სუპერსამინისტროს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაუდგება სათავეში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ჯანაშია კი სახელმწიფო დაცვის მშობლიურ სამსახურს უბრუნდება.

ყოველი ახალი სამინისტროს შექმნასთან ერთად, სულ უფრო მცირდება სხვაობა ჩვენს მთავრობასა და მონთი პაითონის მფრინავ ცირკს შორის. მართალია, სულელური სიარულის სამინისტრო ჯერ არ გვყავს, მაგრამ ყრმათა და თამაშობათა უწყების შექმნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ახალი მოადგილე ეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრსაც - პოლიტოლოგი თორნიკე გორდაძე, რომელიც ევროპულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. სამწუხაროდ, ამ დანიშვნით ჩვენმა გამოცემამ მუდმივი ავტორი დაკარგა.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობაში სულ 17 სამინისტრო და 3 სახელმწიფო მინისტრი იარსებებს. თუმცა იმის გამო, რომ უკანასკნელი დროის განმავლობაში შეცვლილი მინისტრების საერთო რაოდენობა კაბინეტის წევრთა 1/3 შეადგენს, ცვლილებების დამტკიცება პარლამენტს მოუწევს.

კომენტარები