კაჩინსკი კაჩინსკის შემდეგ?

იაროსლავ კაჩინსკი ამომრჩევლებს ხვდება
პოლონეთში 20 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. სეიმის სპიკერმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ, ხმათა 41.5% მოაგროვა, იაროსლავ კაჩინსკიმ - 37%. მემარცხენე ძალთა დემოკრატიული ალიანსის კანდიდატი, გრჟეგორჟ ნაპერალსკი, ხმათა 14%-ით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
კომოროვსკისა და მის პარტიას (სამოქალაქო პლატფორმა) ამ არჩევნების უპირობო ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ აპრილიდან მოყოლებული, განუწყვეტლივ იზრდებოდა იაროსლავ კაჩინსკისა და მისი პარტიის - კანონი და სამართლიანობის - რეიტინგი. როგორც ჩანს, იაროსლავ კაჩინსკიმ ბოლო დღეს მოახერხა ნეიტრალურ ამომრჩეველთა გადმობირება და, შედეგად, სულ რაღაც 4%-იანი სხვაობა დაფიქსირდა. პირველი ტურის ამგვარად დაგვირგვინებამ კომოროვსკი საგონებელში უნდა ჩააგდოს.
2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ასე მოხდა. მაშინ ლეხ კაჩინსკიმ პირველი ტური თითქმის ანალოგიური სხვაობით წააგო ახლანდელ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან (სამოქალაქო პლატფორმა), მაგრამ მეორე ტურში გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 2010 წლის შემოდგომაზე იყო დანიშნული. 10 აპრილის ტრაგედიამ, რომელმაც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად შეცვალა პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრების რიტმი.
კატინთან დატრიალებული ტრაგედია ლეიტმოტივად გასდევდა წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას. კატასტროფის მიზეზები დღემდე არ არის დადგენილი, გამოძიების პროცესი არ არის გამჭვირვალე და უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. მასალა ბევრია. მათი შესწავლა საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა რუსულმა მხარემ თავიდანვე პილოტის შეცდომის ვერსიის პროპაგანდა დაიწყო. საგამოძიებო მასალების პოლონური მხარისათვის გადაცემა ხშირად ყოვნდებოდა.
მაგრამ, იყო სკანდალებიც. პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკ ბარტოშ სტროინსკის თქმით, რუსულმა მხარემ პოლონელებს შავი ყუთის გაყალბებული ჩანაწერები გადასცა. გაშიფრული მასალა, რომელზეც პოლკოვნიკმა ხელი მოაწერა, განსხვავდებოდა რუსული მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციისგან.
პოლონეთში ბევრი საუბრობს დისპეტჩერის შეცდომაზე, როგორც კატასტროფის გამომწვევ მთავარ მიზეზზე. თვითმფრინავი ჩამოვარდა დასაფრენი ბილიკიდან 1000 მეტრის მოშორებით. კურსიდან ასეთი დაშორება დისპეტჩერებს უნდა შეემჩნიათ, თუმცა მათ პილოტის გაფრთხილება დააგვიანეს.
ვერ დგინდება, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ დისპეტჩერები. კატასტროფის შემდეგ არ ჩატარებულა ალკოტესტი. ერთ-ერთი დისპეტჩერი კატასტროფიდან სამ დღეში პენსიაზე გავიდა. საკითხავია, ასეთ რთულ აეროპორტში სამუშაოდ რამდენად შესაფერისი იყო საპენსიო ასაკის თანამშრომელი? გაჩნდა ეჭვები აეროპორტის რადარის გაუმართაობასთან დაკავშირებით. პოლონური მხარისათვის ჯერ არ მიუწოდებიათ შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროტოკოლები, აეროპორტის საკონტროლო კოშკის ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები. გაკვეთას არ დასწრებია პოლონეთის წარმომადგენელი. უცნობია, როდის და როგორ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიების განმავლობაში რუსულმა პრესამ გაავრცელა სხვადასხვა მცდარი ინფორმაცია. მაგრამ თვითმფრინავის პილოტს არც გამოცდილება აკლდა, არც რუსულ ენასთან ჰქონია პრობლემა, არც ლეხ კაჩინსკის ზეწოლა განუცდია და დაფრენაც მხოლოდ ერთხელ სცადა (და არა ოთხჯერ).
რუსეთის მიერ გამოძიების მასალების გაყალბება და სხვა დარღვევები ნოყიერ ნიადაგს ქმნის შეთქმულების თეორიებისთვის. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მხოლოდ უბედური შემთხვევა და კაჩინსკი გზიდან ჩამოიშორეს. ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ფიქლის გაზს უკავშირდება.
პოლონეთი ფიქლის გაზის 3 ტრილიონი კუბური მეტრის მარაგს ფლობს, რაც მომავალი 200 წლის განმავლობაში მთლიანად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნას და ევროპის ბუნებრივი აირის რეზერვებს 47%-ით გაზრდის. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ფიქლის გაზის სამრეწველო გამოყენება. ლეხ კაჩინსკი ამ რესურსების ათვისებას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლების უმოკლეს გზად მიიჩნევდა. 10 აპრილის ტრაგედიამდე ორიოდე დღით ადრე პოლონური ფიქლის გაზის ათვისებით დაინტერესდნენ წამყვანი ტრანსნაციონალური კორპორაციები - შევრონი, როიალ დაჩ შელი, ბრითიშ პეტროლიუმი, ტოტალი, ჰალიბარტონი, ექსონმობილი და შელი. ევროპაში ფიქლის გაზის მოპოვების პერსპექტივამ შეაშფოთა კრემლი: ამ შემთხვევაში დასამარდება რუსეთის ოცნება ენერგოექსპორტიორ სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე.
2009 წელს გაზპრომმა, წინა წელთან შედარებით, 22 მილიარდი დოლარით ნაკლები მოგება ნახა. გაზპრომს შტოკმანისა და ბოვანენკოს საბადოების დაკონსერვება მოუწია. ზარალის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც იყო, რომელსაც ფიქლის გაზის საკითხის გააქტიურებაც დაერთო.
პოლონური ფიქლის გაზის მასშტაბური პროექტის განხორციელება წესით არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ერთი ადამიანის სიცოცხლეზე. თუმცა, ეჭვებს აძლიერებს ახლანდელი ისტებლიშმენტის ნაწილის დამოკიდებულება ამ საკითხთან. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლონდონში ვიზიტად მყოფმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ფიქლის გაზის შესახებ საეჭვო კომენტარი გააკეთა - ამ გაზის მოპოვება ქვეყნის ეკოლოგიას დაანგრევსო. კომოროვსკის გამონათქვამებმა შიდაპარტიული უხერხულობაც შექმნა. რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), აქტიურად ლობირებს პოლონური ფიქლის გაზის მოპოვებისთვის ევროკავშირის ეკოლოგიური კანონმდებლობის შერბილებას. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო ნომინაციისთვის კომოროვსკიმ (ტუსკის დახმარებით) შიდაპარტიულ ბრძოლაში სიკორსკი დაამარცხა. კონტრასტისთვის, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი - იაროსლავ კაჩინსკი - ფიქლის გაზს პოლონეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური გაჯანსაღების ფორმულად მიიჩნევს და სჯერა, რომ პროექტი ქვეყანას „მეორე ნორვეგიად” აქცევს.
დამაფიქრებელი ფაქტორია პოლონეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის ენერგოთანამშრომლობა რუსეთთან. პოლონეთი ყოველწლიურად 14 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რომლის 70 პროცენტი რუსეთიდან შემოდის. ლეხ კაჩინსკი ეწინააღმდეგებოდა პოლონეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმების დადებას ან ძველის გაგრძელებას. 7 აპრილის ღონისძიებაზე, კატინის მემორიალთან, ტუსკი და პუტინი სიტყვიერად შეთანხმდნენ ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც მალევე გაფორმდა. 2037 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება პოლონეთისათვის ყოველწლიურად 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ამგვარად, პოლონეთი მომავლი 28 წლის განმავლობაში მთლიანად რუსულ გაზზე იქნება დამოკიდებული.
პოლონური არჩევნების მთავარი სიურპრიზი იაროსლავ კაჩინსკის ტრანსფორმაცია გახდა. ოპონენტთა მტკიცებით, იმიჯის კორექტირება კაჩინსკის ხმების მოზიდვაში ეხმარება, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა. იაროსლავის გუნდში არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ტრაგედიამ იგი სხვა ადამიანად აქცია. კაჩინსკი შესამჩნევად დაბალანსებული და სიტყვაძუნწი გახდა - პირველი საჯარო გამოსვლა ზუსტად 52 წამი გრძელდებოდა. ერთგვარი პოლიტიკური ამნეზიაც დაემართა და დაივიწყა მისთვის დამახასიათებელი ხისტი და კონფრონტაციული განცხადებები. მისი ჩაცმულობა - სამგლოვიარო სამოსი და შავი ჰალსტუხი - პოლონელებს ყოველდღიურად ახსენებს ტრაგედიას.
იაროსლავს, საარჩევნო კამპანიის დროს, თავისი პროგრამის წარდგენაც არ სჭირდებოდა; საკმარისი იყო ეთქვა, რომ სურს გააგრძელოს მოკლული ძმის საქმეები. ტრაგედიის შემდეგ ლეხ კაჩინსკის რეიტინგმა აიწია. კატასტროფის გაურკვეველმა ატმოსფერომ კაჩინსკი პოლონეთის ჯონ კენედად აქცია - სიკვდილმა მთლიანად გადაფარა სახელმწიფოს მეთაურის რეალური მიღწევები.
თუმცა, სიბრალული არჩევნების შედეგების მთავარი განმსაზღვრელი მაინც არ ყოფილა. ბრონისლავ კომოროვსკიმ ვერ მოახერხა პირველ ტურში პრეზიდენტის სავარძლის განაღდება. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მისთვის გარკვეულ ტვირთადაც იქცა. კომოროვსკის საარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა თანაპარტიელი, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი დონალდ ტუსკი. ტუსკმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არ ისურვა. მან მხარი დაუჭირა კომოროვსკის კანდიდატურას და არა ახლანდელ საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის. პოლონელი პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ტუსკს გავლენა ექნება კომოროვსკიზე და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გამარჯვებული შესაძლოა სწორედ ტუსკი აღმოჩნდეს.
ბრონისლავ კომოროვსკისთან მისი მთავარი კონკურენტი გარკვეულ კონტრასტს ქმნის. კაჩინსკი ქარიზმატულია, პოლონეთის ახლანდელ პრეზიდენტთან შედარებით, და განსხვავებით კომოროვსკისგან, რომელიც დონალდ ტუსკზე დამოკიდებულ პოლიტიკოსად მიაჩნიათ, კაჩინსკის დამოუკიდებელ მოთამაშედ იცნობენ. კაჩინსკები ევროპის ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გუნდად მიიჩნეოდა. ლეხი - იაროსლავზე მეტად კომუნიკაბელური - ხელისუფლებაში იყო, მაგრამ სწორედ იაროსლავი გახლდათ ქვეყნის მთავარი იდეოლოგი და პოლიტიკური შემოქმედი, რომელიც ძმას ჩრდილიდან კარნახობდა ხოლმე გადასადგმელ ნაბიჯებს.
კაჩინსკის საარჩევნო კამპანიას წაადგა მისი ოჯახური მდგომარეობაც. ცოლ-შვილი არ ჰყავს, ავადმყოფ დედას კი უკანასკნელ დრომდე უმალავდა ტყუპისცალი ძმის გარდაცვალებას. როგორც პოლონეთში ამბობენ, იაროსლავ კაჩინსკი საკუთარი კატების ამარაა დარჩენილი და, უბრალოდ, იძულებული იქნება, მთელი დრო და ენერგია სახელმწიფოებრივ საქმიანობას მოახმაროს.
გაპრეზიდენტების შემთხვევაში კაჩინსკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დონალდ ტუსკი დახვდება, პარლამენტში კი - ტუსკის პარტიისგან შემდგარი უმრავლესობა. პოლონური გამოცემა პოლსკა მიიჩნევს, რომ კაჩინსკისთვის უმჯობესი იქნება დამარცხება, რადგან გამარჯვების შემთხვევაში იგი ვეღარ გაუძღვება საკუთარ პარტიას და, ამავდროულად, შეზღუდული იქნება პრეზიდენტის პოსტზე. მისი ლიდერობით კი პარტიას დიდი შანსი ექნება მოიგოს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნები.
კომოროვსკის პრეზიდენტობის შემთხვევაში არ წარმოიქმნება დაპირისპირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლონეთი ერთადერთი იყო, რომელმაც 2009 წელი ეკონომიკური ზრდით დაასრულა, მაგრამ შემდეგ ზრდა შენელდა. სტაბილურობა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს პოლონური ელექტორატისათვის.
საბოლოო ჯამში, არჩევნების პირველმა ტურმა გამოავლინა არა მხოლოდ გამარჯვების კანდიდატები, არამედ პოლონეთის პოლიტიკურ სისტემაში მოსალოდნელი ძირეული ცვლილებებიც. პოლონური პოლიტიკის ახალი ნაყოფი 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომწიფდება.

ფიქლის გაზი
ფიქლის გაზი ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროა, რომელსაც განსაკუთრებული შემადგენლობის ქანებიდან იღებენ. ფიქლის გაზის მოპოვებით, ამერიკამ გადაუსწრო რუსეთს და ამჟამად მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მომპოვებელია. ამერიკის ბუნებრივი აირის ინდუსტრიის 20% ფიქლის გაზს უკავია. ფიქლის გაზის გამო ამერიკას აღარ დასჭირდა ბუნებრივი აირის იმპორტი.


 

კომენტარები