Adieu La France, Ciao Italia!

მსოფლიო ჩემპიონი იტალია და ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ - ორივე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
მარჩელო ლიპიმ და რაიმონ დომენეკმა, რომლებიც ოთხი წლის წინაც ხელმძღვანელობდნენ გუნდს, სანაკრებო კარიერა სამარცხვინოდ დაასრულეს.
სკუადრა აძურა, პირველ ორ შეხვედრაში მოპოვებული ამდენივე ქულის შემდეგ, სლოვაკეთთან მოულოდნელად 2:3 დამარცხდა. იტალიელებს მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ...
საფრანგეთის ნაკრებმა კი ჯგუფში სამიდან ორი მატჩი წააგო, ერთადერთი გოლი გაიტანა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
ფრანგთა შედეგი მოულოდნელი, მაგრამ, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო: ერთი მხრივ, რჩეული ფეხბურთელები, უდიდესი გამოცდილება და შესანიშნავად ორგანიზებული ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრება, მეორე მხრივ, არცთუ სასიამოვნო სიტუაცია გუნდში და მიუღებელი შედეგები ამხანაგურ მატჩებში.
უარყოფითმა გადაწონა: პირველ ტურში ურუგვაისთან უფერული თამაშის შემდეგ რაიმონ დომენეკის გუნდი მექსიკასთან დამარცხდა და... დაიწყო: ნიკოლა ანელკამ დომენეკს შეაგინა, მწვრთნელმა ფორვარდი გუნდიდან გააგდო, კაპიტანმა პატრის ევრამ, აქაოდა, ეს ამბავი გუნდს არ უნდა გასცდენოდაო, ორი ვარჯიში ჩაშალა, ფიზმომზადების მწვრთნელმა კი - თქვენთან მუშაობა აუტანელიაო, ევრას ეჩხუბა და შეკრება დატოვა.
ათ დღეში განვითარებული ეს მოვლენები მასპინძლებთან უკანასკნელ ტურში სამარცხვინოდ და ალბათ, ლოგიკურად დასრულდა: ფრანგები სამხრეთაფრიკელებთან 1:2 დამარცხდნენ, დომენეკმა კი მატჩის შემდეგ საყოველთაოდ მიღებული ეტიკეტი დაარღვია და მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს, კარლოს ალბერტო პარეირას ხელი არ ჩამოართვა.
ფრანგული სპორტული პრესა არასდროს მალავდა, რომ დომენეკი მოთამაშეების პატივისცემით ვერ სარგებლობდა და მისი დანიშვნა შეცდომა იყო. რაც შეეხება ოთხი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგების გასვლას, ჟურნალისტები ამ წარმატებას გენიოსი ზინედინ ზიდანის შეუდარებელი თამაშის შედეგად უფრო თვლიდნენ.
ზიდანის წასვლის შემდეგ, ევრო 2008-ზე, საფრანგეთი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. როგორც ახლა, მაშინაც მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა და ერთი ქულა მოიპოვა.
მაშინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელი არ დაითხოვა. სპეციალისტების და გულშემატკივრების წინააღმდეგობის მიუხედავად, დომენეკს ორი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ფრანგებმა მეორე ადგილი დაიკავეს, პლეი-ოფში კი ირლანდიას ტიერი ანრის ხელით და მსაჯის დახმარებით სძლიეს.
სახელმწიფო სკანდალი - ასე დაასათაურა ეკიპმა ნაკრებისადმი მიძღვნილი წერილი.
ფრანგები შინ 24 ივნისს დაბრუნდნენ, ტიერი ანრი კი იმავე დღეს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
თუმცა, მთავარი ახლა ისაა, რომ 1 ივლისიდან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება: ლორან ბლანი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი.
P.S. იტალია გახდა მსოფლიოს მესამე ჩემპიონი, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. პირველი ბრაზილია იყო 1966 წელს, მეორე კი - საფრანგეთი 2002-ში.


 

კომენტარები