აშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაცია. ამაზე საუბარია თეთრი სახლის მიერ 24 ივნისს გავრცელებულ ფაქტების ქრონიკაში, რომელშიც აღწერილია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის ერთწლიანი პოლიტიკის შედეგები. დოკუმენტში ერთ-ერთ საკითხად საქართველოცაა გამოყოფილი. „ობამას ადმინისტრაციას კვლავ სერიოზული უთანხმოება აქვს რუსეთის მთავრობასთან საქართველოს საკითხზე”, - ნათქვამია მასში.
თეთრი სახლის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და რუსეთისთვის თავისი სახელის - ოკუპანტის - დარქმევა დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა. „ორი წელია ვმუშაობთ ამ ტერმინის დასამკვიდრებლად. ეს ტერმინი საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივი კონსულტაციები გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. გუშინ მიეცა ზუსტი შეფასება იმას, რაც საქართველოში ხდება,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსეთი ოკუპანტად აქამდეც რამდენჯერმე მოიხსენია მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას ასისტენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 22 ივნისს, პრეზიდენტ მედვედევის რუსეთში ჩასვლამდე, მან განაცხადა, რომ „აშშ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციას უკანონოდ მიიჩნევს”. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ რეგიონში სტაბილურობა სურს, რისთვისაც საჭიროა დამკვირვებლების დაშვება და გამჭვირვალობის ზრდა რუსეთის საქმიანობასთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ამერიკელები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ რეგიონში სხვა შესაძლო სამხედრო ესკალაციაც აირიდონ თავიდან. გარდა ამისა, აგრძელებენ ზეწოლას, რათა გაძლიერდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები რეგიონში და რუსეთმა დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თეთრი სახლის დოკუმენტშია განხილული, არის რუსეთის შესაძლო მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO). პრეზიდენტმა ობამამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღებით ყველა ისარგებლებს. რუსეთი წლებია ცდილობს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველოს კი, რომელიც უკვე არის WTO-ს წევრი, შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლება და დაბლოკოს რუსეთის მიღება. ქართული მხარე კარგა ხანია ამ პოზიციაზეა და არც ახლა აპირებს, დაეთანხმოს ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი მედვედევი შესაძლოა იმედოვნებს, რომ საქართველოს პრობლემას პრეზიდენტი ობამა მოაგვარებს. ერთობლივი პრესკონფერენციისას პრეზიდენტებს საქართველოს საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონტექსტში არ განუხილავთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯიშკარიანი

კომენტარები