ქართული მაფია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა

არასაპარლამენტო ოპოზიციის, მაფიისა და რუსული სპეცსამსახურების კავშირზე საქართველოში ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ ეს ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ სახელისუფლებო პროპაგანდად აღიქმებოდა. ამჯერად, ამ კავშირს ევროპელი სამართალდამცველები და მედია ადასტურებენ.
„ერთი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში უდიდეს როლს ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებები თამაშობდნენ”, - იტყობინება ყოველდღიური გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau, ავსტრიის კრიმინალური პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით. ანგარიშის თანახმად, ეს კრიმინალური კლანი 2009 წელს ოპოზიციის ერთ ნაწილს დაუკავშირდა და საქართველოს მთავრობის დამხობას გეგმავდა. აქციების დაწყებამდე ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი იარაღის შეძენისა და სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის გამო დააკავეს. შემდეგ იყო მუხროვანის ამბოხიც. მაშინ საუბარი იმაზე, რომ ამ ყველაფრის მიღმა რუსეთი და მაფია იდგა, ბევრმა არასერიოზულად აღიქვა.
2009 წლის 12-13 მარტს, ოპოზიციის საგაზაფხულო აქციების დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, შევარდნაძის დროინდელი პარლამენტარისა და ბიზნესმენის, ლევან პირველის ინიციატივით, მოეწყო ქართული დიასპორის კონფერენცია ვენაში. კონფერენციას, რომელზეც საქართველოს სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ასამდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, „ჯორჯიან თაიმსის” მფლობელი და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი (ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება) და ვლადიმერ ხომერიკი, რუსეთ-საქართველოს ერთიანობის ფონდის ხელმძღვანელი მოსკოვში. ამ დროს ავსტრიაში, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე და აჭარის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის ახლო მეგობარი შალვა ბრეუსი. 13 მარტს ისინი კიევში შეხვდნენ. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მედიით გავრცელდა. ბათუმელი შალვა ბრეუსი, რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად რამდენიმე რუსული კომპანიის საბჭოს წევრია.
მარტის მეორე ნახევარში ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ბურჯანაძის პარტიის წევრები, იარაღის შესყიდვისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაგეგმვის გამო დააკავეს. გავრცელდა ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც. დაკავებულთა შორის იყო პარტიის აჭარის ფრთის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი, რომლის ძმა მიხეილ ავალიანი არხანგელსკის საკრებულოს წევრია. ერთ-ერთ ვიდეოში ოპოზიციის წარმომადგენელი მალხაზ გველუკაშვილი სწორედ ავსტრიულ შეხვედრებს ახსენებს და ამბობს, რომ ის ქართველები, რომლებიც ავსტრიაში რუსეთიდან ჩავიდნენ, მათი ხალხია და ამ ადამიანებს საკმარისი ფული აქვთ იმისათვის, რომ ქვეყანა (საქართველო) ისევ „ფეხზე დააყენონ”.
აქციების დროს ოპოზიცია ევროპაში „ფულის საშოვნელად” რომ დადიოდა, ამას აქციების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საჯაროდ აცხადებდა. ის ივნისში, დავით გამყრელიძესთან ერთად, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, კახა თარგამაძეს შეხვდა ბერლინში. მათი შეხვედრის კადრები „იუთუბის” მეშვეობით გავრცელდა. მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპაში მისი ვიზიტის მიზანი დაფინანსების მოპოვება იყო, მაგრამ კახა თარგამაძესთან მან სხვა საკითხები განიხილა.
ხელისუფლება 2009 წლის აქციების მიმდინარეობისასაც საუბრობდა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან აქციების აქტიურ მხარდაჭერაზე. მაშინ ბონდო შალიკიანისა და ტარიელ ონიანის სახელებმა გაიჟღერა. 2009 წლის 18 მაისს შალიკიანმა „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა: „ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა მას (სააკაშვილს) პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის, რაც გააკეთა”.
ოპოზიციის აქციების მიმდინარეობისას გამოჩნდა ასევე ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, ალექსანდრე ებრალიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. გივი თარგამაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაშინ რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა, რომ მუხროვანის 5 მაისის ამბოხს მხარს უჭერდა ებრალიძე, რომელსაც, თავის მხრივ, პუტინი აძლევდა მითითებებს. თარგამაძის ინფორმაციით, ამბოხების დაგეგმვაში შალიკიანი და ონიანიც მონაწილეობდნენ. ალექსანდრე ებრალიძის წარმომადგენელმა მაშინ ისიც განაცხადა, რომ ის საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალების შეძენას გეგმავდა.
ბონდო შალიკიანი, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი, კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ახლო მეგობარია. ამჟამად ორივე მოსკოვში ცხოვრობს. ტარიელ ონიანის კრიმინალური დაჯგუფება დაპირისპირებულია კალაშოვის დაჯგუფებასთან. კალაშოვი კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის, მეტსახელად დედ ხასანის, კლანს მიეკუთვნება. დედ ხასანი და ტარიელ ონიანი ერთმანეთს კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ, მისი ქონების მართვის გამო დაუპირისპირდნენ. დედ ხასანს უნდოდა კალაშოვის ქონება ლაშა შუშანაშვილისთვის ჩაბარებინა. დედ ხასანის მოკავშირე იყო იაპონჩიკი, რომელიც შარშან, სავარაუდოდ, ტარიელ ონიანის დაკვეთით მოკლეს. იაპონჩიკის დაკრძალვა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცერემონიალი იყო ბოლო წლების რუსეთში. იგი უფრო დიდი პატივით დაკრძალეს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი ელცინი. ეს არავის გაჰკვირვებია, ვინაიდან რუსეთში კრიმინალურ ავტორიტეტები გავლენიანი ადამიანები არიან. მათ მჭიდრო კავშირები აქვთ მმართველ ელიტასთან. მეტიც, კრიმინალური სამყაროსა და სამართალდამცველი ორგანოების გამიჯვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ზემოხსენებული კრიმინალური ავტორიტეტები რამდენჯერმე დააპატიმრეს და მალევე გაათავისუფლეს.
გერმანული გაზეთის, Frankfurter Rundschau-ს თანახმად, კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა, სწორედ კალაშოვის ახლო მეგობარი და დედ ხასანის კლანის წევრი ლაშა შუშანაშვილი ედგა სათავეში. ავსტრიასა და გერმანიაში მოსმენილი სატელეფონო საუბრებით გაირკვა, რომ შუშანაშვილის კლანს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აკავშირებდა რუდიკო გოგუაძე, ქართული რესტორნის მეპატრონე ვენაში. სტატიის ავტორმა ანდრეას ფიორსტერმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გოგუაძე რუსეთში მყოფ იგორ გიორგაძეს უკავშირდებოდა. გიორგაძეს კი ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილთან ჰქონდა კავშირი და მათ ფულს გადასცემდა. შუშანაშვილთან კავშირი აქვს აღმოსავლეთევროპული მაფიის ერთ-ერთ ლიდერს ზაქრო კალაშოვსაც, რომელიც ამჟამად დაკავებულია. ესპანურმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ. კალაშოვის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ საქმის ბევრ დეტალს, ალბათ, ნათელი მოეფინება.
გერმანული გაზეთის ცნობით, მათ ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. ავსტრიაში მცხოვრებ კრიმინალებს კავშირი ჰქონდათ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთანაც და მათგან ინფორმაციას იღებდნენ. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ისინი უკვე მუშაობენ სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე და ეძებენ შსს-ს იმ თანამშრომელს, რომელიც კრიმინალებთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობდა. გამორიცხული არაა, რომ ოპერატიულ თამაშთან გვქონდეს საქმე და თავის დროზე კოდუა-პატარკაციშვილის შემთხვევის მსგავსად, ახლაც შსს-ს რომელიმე თანამშრომელი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თანამშრომლობდა მაფიასთან.
ავსტრიელი აგენტები მაფიის კვალზე დაახლოებით ერთი წლის წინათ გავიდნენ. მიმდინარე წლის მარტში უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაცია რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა. შედეგად, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში 75 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, რუდიკო გოგუაძეც. ყველაზე მეტი - 25 ადამიანი - სწორედ ავსტრიაში დააპატიმრეს. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, ვინაიდან ორგანიზაციის მთავარი წევრები ვენაში ცხოვრობდნენ და მსხვილი ფულადი ოპერაციებიც ძირითადად იქ ტარდებოდა.
ავსტრია კარგა ხანია იქცა ქართველების მექად. ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც საზღვრების გახსნის შემდეგ ქართველმა იმიგრანტებმა მიაშურეს. სააკაშვილის მიერ სამსახურიდან დათხოვილი ზოგი კორუმპირებული მაღალჩინოსანიც ავსტრიაში დასახლდა. ვენაში დაიდეს ბინა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა, ანტიკორუფციული კანონების გამო, უცხოეთში გადაიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიაში რევანშისტებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც იმედი არ დაუკარგავთ, რომ შევარდნაძის დროინდელ გავლენას დაიბრუნებენ.
ავსტრიაში, მისი ნეიტრალური სტატუსის გამო, საბჭოთა სპეცსამსახურები ცივი ომის დროსაც თავისუფლად მოქმედებდნენ. სსრკ-ს ნგრევის შემდეგ ჩეკისტების დიდმა ნაწილმა სწორედ ორგანიზებული დანაშაულის სფეროში გადაინაცვლა.


 

კომენტარები