ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმებმა განაცხადეს, რომ „დროებით ტოვებენ” ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. საბაბად „რეალური პროგრესის” მიუღწევლობა, თანათავმჯდომარეების არაკონსტრუქციულობა და მიკერძოებულობა სახელდება.
საქართველოს საგარეო უწყებამ მარიონეტული რეჟიმის ამ ქმედებას „კრემლის სპექტაკლი” უწოდა. სოხუმის ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ტაბულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიგა ბოკერიას, ესაუბრა.

სოხუმმა განაცხადა, რომ ტოვებს ჟენევის მოლაპარაკებებს. რა არის ამის მიზანი?

მარიონეტული რეჟიმები, როგორც მხარე, ჟენევის მოლაპარაკებებში საერთოდ არ არსებობენ, არც ფორმალურად და არც რეალურად.
ეს არის რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც დაიწყო 12 აგვისტოს შეთანხმების შედეგად. საკითხის ისე დასმა, რომ ერთი მხარე გადის მოლაპარაკებებიდან, ვითარების არასწორი აღწერაა.
ჟენევის ფორმატი ასეთია - არის პლენარული სხდომა, სადაც მოლაპარაკებების ოფიციალური მხარეები არიან კონფლიქტის მხარეები - საქართველო და რუსეთი, პლუს ამერიკა. ევროკავშირი, ეუთო, და გაერო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები არიან.
რუსეთის ბოიკოტის გამო პლენარული სხდომები აღარ ტარდება. შეხვედრები მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო ჯგუფების ფორმატით, სადაც ყველა მონაწილეობს პერსონალური სტატუსით, და არა როგორც ოფიციალური მხარე. სწორედ ამ ფორმატით გამართულ შეხვედრებს მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური სტატუსით ესწრებიან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, ისევე როგორც დევნილი ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები.

რატომ მიიღეს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა?

ჟენევის მოლაპარაკებების შანტაჟირება მუდმივი მეთოდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოლაპარაკებები მათთვის სასურველი გზით არ მიდის ხოლმე.
ასე მაგალითად, ერთი წლის წინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს ელოდებოდნენ აფხაზეთში მდგომარეობის შესახებ, იგივე სპექტაკლი გაითამაშეს - მოლაპარაკებებიდან ყველა გავიდა, ჯერ სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, შემდეგ ცხინვალის, მოგვიანებით უკვე უშუალოდ ოფიციალურმა მოსკოვმა თქვა უარი მონაწილეობაზე, რადგან მოლაპარაკებებს „მთავარი მონაწილეები” არ ესწრებოდნენო.
მათ უნდოდათ, ეიძულებინათ ჩვენი მოკავშირეები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით უკან დაეხიათ. ამ საკითხში რუსეთი იზოლირებული აღმოჩნდა. თანათავმჯდომარეების მხრიდან გამოხატული ძალიან მკვეთრი რეაქციის შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა, დაბრუნებოდა მოლაპარაკების მაგიდას.
საბჭოთა დროს არსებობდა გრომიკოს ცნობილი დოქტრინა, რომ უნდა წამოაყენო აბსურდული, აგრესიული და მაქსიმალისტური საკითხები და შედეგად მიიღო რაღაც მინიმუმი. ეგ დრო წავიდა.
მათ ან ჟენევის მოლაპარაკებებში დაბრუნება და ამ ტონისა და დამოკიდებულების შეცვლა მოუწევთ, ან სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოლაპარაკებები არ ჩაიშლება.

რისი მიღწევა უნდა ამით რუსეთს?

რუსეთი მოითხოვს, რომ თბილისმა, თურმე, უნდა გააფორმოს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმება სოხუმთან და ცხინვალთან. ასეთი მიდგომა არც ჩვენ გავიზიარეთ და, რაც უფრო მთავარია, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჟენევის ბოლო რაუნდის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამ საკითხთან შესახებ.
ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა რუსებთან შესაძლებელია, თუ საჭირო იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს 12 აგვისტოს შეთანხმება, რომლის შესრულებაც სამართლებრივად სავალდებულოა. მასში არის როგორც ცეცხლის შეწყვეტისა და ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება - ჩვენთვისაც და რუსეთის ფედერაციისთვისაც - ასევე სხვა პუნქტებიც, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან.
ჩვენ ბოლომდე ვასრულებთ ამ შეთანხმებას. რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს - არც ჯარების გაყვანის, არც სხვა ვალდებულებებს. ამიტომ ახლა თქმა - დავდოთ ახალი შეთანხმება, რომელშიც რუსეთი კი არ იქნება მხარე, არამედ მის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმები და რუსეთს აღარ ექნება ვალდებულება ჯარების გაყვანისა - აბსურდია. რუსეთი ცდილობს, ე.წ. „ახალი რეალობის” ლეგიტიმაციას, მაგრამ ეს არ მოხდება. ამასთან დაკავშირებით პოზიცია არა მხოლოდ საქართველომ, არამედ შეერთებულმა შტატებმაც ძალიან მკაფიოდ გამოხატა.
ამიტომ, ნებისმიერი ახალი შეთანხმება თუკი დაიდება, დაიდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან და, გარდა ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულებისა, იქ უნდა იყოს ის ვალდებულებებიც, რომლებიც ისედაც აქვს რუსეთს აღებული და არ შეუსრულებია - პირველ რიგში, ჯარების გაყვანა.

რა მიზანს ისახავს საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებზე?

ჩვენი მიზანია დეოკუპაცია და აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა - საერთაშორისო ძალების განლაგება, რათა დევნილებმა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება შეძლონ, შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედითი გარანტიები. ეს ყველაფერი სხვა უფრო რთულ საკითხებზე მოლაპარაკებათათვის ხელშემწყობ გარემოს შექმნის.
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციით, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთის მხრიდან პოლიტიკის პრინციპული ცვლილების პირობებში, ანუ იმ ფაქტის მიღებით, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ კურსს.
შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა არ მოხდეს მყისიერად, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ პროცესი დაიძრა, ეს იქნება ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობებისა. ჯერჯერობით ეს არ ჩანს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რაზეც საქართველო დგას. ეს არის მოდერნიზაცია, ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა და რეფორმების გაგრძელება.
ეს არ არის ადვილი გზა. ეს გზა შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვენ გვსურს. ამ გზის ბოლომდე მიყვანას სჭირდება ნებისყოფა, სიმტკიცე და რწმენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას შეძლებს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების „გადატვირთვას” საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერა შეეწირა?

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახალი პრეზიდენტი და ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში, როცა საქმე ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება. ეს ე.წ. გადატვირთვა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე არ ხდება ამ ფუნდამენტური პრინციპების დათმობის ხარჯზე.
ერთ-ერთი ასეთი პრინციპია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი თავისუფალი არჩევანის მხარდაჭერა. ამას ხაზს უსვამდნენ ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ეტაპზე.
აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ღრმავდება. ისინი აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას ყველა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებით.
ობამას ადმინისტრაციამ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო საქართველოს უსაფრთხოებაში. ამ პოლიტიკის შედეგად დღეს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე მკვეთრად შემცირებულია.



 

კომენტარები