ტორტი

0 კომენტარი

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს შადრევნები, ესტაკადები, ხიდები... ასევე გვაქვს ნაკურთხი მანქანები, საეკლესიო მაღაზიები... მაგრამ არ გვაქვს არც ერთი სექს-შოპი. ვითომ დიდი ამბავი, რომ არ გვაქვს, როგორღაც ხომ ვმრავლდებით. მაგრამ ასე ხომ ცხოველებიც მრავლდებიან. არადა, არც ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი არ მეგულება, სადაც არაა სექს-შოპი.

ჩვენ გვრცხვენია სექსზე ლაპარაკი. ჩვენ რაღაცნაირად გვერიდება პრეზერვატივის ყიდვა აფთიაქში თუ სუპერმარკეტში. ჩვენ გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს დედებს ჩვენს მამებთან ჰქონდათ სექსი. არადა, ჰქონდათ! ჩვენ დავპატიჟებთ საყვარელ ქალს სახინკლეში, მაგრამ ვერ ვაჩუქებთ მას ფალოიმიტატორს, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან პრაქტიკული რამეა.

ჭეშმარიტად საოცარია, როცა დააკვირდები და აღმოაჩენ, რამდენი სექსუალურად არარეალიზებული ადამიანი დადის თბილისის ქუჩებში. შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად გამოარჩევ მათ შეწუხებულ სახეებს და ისტერიულ გამოხედვებს. მათი უმეტესობა - ქალიც და კაციც - ყოველთვის რაღაცნაირად მომართულია. შარზე შეიძლება არ არიან, მაგრამ უფრო კაპასები ნამდვილად ბრძანდებიან, უფრო იოლადაც ფეთქდებიან, ღიზიანდებიან, და საერთოდ, ყოველმხრივ ნეგატიურად არიან დამუხტულები. არადა, რა ჯობია სექსუალურად დაკმაყოფილებული ქალის მზერას?

მგონი, სექსის არქონის გამოა ამდენი აგრესიაც. ჩვენ ერთმანეთს უფრო ადვილად დავამტვრევთ ყბებს, დავულეწავთ ძვლებს, დავუსახიჩრებთ სხეულს და დავუნაყავთ ცხვირ-პირს, ვიდრე ჩვენს ცოლს კუნილინგუსს გავუკეთებთ. არადა, იმსახურებენ! ჩვენი საყვარელი ქალები ნამდვილად იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე მრავალსართულიან სადღეგრძელოებში და ლოცვებში მათი მოხსენიებაა.

რასაკვირველია, ერთი სექს-შოპი მთელ პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ეს ნამდვილად იქნებოდა ნაბიჯი წინ. თანაც უდიდესი ნაბიჯი. მგონი, ეს იქნებოდა იმის ერთგვარი ნიშანი, რომ არ ვართ ბნელი ხალხი, არ ვართ დაძაბულები, არ ვართ ჩაკეტილები. სხვათა შორის, ხშირად ასკეტურობა საფუძველია არასრულფასოვნების კომპლექსის, ერთმანეთის მიმართ გაუცხოების, პანიკის და ა.შ. ძალიან ძნელია ჩვენი დედების სექს-შოპში წარმოდგენა, როგორ არჩევს იგი ინტიმურ კოსმეტიკას, ეროტულ თეთრეულს, ტყავის წკეპლას ან რამე ლატექსის აქსესუარს თავისთვის, თავისი ქმრისთვის ან სექსუალური პარტნიორისთვის. სამაგიეროდ ადვილად წარმოვიდგენთ ჩვენს დედებს თავწაკრულებს ხელში ცოცხით და აქანდაზით... ოღონდ არა ფალოიმიტატორით!

ჩვენ რომ გვითხრან, სექსაპილური დედა ან ცოლი გყავსო, გავბრაზდებით. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ევროპელი ამას დიდ კომპლიმენტად მიიღებდა. ამიტომ, ვერ ვხვდები, მე რომ ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი როგორ ვარ, როდის ვარ, სად ვარ, რაში ვარ, რატომ ვარ, რითი ვარ. არადა, პირადად მე, მინდა ვიყო ევროპელი. ძალიან მინდა. არ მინდა მქონდეს ამდენი ნაკურთხი მანქანა, სამარხვო ტორტი, საეკლესიო მაღაზია... სამაგიეროდ მინდა მქონდეს სექსის მაღაზია.

შეიძლება, მე ვაზვიადებ და სულაც არაა თბილისი ასექსუალური ქალაქი. შეიძლება, არც ქართველია ისე გაავებული, დაძაბული და გაბოროტებული ასკეტურობის გამო, როგორც მე მეჩვენება. მაგრამ მგონია, რომ რაღაცნაირად ვერ ვართ სექსუალურად რეალიზებულნი. ვერ ვღებულობთ სექსით სიამოვნებას. ვერ ვგრძნობ სექსის სუნს. სამაგიეროდ ვგრძნობ საკმევლის, ოფლის და აგრესიის სუნს. ის კი არა, მგონია, რომ სიტყვა „სექსი” დღემდე ვერ მოვიშინაურეთ. თითქოს შევეჩვიეთ მას, ყურსაც ისე აღარ გვჭრის იგი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვგუობთ მას, რაღაც გვეხამუშება. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუსმენთ ქართულ სიმღერებს პეპლებზე, აფრებზე, თოვლზე, ღვინოზე, ვაშლის გამყიდველზეც კი, მაგრამ არა სექსზე. სექსზე სიმღერას ჩვენ ვერ ვუსმენთ სახეზე ღიმილის გარეშე. გაიხსენეთ ნებისმიერი ქართული სიმღერა, სადაც სიტყვა სექსია ნახსენები და ნუ გაიღიმებთ.

გავანებოთ იმას თავი, რომ სექსი აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას და ზრდის შრომისუნარიანობას. სიყვარული და შრომა კი, ფროიდს თუ დავესესხებით, ჩვენი ადამიანურობის მთავარი ქვაკუთხედებია, ხოლო ლიბიდო ფსიქიკის, და ზოგადად, მთელი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. ასკეტურობა კი მრავალ სექსუალურ კომპლექსს იწვევს, რომლებიც, თავის მხრივ, ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემის წყაროა. სხვა თუ არაფერი, რეგულარული სექსი უბრალოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ძნელი სათქმელია, ასე რატომ ჩამოვრჩით, რამ ჩაგვკეტა და დაგვაკომპლექსა. ისრაელშიც კი, წმინდა მიწაზე, თითქმის იმდენივე სექს-შოპია, რამდენიც მეტროს სადგურია თბილისში.

დაბოლოს, ჩვენთან ეს იმდენად წამგებიანი თემაა, რომ ვერც ერთი ქართული პოლიტიკური პარტია ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს. სანამ ამდენი ნაკურთხი მანქანა ივლის, ამდენი სამარხვო ტორტი გამოცხვება, ამდენ ჩაქაფულს აიტანენ აღდგომის დღეებში საფლავებზე, მანამდე არ გაიხსნება სექს-შოპი თბილისში. ზოგი ამბობს, რომ ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ზოგი იბრძვის დღესვე. ზოგი მოდის საქმით და გვპირდება საქმეს. ზოგი გვთავაზობს იაფ გაზს და უფასო წყალს. მაგრამ არავინ გვპირდება სექს-შოპის გახსნას. წარმოიდგინეთ პარტია, რომელიც, სხვა რამეებთან ერთად, სექსის მაღაზიის გახსნასაც დაგვპირდებოდა. როგორ ფიქრობთ, ექნებოდა მას გამარჯვების შანსი? მგონი, არანაირი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები