როცა სიკვდილი ახლოსაა

ვეგეტატიური ეწოდება პაციენტის მდგომარეობას, როდესაც მას არ შეუძლია გარე გაღიზიანებაზე რაიმე ხილული ფორმით პასუხის გაცემა. მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტები უიმედოდ ითვლებოდნენ მანამ, სანამ ბრიტანელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა არ აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც შეიძლება ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან კომუნიკაცია. მათ მოახერხეს ავტოკატასტროფის შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში საწოლს მიჭაჯვულ 29 წლის მამაკაცთან კონტაქტის დამყარება. პაციენტი მანამდე სიცოცხლის არანაირ ხილულ ნიშნებს არ ავლენდა. უდავოა, რომ ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სიცოცხლის უზრუნველყოფის აპარატიდან ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გამორთვის საკითხს.
ყველაფერი კემბრიჯის უნივერსიტეტში, სამედიცინო კვლევითი საბჭოს შემსწავლელ განყოფილებაში დაიწყო. მეცნიერთა ჯგუფმა, დოქტორ ადრიან ოუვენის ხელმძღვანელობით, მოიფიქრა ტვინის აქტივობის მონიტორინგისთვის მაღალტექნოლოგიური სკანერის გამოყენება. შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტს მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია - „კი” ან „არა”. მათ პაციენტს მისცეს სპეციალური ინსტრუქცია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ეფიქრა... ჩოგბურთის თამაშზე, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში - საკუთარ სახლზე. ამ დროს მისი ტვინის სხვადასხვა მონაკვეთი აქტიურდებოდა, რასაც სკანერი სათანადოდ აფიქსირებდა. „შედეგები განსაცვიფრებელია. პაციენტის ტვინის აქტივობის მიხედვით დავადგინეთ, რომ ის შეკითხვებს სწორად პასუხობს,” - აცხადებს დოქტორი ოუვენი.
ამ კვლევაზე დაყრდნობით ის ვარაუდობს, რომ ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები შეიძლება იმაზე უკეთ აზროვნებდნენ, ვიდრე ჩანს. „იმის გასაკეთებლად, რასაც ჩვენ ვთხოვთ, პაციენტს უნდა ესმოდეს ინსტრუქციები, უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული მეხსიერება, რათა გაიხსენოს ის მოქმედება, რომლის წარმოსახვით შესრულებასაც ითხოვენ მისგან და მოახერხოს გონების კონცენტრაცია შესაბამის საკითხზე”. - ამბობს ოუვენი. ჩატარებული კვლევებით გამოჩნდა, რომ ყოველი ხუთი ვეგეტატიური პაციენტიდან ერთის ტვინი მაინც ფუნქციონირებს სრულად, თუმცა, მათ ყოველთვის არ აქვთ საშუალება, გარე სამყაროს რაიმე გააგებინონ. ცნობილია, რომ ვეგეტატიურად მიჩნეულ პაციენტთა 40% ადრე თუ გვიან ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას გარშემომყოფებთან.
მეცნიერებმა პირველ შედეგებს თებერვლის დასაწყისში მიაღწიეს, თუმცა, მეთოდის საიმედოობისთვის ისინი კვლევებს აგრძელებენ. მათ ექვს ჯანმრთელ მოხალისეზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ მეთოდი 100%-იანი საიმედოობით მუშაობს. თუმცა, მას აქვს ნაკლიც. პაციენტის სკანირება იმდენჯერ, რამდენჯერაც ვინმეს მისთვის კითხვის დასმა მოუნდება, საკმაოდ არაპრაქტიკულია. ამიტომ, კვლევითი საბჭოს წევრები უფრო იაფი და მოსახერხებელი მეთოდის შექმნაზეც მუშაობენ.
გარდა იმისა, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება გავიგოთ, განიცდის თუ არა პაციენტი ტკივილს, არის კიდევ ერთი მომენტი. ალბათ ძნელი წარმოსადგენია იმაზე დიდი ტანჯვა, რასაც უსიცოცხლო სხეულში გამოკეტილი საღი აზროვნების მქონე პაციენტი განიცდის, რადგან კომაში მყოფი ადამიანისგან განსხვავებით, ვეგეტატიურ პაციენტს, უბრალოდ, ძალიან ღრმად სძინავს. ექიმები ასეთ პაციენტებს გამოჯანმრთელების თითქმის ნულოვან შანსს აძლევენ და ხშირია შემთხვევები, როდესაც მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზეც ნაკლებად ზრუნავენ. გამოკვლევა კი, ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს.


 

კომენტარები