ამინაზინი იაფად

0 კომენტარი

„ფარმაცევტულ სფეროში პრინციპის - ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს - გამოყენება არ შეიძლება”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ოპოზიციური ფრაქციიდან და მოითხოვა მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ზღვარის დაწესება, შემდგომ კი მისი სახელმწიფო კონტროლი. მეორე არანაკლებ ოპოზიციურად განწყობილმა პარლამენტარმა იგივე საკითხზე მოსმენა მოაწყო და შეხვედრის გახსნისას ყველას მოუწოდა, ისეთი რეგულირების მექანიზმი მოეფიქრებინათ, რომ ერთი მხრივ, წამლები ხელმისაწვდომი გაეხადათ, ხოლო მეორე მხრივ, ფარმაცევტულ სფეროში მოღვაწე კომპანიები არ დაეზარალებინათ. უდავოდ „კეთილშობილური” მოწოდებაა, თუმცა მასაც ფასების რეგულირებამდე მივყავართ.

კლასიკური შემთხვევაა, რომლის მაგალითებიც ისტორიაში უამრავი არსებობს - ფასები იზრდება, რასაც ბუნებრივად მოჰყვება მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა, ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, „თავისუფალ ბაზარსა” და „კაპიტალისტთა სიხარბეს” თუ „სიძუნწეს” ბრალდება. მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, ერთი შეხედვით, არც ისე რთულია - საჭიროა მხოლოდ ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზის დადგენა. მაგრამ ამისათვის საჭიროა ეკონომიკის საფუძვლების ელემენტარული ცოდნა, ან ამ საკითხით დაინტერესება და კვალიფიციური მრჩევლის მოძიება. პირველი ეზარებათ, მეორე არ ეკადრებათ - ესეც კლასიკური შემთხვევაა.

შედეგად, ვიღებთ მარტივ გამოსავალს - დავარეგულიროთ ფასები! თუ მედიკამენტები იქნება „იაფი”, მათ ყიდვას ყველა შეძლებს. საკმარისია ამ იდეის რამდენჯერმე გაჟღერება და კეთილშობილი, გაჭირვებულებზე მზრუნველი პოლიტიკოსის იმიჯი გარანტირებული გაქვს.

მაგრამ... თუ შესაძლებელია ხელოვნურად დავწიოთ ფასები მედიკამენტებზე, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე სხვა, გაჭირვებულთათვის არანაკლები მნიშვნელობის მქონე პროდუქტებზე? რატომ არ ვაიაფებთ ხელოვნურად საკვებს, ტანისამოსს, საცხოვრებელ ბინებს?

მსგავს ინიციატივებს საფუძვლად მცდარი წარმოდგენები უდევს. ამ პოლიტიკოსებს ალბათ სჯერათ, რომ პროდუქტებზე ბუნებაში არსებობს ერთგვარი „ობიექტური” ფასები, ხოლო არსებული ფასები გარკვეული „მუდმივაა”, რომელიც შეიძლება ხელოვნურად დაიყვანო „ობიექტურ” დონემდე. ფასების მიმართ კი მუდმივი ერთადერთი ის არის, რომ ისინი მუდამ ცვალებადია.

და მაინც, რა ხდება, როდესაც სახელმწიფო ხელოვნურად აწესებს ფასის მაქსიმალურ ზღვარს რაიმე ტიპის პროდუქციაზე?

როდესაც რომელიმე პროდუქტი ხელოვნურად იაფდება, ანუ მასზე „დაწესებული” ფასი ნაკლებია იმ ფასზე, რომელსაც თავისუფალი ბაზარი დაადგენდა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება. მეორე მხრივ, რადგან ფასი დაბალია, ამ პროდუქტის მომწოდებელი კომპანიების მოგების მარჟა მცირდება (ან ქრება) და პირდაპირპროპორციულად კლებულობს მათი მოტივაცია, მიაწოდონ ბაზარს ეს პროდუქტი. შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც გარკვეული პროდუქტის მყიდველი ბევრია, ხოლო მიმწოდებელი ცოტა. ასე იბადება დეფიციტი.

მოგების მარჟის კლება სხვა უარყოფით შედეგსაც იწვევს. პატარა ზომის კომპანიები, რომლებიც ისედაც პატარა მოგებაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ, კონკურენცია გაეწიათ შედარებით მოზრდილი კომპანიებისთვის, საერთოდ განიდევნებიან ბაზრიდან, რადგან დაწესებული დაბალი ფასი მათ ფუნქციონირებას აზრს უკარგავს (ზარალზე მოუწევთ მუშაობა). ანუ შეიზღუდება კონკურენცია, რაც უარყოფითად იმოქმედებს „გაიაფებული” პროდუქტის ხარისხზე.

და ბოლოს, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ჩნდება შავი ბაზარი, რომელიც ცდილობს, შეავსოს სახელმწიფოს ჩარევით გაჩენილი ხვრელები. ანუ, დეფიციტური პროდუქცია გაიყიდება ბაზრის მიღმა და, რაც მთავარია, ბევრად უფრო მაღალ ფასში, ვიდრე ის თავისუფალი ბაზრის პირობებში გაიყიდებოდა.

დეფიციტი, უხარისხო მედიკამენტები აფთიაქებში და „ხელზე ნაყიდი” ძვირი წამლები - ეს არის ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ხელოვნურად დაწევის შედეგი. ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ზუსტად ემახსოვრება, რას ნიშნავს ეს. თუ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ უფრო ჭკვიანია, ვიდრე საბჭოთა „გოსპლანი”, ძალიან ცდება.

ფასების ზრდა ცუდია. ცუდია ყველასთვის - როგორც გაჭირვებულებისთვის, ისე შეძლებულებისთვის. მაგრამ ფასების ზრდას აქვს მიზეზები. და ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი: ან პროდუქცია დეფიციტურია, ან ფულის მასის ოდენობა გაიზარდა.

თუ პროდუქცია დეფიციტურია, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქციის ბაზარი არ არის საკმარისად თავისუფალი. ანუ ვისაც სურვილი აქვს, ამ ბაზარზე შევიდეს და საკუთარი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს, უჭირს ან არ შეუძლია ამის იოლად გაკეთება. შედეგად, დაბალია კონკურენცია და მაღალია ფასები.

თუ ფულის მასა გაიზარდა, ესე იგი, ხელისუფლება ბეჭდავს ახალ ფულს, რათა დააფინანსოს ისეთი ხარჯები, რომელთა დაფინანსებასაც არსებული შემოსავლები ვერ უზრუნველყოფენ.

ორივე შემთხვევაში, როგორც ბაზრის შეზღუდვა, ისე ახალი ფულის მიმოქცევაში გაშვება, მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების ზრდა ყოველთვის ხელისუფლების დამსახურებაა.

301 წელს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ე.წ. „მაქსიმალური ფასების დეკრეტი”. ისიც ინფლაციას ებრძოდა. მანაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” პროდუქტებით დაიწყო. დიოკლეტიანე სიკვდილით სჯიდა არა მარტო მათ, ვინც დაწესებულ ფასზე ძვირად გაყიდდა პროდუქტს, არამედ მათაც, ვინც საერთოდ გაყიდვაზე უარს იტყოდა. ამ პოლიტიკამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, შიმშილით დახოცილთა რაოდენობა მრავალჯერ აღემატებოდა იმპერატორის მიერ დახოცილთა რიცხვს.

არ ღირს მსგავსი შეცდომების განმეორება. ამისთვის კი მეტი უნდა ვიკითხოთ, ეკონომიკა თუ არა, ისტორია მაინც; რომის თუ არა, საბჭოთა მაინც.

კომენტარები

Undefined
// //728x90home_bottomother_bottom