კობის სამყარო და მარკ კიუბანის ლექსიკა

0 კომენტარი

რეგულარული სეზონის დროს ყველაზე პოპულარული ჟურნალების გარეკანებზე ძირითადად ისინი ხვდებიან, ვისაც პლეი-ოფში ამის მცირე შანსი ექნება. რეგულარული ლებრონ ჯეიმსის, დუაიტ ჰოვარდის, კარმელო ენტონის პერიოდია და მერე პლეი-ოფი, სხვების დრო იწყება.
NBA-ს სახე ლებრონია და ყველაზე მაგარი - მაინც ბრაიანტი. ჯეისონ კიდი ნოემბერ-მარტში სამმაგ დუბლებს აკეთებს და პლეი - ოფში უკვე მეორადი მოხმარების საგანია. გახუნებული, ვერაფერს რომ ვერ მოარგებ და ვერსად ვერ გამოიყენებ.
სეზონი დასრულდა, ლეიკერსმა ფინალში 4:3 მოუგო სელტიქსს, მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი და რევიუშიც ამ 9 თვის ყველაზე საინტერესო ამბებზე ვისაუბრებთ.
ლეიკერსმა ყველაზე რაციონალურად გადაანაწილა სახელფასო ფონდი და ლიგაში საუკეთესო, ასაკითაც მომხიბვლელი ხუთეული დააყენა. კობიმ თითქმის მთელი რეგულარული ფილ ჯექსონის შემტევ სამკუთხედში რონ არტესტის აკლიმატიზაციას დაახარჯა და ბევრიც ინერვიულა.
არტესტმა სუსტად, უმოტივაციოდ ჩაატარა პირველი ორი სერია, ფინიქსთან კი სტივ ნეში გააქრო და ბოლო ორ 48 წუთში პერსონალურად ეთამაშა მასზე ბევრად მაღალ და ფიზიკურად ძლიერ ამარე სტაუდმაიერს. რონის უნივერსალიზმი ყველაზე უფრო ფინალში გამოჩნდა. კევინ გარნეტი, რეიჯონ რონდო, პოლ პირსი, რეი ალენი - ჯექსონმა არტესტი მონაცვლეობით ყველას დაუყენა და სამჯერ დაპატიმრებულმა, 15 დისკვალიფიკაციით დასჯილმა რონმა ლტოლვით, უხეშად, მოტივირებულმა, ყველაზე სტაბილურად ითამაშა.
არტესტის სახით კალიფორნიელებმა ძალიან ძლიერი ინდივიდუალური დამცველი აიყვანეს, მაგრამ გუნდი ვერ გახდებოდა ჩემპიონი პო გასოლის გარეშე.
ესპანელი ნომინალურად მძიმე ფორვარდია. როდესაც ელ ეის გუნდს ენდრიუ ბაინუმი დაემტვრა, ფილმა იძულებითი როტაციით გასოლი ცენტრზე დააყენა და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ლამარ ოდომი თამაშობდა. ბაინუმი დაბრუნდა, მაგრამ გუნდი მაინც პო-ლამარის ტანდემს ენდობოდა და ფინალში ლეიკერსმა სიმაღლით მოიგო.
სელტიქსმა ამ შემადგენლობით ბოლო სამ სეზონში მეორედ გაჩემპიონების კარგი შანსი ვერ გამოიყენა და, ალბათ, მომდევნო რეგულარულს, სულ მცირე, 6 ახალი მოთამაშით და ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდება. დოკ რივერსს კონტრაქტი დაუმთავრდა და ბოსებს შეუთვალა, სამ სეზონში 23 მილიონი დოლარი მინდაო. გუნდის მფლობელებმა 20 მილიონი შესთავაზეს და მოლაპარაკება აღარ განახლებულა.
სეზონის სტარტზე და რეგულარულის მსვლელობისას ყველაზე მეტს დალას მავერიქსი ხარჯავდა. ენერგიას, დროს, ფულს - ტეხასელების მფლობელი, მილიარდერი მარკ კიუბანი დირკ ნოვიცკისთვის (მისი აზრით) უნაკლო გუნდის დაყენებას ცდილობს და, უკვე მეოთხე სეზონია, ბევრს ვერაფერს აღწევს.
კიუბანმა დირკს, ჯეისონ კიდს და შონ მერიონს კარგი ცენტრი ბრენდან ჰეივუდი და უნივერსალი მსროლელი კეირონ ბატლერი დაუმატა. ნოვიცკიმ სოლიდური სეზონი ჩაატარა, მერე კი დაიწყო პლეი-ოფი და დალასი პირველ წრეში სან ანტონიოსთან დამარცხდა. სერია პირადად მოიგეს დანკანმა და მანუ ჯინობილიმ.
კიუბანს ბევრი ფული აქვს და ამ ფულის დახარჯვა უყვარს. სან ანტონიოსთან მეორე, წაგებული მატჩის შემდეგ, ბოსმა ბრიფინგი მოაწყო, სადაც აღნიშნა, თუ ლიგის კომისარს, დევიდ სტერნს ჰგონია, რომ ცხენის სასქესო ორგანოზე მომხიბვლელია, მაშინ დედაჩემი კრისტინა აგილერააო. კიუბანს 440 000 დოლარი გადაახდევინეს. ორ დღეში, სპურსის და მავერიქსის მესამე მატჩამდე, მარკმა კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაატარა და დევიდ სტერნს ბოდიში მოუხადა. მისტერ სტერნ, უკაცრავად, ცხენი ჩემი ცოლის საყვარელი ცხოველია და თქვენ უფრო ღორის სასქესო ორგანოს მაგონებთო. ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა მარკის საბანკო ანგარიში კიდევ 600 000 დოლარით შეამსუბუქა.
სან ანტონიოს თემა უახლოეს წლებში ვეღარ იქნება აქტუალური, ყოველ შემთხვევაში, ამ შემადგენლობით. გრეგ პოპოვიჩს საჩემპიონო რესურსის დეფიციტი აქვს და თუ ტიაგო სპლიტერი ვერ გაამართლებს, სპურსმა იქნებ დიდი სამეულიდან (დანკანი-პარკერი-ჯინობილი) ერთ-ერთის გაყიდვაზე დაიწყოს ფიქრი. დანკანი, ალბათ მაინც ხელშეუხებელია და პარკერის აყვანა უკვე რამდენიმე გუნდს სურს. სხვებზე მეტად ნიქსი და კავალიერსი აქტიურობენ.
დანკანმა დალასთან სტაბილურად, საშუალო ორმაგი დუბლით ითამაშა და, ალბათ, მისი გუნდი ფინიქსსაც გაივლიდა, ტიმის გარდა, სანზისთვის პრობლემები სხვასაც რომ შეექმნა.
სან ანტონიოს თემა ჩვენთვის ორმაგად აქტუალური იქნება. პოპოვიჩმა სეზონის მსვლელობისას ორჯერ ახსენა ვიქტორ სანიკიძე და თუ საქართველოს ნაკრების მსუბუქი ფორვარდი მადრიდის რეალში არ გადავა, სპლიტერთან ერთად კარიერას ტეხასში გააგრძელებს.
რეგულარულის ინდივიდუალური პრიზებიც ლოგიკურად გადანაწილდა. საუკეთესო დამცველი დუაიტ ჰოვარდი (18.3 ქულა, 13.2 მოხსნა, 2.8 ბლოკი, 0.9 ჩაჭრა) გახდა და პირველწლიანებში ლიგამ საკრამენტოს ტაირეკ ევანსი (20.1 ქულა, 5.8 პასი, 5.3 მოხსნა) გამოარჩია.
ლებრონი MVP გახდა და პლეი-ოფში კლივლენდი ზედიზედ მეორედ ვერ გასცდა მეორე წრეს. შარშან ჯეიმსის გუნდი მეჯიქმა გამოაგდო, წელს კი - სელტიქსმა. უტიტულო სვლის გამო გუნდის მფლობელებმა მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი გაუშვეს და მის ადგილზე დანიშვნის ფავორიტად მიჩიგან სთეითის მთავარი მწვრთნელი ლარი იზო სახელდება.
2010-11 წლების სეზონის დაწყებამდე გაირკვევა, სად გააგრძელებენ კარიერას ლებრონი, კრის ბოში, დუეინ უეიდი, ტონი პარკერი, ამარე სტაუდმაიერი და ლამარ ოდომი. ზაკ რენდოლფს (მემფისი) სასამართლო პროცესი ელის და, ალბათ, ვერ დაამტკიცებს, რომ 15 წლის გოგონასთან სექსი არ ჰქონია. დევიდ სტერნი კიუბანს კიდევ არაერთხელ დააჯარიმებს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი კვლავ ლეიკერსი იქნება.
თუ ფილ ჯექსონს შეინარჩუნებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

კომენტარები