მაკკრისტალის შეცვლა

ბარაკ ობამა და გენერალი პეტრუსი
ბარაკ ობამამ ამერიკული და ნატოს ჯარების გენერალი ავღანეთში, სტენლი მაკკრისტალი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი პოსტი გენერალ დევიდ პეტრეუსიმ დაიკავა. პეტრეუსის დამტკიცებამდე ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ბრიტანელი გენერალ-მაიორი ნიკ კარტერი უხელმძღვანელებს.
მაკკრისტალი ჟურნალ როლინგ სტოუნისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გადააყენეს. პუბლიკაციაში მაკკრისტალი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ არის კარგად ინფორმირებული, ასევე მოყვანილია მისი თანაშემწეების აგდებული შენიშვნები ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიმს ჯოუნსის მიმართ.
წერილის გამოქვეყნების შემდეგ აზრი ორად გაიყო. გაიხსენეს გენერალი დაგლას მაკარტურის დაუმორჩილებლობა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენისადმი კორეის ომის დროს. ხაზი გაუსვეს, რომ მაკკრისტალის ინტერვიუ არ იყო სუბორდინაციის დარღვევა ან ბრძანების შეუსრულებლობა. თუმცა, საკადრო ცვლილების უმთავრეს მიზეზს არ წარმოადგენდა მაკკრისტალის ბრალეულობა. ობამას ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ინტერვიუმ თეთრი სახლის მიერ ავღანეთში დაშვებული შეცდომები წარმოაჩინა.
პირველ რიგში მიუთითებენ კონფლიქტზე სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის. სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა მაკკრისტალი, ხოლო ამერიკის ელჩი ავღანეთში იყო კარლ ეიკენბერი. მაკკრისტალსა და ეიკენბერის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მაკკრისტალი ახერხებდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან თანამშრომლობას და ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებთან ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებდა. ეიკენბერი კი არც კარზაის და არც ადგილობრივებს არ ენდობოდა. ავღანეთიდან ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ სისტემატურად ჟონავდა, რაც მაკკრისტალის გულისწყრომას იწვევდა.
ადმინისტრაციას არ ჰქონდა ერთიანი პოზიცია ავღანეთში ამერიკის პოლიტიკის შესახებ. ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა დამატებითი ამერიკული ძალების გაგზავნას, ხოლო სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი - ემხრობოდნენ. გარდა ამისა, კლინტონი და გეიტსი ვერ ეგუებიან ჯარების გამოყვანის ხისტ ვადებს. გაუგებრობა სამოქალაქო ხელისუფლებაში ხელს უშლიდა სამხედროებს.
ობამას კიდევ ერთი შეცდომა სამხედრო ოპერაციების ვადების დაწესება იყო. მართალია, ობამამ დამატებითი ძალები გაგზავნა ავღანეთში, მაგრამ მათი იქ დარჩენის საბოლოო ვადად 2011 წლის ივლისი გამოაცხადა. ამ განცხადებამ შეარყია როგორც ამერიკელ სამხედროთა თავდაჯერება, ისე ჰამიდ კარზაისა და ავღანელების ნდობა ამერიკული პოლიტიკისადმი. თანაც, ჯარების გაგზავნა არათანმიმდევრულად განხორციელდა. თუ რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ დამატებითი ძალები მაშინვე გაგზავნა ერაყში, ობამამ გადაწყვეტილების მიღებას 9 თვე მოანდომა. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში მხოლოდ 21 ათასი სამხედრო ჩავიდა. ჯარების სრული დისლოკაცია 2010 წლის აგვისტოში დასრულდება.
მაკკრისტალის ინტერვიუს გამოეხმაურნენ რესპუბლიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრეჰემი. პრესაში პირველად სწორედ მათ წამოსწიეს გენერალ დევიდ პეტრეუსის კანდიდატურა მაკკრისტალის პოსტზე.
დევიდ პეტრეუსის დანიშვნის მიზეზი მისი წარმატებაა ერაყის კამპანიაში. ერაყში მსახურობისას პეტრეუსმა განავითარა თანამედროვე ასიმეტრიული ომის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს არა ფართომასშტაბიან მოქმედებებს მეამბოხეთა წინააღმდეგ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის გადმობირებასა და მათთან თანამშრომლობას. პეტრეუსმა მოახერხა ერაყის ანბარის პროვინციაში სუნიტთა სხვადასხვა ტომთან თანამშრომლობა, რითაც შეასუსტა ალ-ქაიდას გავლენა. პეტრეუსის მოთხოვნით, ერაყში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი გაიგზავნა. 2007-დან 2008 წლამდე დამატებითმა სამხედრო ძალებმა მსხვერპლის რაოდენობა 70 პროცენტით შეამცირეს. ერაყელებმა დაინახეს ამერიკელთა წვლილი მათ უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, დაიწყეს მათთან თანამშრომლობა. შესაძლოა ობამას ადმინისტრაციას ავღანეთში მოვლენების ამგვარი განვითარების იმედი აქვს, თუმცა ერაყსა და ავღანეთს შორის არსებობს ძირეული განსხვავებები.
ავღანეთში არ არსებობს მთავრობა, რომელიც ამერიკელების მიერ თალიბანისგან განთავისუფლებული ადგილების გაკონტროლებას შეძლებდა. ავღანეთის მთავრობა ჩაფლულია არაკომპეტენტურობისა და კორუფციის მორევში. ამ პრობლემებზე მიუთითებდა მაკკრისტალიც. მისი პრიორიტეტი იყო ავღანური საპოლიციო დანაყოფების განვითარება და კორუფციასთან ბრძოლა.
ერაყში პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ მოახერხა თავის წარმოჩენა მთელი ქვეყნის - და არა რომელიმე კონკრეტული ფრაქციის - ლიდერად. მან მოახერხა სხვადასხვა დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შუამდგომლობა. ამას ხელი შეუწყო ერაყელთა ნდობამ ამერიკელებისადმი. ავღანეთში კი ამერიკელთა მიმართ ნდობა იკლებს ოპერაციების წინასწარ დადგენილი ვადების გამო. როგორც ჰამიდ კარზაი, ისე რიგითი ავღანელები, იკითხავენ, რა იქნება 2011 წლის ივლისის შემდეგ? სწორედ უნდობლობის გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ კარზაის ინიციატივა, დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანთან.
ავღანეთი შედგება სხვადასხვა, ერთმანეთთან ოდითგანვე დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფებისგან. თუკი ერაყში ამერიკელებს სახელმწიფოებრიობის აღდგენა უწევდათ, ავღანეთში მათი ამოცანაა ახალი ქვეყანის ჩამოყალიბება. ამერიკის ყოფილმა საგარეო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა წამოაყენა მოსაზრება ავღანეთში ნახევრად დამოუკიდებელი რეგიონების კონფედერაციის ჩამოყალიბებაზე. მისი აზრით, ამერიკის ავღანური პოლიტიკა არ უნდა იყოს გათვლილი ცენტრალურ მთავრობაზე. პირიქით, ის უნდა ატარებდეს რეგიონულ ხასიათს. ჰენრი კისინჯერი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად დაუშვებელია რაიმე ვადების დაწესება.
მაკკრისტალის გარშემო ამტყდარმა აურზაურმა ობამას, როგორც ლიდერის მიმართ კითხვები გააჩინა. ალბათ ბევრ ამერიკელს გაახსენდა პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის სარეკლამო კამპანია, რომელიც ობამას გამოუცდელობაზე მიუთითებდა. სურათზე თეთრი სახლი გამოესახათ. მსოფლიო კრიზისის დროს, დილის სამ საათზე ტელეფონი რეკავდა. პოსტერი ეკითხებოდა ამერიკელებს, ვის უნდა ეპასუხა ზარისთვის. ორი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თეთრ სახლში მუდმივად რეკავენ, ბარაკ ობამა კი ზარებს ვერ პასუხობს.


 

კომენტარები