არჩევნების შედეგად კურსი არ იცვლება

0 კომენტარი

მეორე ტურის შემდეგ მემარჯვენე კანდიდატმა, მანუელ სანტოსმა, არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. საარჩევნო უბნების უმრავლესობის შედეგებით, მან ხმათა 69% მიიღო. სანტოსის მთავარ კონკურენტს, მწვანეთა პარტიის კანდიდატს, ანტანანას მოკუსს, ამომრჩეველთა 29%-მა დაუჭირა მხარი.
როგორც ჩანს, კოლუმბიის პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება. სანტოსი კოლუმბიის მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკურ ხაზს გააგრძელებს. ალვარო ურიბეს მთავრობის დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკა გულისხმობს რადიკალურ-მარქსისტულ დაჯგუფება „ფარკის” წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, ასევე ორმხრივი სავაჭრო და სამხედრო ურთიერობის გაღრმავებას ამერიკასთან.
ექსპერტთა შეფასებით, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ კოლუმბიელები ნარკოტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის ხისტ პოლიტიკას უჭერენ მხარს. მათ არ სურთ 8 წლის წინანდელ კოლუმბიაში დაბრუნება, სადაც ხელისუფლება ნარკობარონებს უფრთხოდა და კრიმინალებთან უაზრო კომპრომისებზე მიდიოდა.
ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად რჩება, თუ როგორ განვითარდება სანტოსისა და ობამას ადმინისტრაციის ურთიერთობა, როდესაც დემოკრატი კონგრესმენები ალმაცერად უყურებენ ურიბეს ხისტ პოლიტიკას. უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატებმა კოლუმბიას სამხედრო დახმარება შეუმცირეს და ბუშის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებაც არაერთხელ დაბლოკეს.
ექსპერტებისა და ჟურნალისტების ინტერესს იწვევს სანტოსის ურთიერთობა ვენესუელასთან. უგო ჩავესი კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად უჭერდა მხარს ანტანანას მოკუსს, რომელიც, თავის მხრივ, ვენესუელის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიებს არ მალავდა საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც კი. სანტოსის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჩავესი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომსაც არ გამორიცხავდა და ქვეყანას ეკონომიკური ბლოკადით ემუქრებოდა.
კოლუმბიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ალვარო ურიბე, პრეზიდენტობის მეორე ვადას აგვისტოში დაასრულებს; ამის შემდეგ კოლუმბიას სათავეში ჩაუდგება ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ჰარვარდის კურსდამთავრებული, მანუელ სანტოსი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

კომენტარები