ჩვენ ერთი გუნდი ვართ?!

ფეხბურთის არაფერი გამეგება, არ ვიცი ფეხბურთელების სახელები, არ მესმის მწვრთნელების ტაქტიკის, არ მახსოვს, რომელ წელს ვინ რა მოიგო თუ წააგო, მაგრამ რაღაცები ამ ცოდნის გარეშეც კარგად ჩანს.

თანამედროვე ფეხბურთი გლადიატორების ბრძოლას მაგონებს და ფეხბურთელები ხომ ნამდვილი გლადიატორები არიან. მეორე მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატი ბრძოლის ველს ჰგავს, რომელზეც ქვეყნები თავიანთ ამბიციებს იკმაყოფილებენ. ქვეყნის გუნდები ჯარის ელიტურ ნაწილებს ჰგვანან. მხედართმთავრები ტაქტიკას იმუშავებენ, ქვეყნების მმართველები ბრძოლის ველს საუკეთესო ადგილებიდან აკვირდებიან. დიდი სიამაყე და პატივია ამ ბრძოლაში მონაწილეობა, შენი ქვეყნის პატივი შენს ხელშია (ამ შემთხვევაში ფეხებში). ყველა დროის უძლიერესი არმია ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ერთი გუნდია. ჯარისკაცები ერთმანეთისთვის თავს გაწირავენ, ერთმანეთს ძმებად აღიქვამენ. ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებიც ასე არიან.

ორ ამბავს მოვყვები ჩემებურად. არც ერთი პერსონაჟი გამოგონილი არ არის. ორივე სიუჟეტი დოკუმენტურია, ორივე მიამბო ფეხბურთზე შეყვარებულმა და გულშემატკივარმა ადამიანმა.

ამბავი 1
ამ დიდი ქვეყნის მოასპარეზე ელიტური ნაწილი მეზობელ ქვეყანაში ჩავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა. შერკინება არ იყო იოლი, მოწინააღმდეგე სერიოზული და გამოცდილი გახლდათ. ქვეყნის პრესტიჟი ამ ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული. დაძაბულობა ჰაერს ხუთავდა. გასახდელში გლადიატორები მდუმარედ ემზადებოდნენ ბრძოლისთვის.

ქვეყანას ერთი ცოცხალი ღმერთი ჰყავდა. ხორცშესხმული ღმერთი, ყოფილი გლადიატორი. ეკლესიებსაც აგებდნენ მის სახელზე და ძეგლებსაც უდგამდნენ. მასზე ხალხი სიმღერებს თხზავდა. იმდენად უყვარდათ, რომ მის ადამიანურ სისუსტეებს არაფრად აგდებდნენ და პატიობდნენ. ყველა გლადიატორს ოცნებაში მის ოსტატობასთან მიახლოება სურდა. მას DI0S-ი ერქვა.

მხედართმთავარი ბოლო დარიგებებს აძლევდა დაძაბულ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულ მეომრებს. მოულოდნელად გასახდელის კარი გაიღო და ოთახში ღმერთი შემოვიდა. უკან ამალა მოჰყვებოდა. დანამდვილებით არავინ იცის, რატომ ჰქონდა ღმერთს თვალები წყლიანი - პატრიოტული ცრემლების თუ კოკაინის მორიგი დოზის გამო, მაგრამ ის, რასაც ეს ფართოგუგებიანი თვალები ასხივებდნენ, ოთახში ყველასთვის გასაგები იყო. საუკუნეებია, ეს სხივი ამხნევებს ჯარებს, ხალხს. ხშირად გამხდარა ამ სხივის ნაპერწკალიც კი დიდი გამარჯვებების საწინდარი. უსიტყვოდ, მინიშნებების გარეშე წრე შეიკრა. ერთმანეთის მხრებზე ძლიერი ხელები უწყეტ ჯაჭვს კრავდა. ჯარისკაცი, ღმერთი, მხედართმთავარი, ვექილი, მეჭურჭლეთუხუცესი, გულშემატკივარი, მემატიანე - ყველა ერთად იდგა და, მტრის გულის გასახეთქად, მთელი ხმით, თავისი ვერცხლისფერი ქვეყნის ჰიმნს ღრიალებდა. ეს ერთი გუნდი იყო. ამის შემდეგ DI0S-ი თავისი ამალით ისევე უეცრად გაქრა გასახდელიდან, როგორც გაჩნდა. წინ რთული მატჩი იყო, ქვეყნის პრესტიჟი...

ამ დღეს არგენტინის ნაკრებმა გათელა მოწინააღმდეგე.

ამბავი 2
ამ პატარა, ღარიბი ქვეყნის მოასპარეზე ელიტური ნაწილი მეზობელ ქვეყანაში ჩავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა. შერკინება არ იყო იოლი, მოწინააღმდეგე სერიოზული და გამოცდილი გახლდათ. ქვეყნის პრესტიჟი ამ ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული. დაძაბულობა ჰაერს ხუთავდა. გასახდელში გლადიატორები მდუმარედ ემზადებოდნენ ბრძოლისთვის.

ამ ქვეყნის ერთ-ერთ ელიტურ გლადიატორს, რომელსაც კარიერის დამთავრების შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტობა ჰქონდა ოცნებად, მეორე ახალბედა, მაგრამ ნიჭიერი გლადიატორისთვის 100 ვერცხლი მოუგია. რაღაც მდაბიოთა თამაში ყოფილა: „ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?” იმანაც „ვერაო” და „აჰა, ხომ გათქმევინე, მომეცი 100 ვერცხლიო!” ახალბედამ ხელი ხმლის ტარს დაადო: „რა სისულელეს მეუბნები? არაფერსაც არ მოგცემ”. მოიღუშნენ გლადიატორები. თამაშის წინ გასახდელში ერთმანეთს ამრეზით უყურებდნენ. „ეს პატარა ნაბიჭვარიო”, ფიქრობდა გულში ერთი. „ფუ, ამის უნიჭო დედაო...” ფიქრობდა მეორე. გულები სიძულვილით ივსებოდა.

ამ ქვეყანას ხორცშესხმული ღმერთი არ ჰყავდა. ამ ქვეყანაში ყველას ღმერთად მიაჩნდა თავი.

თამაშის წინ გასახდელიდან გასვლისას ერთმა გლადიატორმა თავის მეგობარს გადაულაპარაკა: „ჩემი დედა... თუ ამ პატარა ნაბიჭვარს ის ახალი მანქანა არ ავახიო”.

დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს წარმატება არ ჰქონია. დიდი ხანია ეს ერთი გუნდი არ არის.

P.S. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ჩემს მეგობრებს. მე მართლა არ მესმის ფეხბურთი.

კომენტარები