ტრამპის ბიზნესი საქართველოში

საქართველოს უძრავი ქონების ბიზნესში შემოსვლას ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი გეგმავს. Forbes-ის ინფორმაციით, ტრამპის ქონებამ უმაღლეს ნიშნულს - 3 მილიარდ აშშ დოლარს - 2007 წელს მიაღწია.
ტრამპი ფლობს აშშ-ში უმსხვილეს კომპანიას Trump Organization და სამშენებლო კომპანიას Trump Entertainment Resorts, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს სამორინეებისა და სასტუმროების ქსელებს მართავს. საინვესტიციო ობიექტების შესარჩევად თბილისში უკვე ჩამოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის კუთვნილი კომპანიის - The Trump Organization - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. მაიკლ კოენი მშენებლობისთვის, თბილისის გარდა, ბათუმშიც ათვალიერებს ტერიტორიებს.
დონალდ ტრამპი საქართველოში ინვესტირებით აპრილში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას დაინტერესდა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ტრამპი პოლიტიკოსებს იშვიათად ხვდება, თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველოს იმდენად საინტერესო ქვეყნად მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას დათანხმდა.
კოენმაც დაადასტურა, რომ ტრამპი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით „განსაკუთრებით დაინტერესდა”. ის მოლაპარაკებას მართავს უძრავი ქონებისა და ტრანსპორტირების კომპანია სილქ როუდ ჯგუფთან, საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების შესახებ.
სილქ როუდ ჯგუფმა ტრამპს საქართველოში ინვესტირების წინადადებით აპრილში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მიმართა. თუ გარიგება შედგება, დიდი ნახტომი იქნება სილქ როუდ ჯგუფის კარიერაში. ეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურადაა ჩართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში. მან სულ ახლახან გახსნა საკუთარი ოფისი ნიუ-იორკში და ცდილობს, მაღალი რანგის ინვესტორები საქართველოს ბიზნესპოტენციალით დააინტერესოს. მაგალითად, რადისონის ქსელი თბილისში სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოვიდა.
ტრამპის ინვესტიციების მოზიდვა წაადგება საქართველოს ეკონომიკასაც, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე. 2010 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 44%-ით შემცირდა.
საქართველოში ტრამპი გეგმავს თურქეთში აშენებული 40-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსის მსგავსი პროექტის განხორციელებას.
შარშან, მაისის დასაწყისში, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა ტრამპის ყოფილი მეუღლე ივანა ტრამპიც, რომელიც ბათუმში გასართობი ცენტრის გახსნას გეგმავს და ამ ეტაპზე საინვესტიციო გარემოს სწავლობს.



 

კომენტარები