ექსტრავაგანტური იდეები თამამი მამაკაცებისთვის

მილანში დასრულდა გაზაფხული/ზაფხული 2011 მამაკაცების მოდის კვირეული. მართალია, ქართული ცხოვრების წესი ჯერ კიდევ შორსაა იმ განწყობისგან, რომელსაც ინდუსტრიის წამყვანი სახელები გვთავაზობენ, მაგრამ ჩვენშიც მოიძებნებიან ძლიერი სქესის თამამი წარმომადგენლები - სწორედ მათ შეუძლიათ, დაიჭირონ თადარიგი და მომავალი გაზაფხულისთვის ინტენსიურ ფერებზე, თანამედროვე ქსოვილებსა და კლასიკური ფორმების თავისუფალ ინტერპრეტაციაზე გაამახვილონ ყურადღება.
დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას საიუბილეო ჩვენებას (კომპანიის მამაკაცის ხაზი 20 წლის გახდა) მუსიკალურად ენი ლენოქსი აფორმებდა. მათი კოლექციის მთავარი ინსპირაცია იყო სიცილია და მამაკაცის ტანისამოსის ტრადიციული იტალიური დამუშავება. მათ თავიანთი არქივიც გამოიყენეს და ადრეული კოლექციებიდან ჩრდილოიტალიელი ფერმერების სელის ქსოვილისგან დამზადებული განიერი შარვლების მსგავსი მოდელები აჩვენეს თოკის ქამრებით. ასევე იყო საზაფხულო პიჯაკები სარჩულის გარეშე და აქრომატული ბამბის ძაფით ნაქსოვი ტანისამოსი, მაისურები და მოკლე შარვლები.
უკვე მეხუთე სეზონია, ჟილ სანდერის სახლისთვის რაფ სიმონსი ქმნის კოლექციებს. მისი გატაცება თანამედროვე სახვითი ხელოვნებითა და ახალგაზრდული თემატიკით ამჯერადაც გამოიკვეთა - ინტენსიური, თითქმის სინთეტიკური ფერები და მინიმალისტური კონსტრუქცია თხელი ტრიკოტაჟის მაისურებით იყო გათამაშებული, მაისურებზე კი ფსიქოდელიური მოტივები გახლდათ დაბეჭდილი - ურბანული გარემოსთვის შექმნილი ეს ტანისამოსი მომავალი სეზონის აშკარა ჰიტი იქნება.
სპორტული ტანისამოსის კომპანია მონკლერი, რომელიც ცნობილია თავისი სათხილამურო ეკიპირებით, სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ყოველდღიური მოდის სამყაროში - მეორე სეზონია, კომპანია მამაკაცის საზაფხულო კოლექციებს წარმოადგენს. ჩვენებები ყოველთვის განსხვავებულ ატმოსფეროში იმართება. ამჯერად ეს იყო ველოტრეკი, მთავარი ინსპირაცია კი ტურ დე ფრანსი - ვიწრო შარვლები წვივზე მოჭერილი თასმებით, ლურჯი, თეთრი და წითელი ფერის პატარა ველოსიპედებისგან აწყობილი ორნამენტი საწვიმრებსა და ტრიკოტაჟის ტანისამოსზე. საფრანგეთის დროშა ასევე იკითხებოდა კეპებსა და ფეხსაცმელებზე. ჩვენების ბოლოს მოდელები ველოსიპედებით გამოვიდნენ.
მიუჩია პრადა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია, რომლის კოლექციები სეზონიდან სეზონამდე ყოველთვის განსხვავდება. ლურჯი ფერის სხვადასხვა ტონალობები ფოსტალიონის უნიფორმების ასოციაციას იწვევდა. ჯინსის ქსოვილი, რომელიც სულ უფრო ხშირად გვხვდება პოდიუმებზე, ამ კოლექციაშიც უხვად იყო გამოყენებული.
ალექსანდრ ლი მაქქუინის გარდაცვალების შემდეგ სარა ბარტონმა ამ ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია დაიკავა. პირველი კოლექცია, რომელიც მან მილანში აჩვენა, სადა ტანსაცმლისა და ზედაპირული ისტორიულობის სინთეზს წარმოადგენდა. იყო რამდენიმე ექსტრავაგანტური კოსტიუმიც, რომელიც თავად მაქქუინის ხელწერას მოგვაგონებდა - წითელი შარვალი პრიმიტივისტული ორნამენტით და დეკონსტრუირებული ფრაკი.


 

კომენტარები