ხალხი ფიფას წინააღმდეგ

მსაჯების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ იციან წესები, მაგრამ ფეხბურთის აზრზე არ არიან -
ბილ შენკლი,
ლივერპულის ლეგენდარული მწვრთნელი

სუდია პიდარასტ! -
საბჭოთა ხალხური შეძახილი სტადიონზე

ძალიან ძნელია, იპოვო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და მსაჯზე ერთხელ მაინც უთქვამს კარგი - ამ პროფესიის ხალხზე ან ცუდს ამბობენ (ისინი, ვისი გუნდიც მსაჯის გამო დაზარალდა), ან არაფერს (ცუდისმთქმელების საწინააღმდეგო ბანაკი).
დღეს მსაჯებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატია და ამ ჩემპიონატზე ისინი ძალიან ცუდად მუშაობენ. გავიხსენოთ მთავარი შეცდომები:
ჯგუფური ეტაპი. სლოვენია 2:0-ს უგებდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს. ამერიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მესამეც შეაგდეს, თუმცა მალელმა კომან კულიბალიმ გოლი სრულიად უმიზეზოდ არ ჩათვალა.
ჯგუფური ეტაპი. ბრაზილიელმა ლუიშ ფაბიანუმ კოტ დ’ივუარს ულამაზესი გოლი გაუტანა, თუმცა, პროცესში ორჯერ მოხვდა ბურთი ხელზე. ფრანგმა სტეფან ლანუამ მომენტი გაატარა.
მერვედფინალი. ფრენკ ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთმა დაახლოებით ნახევარი მეტრით გადაკვეთა გერმანელთა კარის ხაზი და, წესით, ანგარიში 2:2 უნდა გამხდარიყო, თუმცა, ვერც ურუგვაელმა ხორხე ლარიონდამ და ვერც მისმა თანამემამულე ასისტენტმა მაურისიო ესპინოზამ ეს ვერ დაინახეს. გერმანიამ 4:1 მოიგო.
მერვედფინალი. კარლოს ტევესმა დაახლოებით ორმეტრიანი ოფსაიდიდან გახსნა ანგარიში მექსიკასთან. იტალიელმა რობერტო როზეტიმ ასისტენტ სტეფანო აიროლდისთან თათბირის შემდეგ გოლი ჩათვალა და არგენტინამ 3:1 გაიმარჯვა.
ამ ხმაურიანი ინციდენტების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაერთიანდა და ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან, ფიფასგან, კაცმა არ იცის, მერამდენედ, მოითხოვა - შემოვიღოთ ვიდეოგამეორება! ფიფა და მისი ჯიუტი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ტრადიციას არ ღალატობენ და ჩუმად არიან (მხოლოდ ბოდიშის მოხდით შემოიფარგლნენ, თუმცა, პრობლემის მოგვარებაზე ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი). ეტყობა, იმედოვნებენ, რომ, როგორც წინა შემთხვევებში, კრიტიკული ტალღა ამჯერადაც გადაივლის და გულშემატკივრები დამშვიდდებიან.
სხვათა შორის, შვეიცარიელი ბლატერი თავის დროზე საათების მწარმოებელ კომპანია ლონჟინში მუშაობდა და სწორედ ის აკონტროლებდა დროს 1972 წლის ოლიმპიადაზე აშშ-სა და საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა გახმაურებულ ფინალში, როცა მატჩის დამთავრებამდე სამი წამით ადრე ერთი ქულით ჩამორჩენილმა საბჭოელებმა ბურთი თამაშში შეიყვანეს და ორქულიანის ჩაგდება მოასწრეს.
ფიფას წარმომადგენლები გაიძახიან, რომ ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა მას უნიკალურობას, ბუნებრიობას დააკარგვინებს, პაუზები დააგდებს ტემპს და გაქრება დინამიკა. გარდა ამისა, მსგავსი რევოლუციური ცვლილებები დაკავშირებულია უზარმაზარ ხარჯებთან და კიდევ: არ უნდა დაიკარგოს მხოლოდ ფეხბურთში შემორჩენილი ადამიანური ფაქტორი. ეს შეიძლება შეცდომებს იწვევს, მაგრამ ამაზე გულშემატკივრები ყოველდღიურად კამათობენ, რაც პოპულარიზაციის საწინდარია(?!)
ზეპ ბლატერი 74 წლისაა და არც ფიფას სხვა ხელმძღვანელები გამოირჩევიან სინორჩით, რაც ამ ორგანიზაციის მმართველ ჯგუფს კომპარტიის ელფერს სძენს. არა მარტო ასაკის თვალსაზრისით - უკვე ათწლეულებია ლაპარაკობენ ამ კლანის კორუმპირებულობაზე, შედეგად კი ასეთი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია: 1. ფიფას მხცოვან საბჭოს, უბრალოდ, სიახლეების ისტერიულად ეშინია; 2. ფიფა ფარად იყენებს ზემოხსენებულ მიზეზებს და უბრალო შიში აქ არაფერ შუაშია - ტექნოლოგიების ჩართვით ის ძალიან მნიშვნელოვან სადავეებს უშვებს ხელიდან. ვინ დაამტკიცებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის სკანდალური შეცდომები შემთხვევით მოხდა?
აი, რამდენიმე მათგანი:
1966 - ფინალი, ინგლისი - გერმანია. დამატებითი დროის მეთერთმეტე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჯეფრი ჰერსტის მიერ დარტყმული ბურთი მოხვდა ხარიხას და კარის ხაზზე დაეცა. მსაჯის აზერბაიჯანელმა ასისტენტმა ტოფიკ ბახრამოვმა გოლი ჩათვალა, თუმცა, უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ ბურთს ხაზი მთლიანად არ გადაუკვეთავს (გოლი ამ შემთხვევაში ითვლება). მასპინძლებმა 4:2 მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
1982 - ჯგუფური ეტაპი, საფრანგეთი - ქუვეითი. უნიკალური ამბავი მოხდა: ფრანგები 3:1-ს იგებდნენ. ამ დროს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალან ჟირესმა მეოთხე გაიტანა და მინსკელმა მსაჯმა მიროსლავ სტუპარმაც გოლი ჩათვალა. მოულოდნელად, მინდორზე ჩაირბინა ქუვეითის მმართველის ძმამ, ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტმა, შეიხმა ფაჰიდ ალ აჰმად ალ შაბაჰმა, ცოტა ხანს სტუპარს ელაპარაკა და მსაჯმა გოლი გააუქმა! მაქსიმ ბოსიმ მეოთხე მაინც გაიტანა.
1986 - მეოთხედფინალი, არგენტინა - ინგლისი. დიეგო მარადონამ პიტერ შილტონს ხელით გაუტანა, ტუნისელმა მსაჯმა ალი ბენასერმა ეს ვერ შეამჩნია და ანგარიშიც გაიხსნა. არგენტინამ 2:1 მოიგო და საბოლოოდ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
2002 - მერვედფინალი, ბრაზილია - ბელგია. ბელგიელმა მარკ ვილმოტსმა ანგარიში გახსნა, მაგრამ იამაიკელ პეტერ პრენდერგასტს თამაშგარე მოეჩვენა. ბრაზილიამ 2:0 მოიგო და იმ წელს მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მერვედფინალი, სამხრეთ კორეა - იტალია. ეკვადორელმა ბაირონ მორენომ იტალიელებს არ ჩაუთვალა გოლი და ტყუილად გააგდო ფრანჩესკო ტოტი. აზიელებმა დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვეს.
მეოთხედფინალი, სამხრეთ კორეა - ესპანეთი. ეგვიპტელმა ჯამალ განდურმა ესპანელებს წესების სრული დაცვით გატანილი ორი გოლი არ ჩაუთვალა. კორეამ პენალტების სერიაში მოიგო.
2006 - მერვედფინალი, ჰოლანდია - პორტუგალია. რუსმა მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი ერთ მატჩში! მომდევნო დღეებში ხმები დაირხა, რომ საეჭვოდ აღაჟღაჟებული ივანოვი ნასვამი მსაჯობდა, თუმცა, ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
2009 - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის (ირლანდია - საფრანგეთი) ბოლო წუთებზე ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გააჩერა, გაისწორა და ვილიამ გალასს გაატანინა. ფრანგები ამ გოლის წყალობით მოხვდნენ სამხრეთ აფრიკაში.
ამ ისტორიული ექსკურსიდან კარგად ჩანს, რომ, რაც დრო გადის, შეცდომები სულ უფრო მატულობს. ეს ბუნებრივიცაა - შევადაროთ გასული საუკუნის, ვთქვათ, სამოცდაათიანი წლების და დღევანდელი ტემპი. შესაბამისად, ჰომო არბიტრუსი, რომელიც ადრე თითქმის ყველაფერს ხედავდა, თანამედროვე სისწრაფეებს ფეხს ვეღარ უწყობს. გარდა ამისა, მეტი ენერგიის ხარჯვა უწევს, იღლება და ხარვეზების ალბათობას ესეც ზრდის. ყოველივე ეს აზარალებს თავად მსაჯს, რომელსაც რამდენიმე მილიონი, ხანდახან კი მილიარდი გულშემატკივარი ლანძღავს; აფუჭებს ფეხბურთს; ნერვებს უშლის ქომაგებს და, რაც მთავარია, ცვლის და ამახინჯებს ისტორიას.
გამოსავალი? არსებობს უამრავი ვარიანტი, რომლებსაც ერთი საერთო აქვთ - სიმართლის დადგენაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ტექნიკა. ასეა ჩოგბურთში, რაგბიში, ფრენბურთში, ამერიკულ ფეხბურთში, მძლეოსნობაში და ჯერჯერობით პრეტენზია არავის ჰქონია, არც ტემპი შენელებულა და არც რაღაც ყბადაღებული „ადამიანური ფაქტორი” გამქრალა.
კონკრეტულად როგორ ჩაერთვება ვიდეოგამეორება ფეხბურთში, ეს უკვე წვრილმანია და ამის მოფიქრებას სულ რაღაც რამდენიმესაათიანი დისკუსია ესაჭიროება. სწორედ ეს რამდენიმე საათი გვაშორებს იმასთან, რომ მომავალში ისტორია აღარ აირიოს და სამართლიანობამ იზეიმოს.
მთავარია კომპარტიამ მოინდომოს.




 

 

კომენტარები