შეისწავლე, რომ გაიგო... გაიგე, რომ გახსოვდეს... გახსოვდეს, რომ დაივიწყო

ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური გერმანია გაასამართლეს, საბჭოთა კავშირი - არა. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სსრკ-მ მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა.
1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სტალინმა მოკავშირეებს შესთავაზა ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ 50.000-დან 100.000-მდე გერმანელი ოფიცრის სიკვდილით დასჯა, როგორც გერმანიის გაკონტროლების ერთ-ერთი ეფექტიანი ზომა. პრეზიდენტმა რუზველტმა ირონიულად ჰკითხა: ეგებ 49.000 გვეკმარაო. პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა დაგმო იმ ჯარისკაცების ცივსისხლიანი მკვლელობის იდეა, რომლებიც თავიანთი სამშობლოსთვის იბრძოდნენ.
დანაშაულებებს, რისთვისაც ნაცისტები ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს, ბოლშევიკები არანაკლები (თუ მეტი არა) მასშტაბითა და სისასტიკით სჩადიოდნენ. ქვეყნების ოკუპირება და ხალხების დამონება, გენოციდი, გულაგები, მასობრივი მკვლელობები, შიმშილი, სადისტური წამება, დეპორტაციები. „ბოროტების იმპერია” საბჭოთა კავშირს მოგვიანებით, 1980-იან წლებში უწოდეს. მანამდე კი რატომღაც ითვლებოდა, რომ კომუნიზმი ფაშიზმზე ნაკლები ბოროტება იყო.
2006 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ყოფილი ე.წ. სოცბანაკის ქვეყნებს, შეეფასებინათ თავიანთი კომუნისტური წარსული, მკაფიოდ გამიჯვნოდნენ ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმებს, გამოეძიათ ამ რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გაესამართლებინათ ისინი ისე, როგორც ნაცისტები გაასამართლეს.
2008 წელს ევროპარლამენტმა სტალინის მიერ დაგეგმილი „ჰოლოდომორი”, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა.
2009 წელს ევროპარლამენტმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გაეხსნათ უშიშროების საიდუმლო არქივები და დაეწყოთ ღია დებატები მე-20 საუკუნეში ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. ეუთომ სტალინიზმი და ნაციზმი გაათანაბრა, როგორც ორი ტოტალიტარული რეჟიმი და 23 აგვისტო სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლთა მოხსენიების დღედ გამოაცხადა. ამ დღეს, 1939 წელს, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლითაც ევროპა დაინაწილეს. ერთ კვირაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. რეზოლუციაზე რუსეთის რეაქცია მწვავე იყო - მედვედევ-პუტინის ტანდემმა ეს პირად შეურაცხყოფად აღიქვა და, საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით, „პოლიტიკური მიზნებით ისტორიის დამახინჯების მცდელობა” უწოდა.
ისტორიის გადაფასების პროცესი, პირველ რიგში, რუსეთს უნდა დაეწყო. მაგრამ რუსეთისგან - რომელიც ისევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კატეგორიებით მსჯელობს და საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს; რომელმაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღიდგინა; სტალინი ეფექტიან მენეჯერად გამოაცხადა და 2008 წელს „რუსეთის დიდ ათეულში” მას მე-3 ადგილი არგუნა - რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობა იქნებოდა.
ამის ნაცვლად, რუსეთმა თავისი დიადი კომუნისტური წარსულის დაცვა დაიწყო. საბჭოეთის მიერ გაყალბებული ისტორიის გადაფასების პროცესმა კრემლი ისე შეაშფოთა, რომ 2009 წელს კომისია შექმნა ისეთი გრძელი და აგრესიული სახელწოდებით, რომ ქართულ ენაზე რიგიანად თარგმნაც კი ჭირს - „რუსეთის ინტერესების საზიანოდ ისტორიის ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კომისია”.
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგ ქვეყანაში კომუნისტური წარსულის შეფასება მოხდა ან ხდება. საქართველოში კი ამის გაკეთებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს. „საქართველო სსრკ-ის წინააღმდეგ: თბილისის პროცესი” - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი განახორციელებს.
სსრკ-ის გასამართლების იდეა გაჩნდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება. საჭირო საარქივო მასალის მოსაძიებლად, ურთიერთგაგების მემორანდუმი შსს-სთან გაფორმდა. შეგროვილი მასალები იქცევა საქმეებად, რომლებსაც იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მკვლევარები - ანუ სტუდენტები - განიხილავენ. სტუდენტები იქნებიან ბრალმდებლებიც, დამცველებიც, მოსამართლეებიცა და ნაფიცი მსაჯულებიც.
ამ პროექტის შესახებ ტაბულა ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ სერგო რატიანსა და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანს, პროფესორ დავით აფრასიძეს.
„რატომ სასამართლო? - კითხვას გვიბრუნებს სერგო რატიანი, - ნაციზმი და კომუნიზმი ის ორი საფრთხეა, რომლებიც ემუქრებოდა მე-20 საუკუნეში თავისუფალ სამყაროს. დასავლეთი სწორედ ამ ორ ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებაში ჩამოყალიბდა. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს დასავლეთი, თუ არ გავიაზრეთ, რა არის ეს ორი რეჟიმი. ერთ-ერთი რამ, რაც დასავლეთს მიგვაკუთვნებს, არის ის, რომ ჩვენც ვუპირისპირდებოდით როგორც ნაციზმს, ისე კომუნისტურ რეჟიმს. ნაციზმი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს. საბჭოთა კავშირი კი მისი დაშლის შემდეგ არ გაუსამართლებიათ და საბჭოთა მემკვიდრეობის, ისტორიის გაცნობიერება არ მომხდარა. სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვმართავთ, უპირველესად, საგანმანათლებლო, კვლევითი პროექტია, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა”.
„თბილისის პროცესზე” მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები არ გასამართლდება. ამ პროცესზე საქართველო მთელი ცივილიზებული სამყაროს სახელით გამოვა. მასში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, ვინც თავს დაზარალებულად მიიჩნევს.
პირველი საქმე 1921 წლის საქართველოს ოკუპაცია იქნება. მომდევნო აკადემიური წლის განმავლობაში კიდევ ხუთი საქმის განხილვაა დაგეგმილი.
სერგო რატიანს მიაჩნია, რომ საკუთარი დანაშაულებრივი წარსულის, იმ რეჟიმის შესწავლით, რომელშიც ვმონაწილეობდით და გარკვეული ბრალიც მიგვიძღვის, ამ წარსულს გავემიჯნებით. „ეს ჩვენი განწმენდაც არის”, - ამბობს იგი.
დავით აფრასიძისთვის ამ პროექტის ერთ-ერთი ღირებული მხარე ის არის, რომ სტუდენტები ისწავლიან საკითხების კვლევას ფაქტებზე დაყრდნობით და არა მითოლოგიური ზღაპრებითა თუ ისტორიებით. „ვცდილობთ, სტუდენტებს ვასწავლოთ, იყვნენ თავისუფალნი სტერეოტიპებისაგან და ნეიტრალურნი - მოვლენების მიმართ. ამიტომ კარგია, რომ ამ პროექტში იმ ასაკის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ საბჭოთა ისტორიასთან. ისინი კარგი მსაჯულები იქნებიან”, - თქვა მან.
ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა ამისთვის საზოგადოება მზად, აფრასიძემ მოგვიგო: „რამდენი ხანი ვიცადეთ. ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის. ძალიან კარგია, რომ სტუდენტები დღეს ბრეჟნევის სურათს ვეღარ ცნობენ, მაგრამ ის კულტურული ჩვევები არსად გამქრალა, მომავალ თაობაშიც დევს. სჯობს, ეს ჩვენ გავაკეთოთ, ვისაც გვახსოვს, შეგვიძლია გონებაში აღვიდგინოთ ყველაფერი და მერე დავძლიოთ”.
ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ აფრასიძეს მიაჩნია, რომ „ვიდრე საბჭოური წარსული არ გაანალიზდება და კრიტიკულად არ შეფასდება, მანამდე ეს ინერცია გაგრძელდება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნახევრად ლიბერალური, ნახევრად თავისუფალი, ნახევრად წარსულისკენ და ნახევრად მომავლისკენ მომზირალი საზოგადოება”.
წარსულს უფრო სწრაფად დავძლევთ, თუ საქართველო 23 აგვისტოს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ, 25 თებერვალს ოკუპაციის დღედ, 31 დეკემბერს სსრკ-ს დაშლისა და კომუნიზმზე გამარჯვების დღედ, 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღედ და 9 მაისს ევროპის დღედ გამოაცხადებს, აქა-იქ შემორჩენილ სტალინის ძეგლებს ჩამოხსნის, ხოლო სტალინის, ბერიას ქუჩებსა თუ სხვა საბჭოთა ტოპონიმებს, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად გვხვდება, შეცვლის.




 

კომენტარები