1937 წელს სტალინის უშუალო მითითებით საქართველო ზეიმობს ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს. გამოიცემა მისი ნაწარმოებები, იდგმება ძეგლები, მისი სახელი ერქმევა ქუჩებსა და დაწესებულებებს. იქმნება იმ პიროვნების კულტი, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში მენშევიკური მთავრობის დიდი მეცადინეობით თითქმის დავიწყებას მიეცა, საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში საერთოდ აიკრძალა და რომლის მკვლელობაც ჩაგრული მუშურ-გლეხური კლასის თავადაზნაურობის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლად მოინათლა.
რა მიზანი ამოძრავებდა სტალინს ილიას მკვდრეთით აღდგენისას, უცნობია. შესაძლოა, ეს ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ჩაწვენილ ყრმად საკუთარი თავის დანახვის სურვილი იყო ან ხელების დაბანის მცდელობა, საპასუხო ნაბიჯი ქართული ემიგრანტული პრესის მიერ ილიას მკვლელობის შესახებ მამხილებელი მასალების გამოქვეყნებაზე. ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძის პირველი საკრალიზაცია შედგა. სტალინისეული ილია მუშათა და გლეხთა დამცველად, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლად, სოციალისტური იდეების მქადაგებლად, თითქმის ბოლშევიკად მოგვევლინა.
1987 წელს საქართველოში ძალას იკრებს ეროვნული მოძრაობა. ახლად გაჩენილი არაფორმალური ორგანიზაციების დიდი მეცადინეობით წმინდა სინოდი “ქართველი ერის წინაშე დიდი ღვაწლისთვის და დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით” იღებს გადაწყვეტილებას ილიას წმინდანად შერაცხვის თაობაზე. ჩნდება ახალი ილია – წმინდა ილია მართალი, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს სტალინის ილიასთან. ის ნაციონალისტია, ტრადიციების დამცველი, სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ბრძოლას შეწირული ადამიანი.
სახელმწიფო დაწესებულებებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში ილიას სურათები ნელ-ნელა ანაცვლებს ლენინის გამოსახულებებს. კვლავ იდგმება მისი ძეგლები, მისი სახელი, ისევე როგორც 50 წლის წინ, ერქმევა ქუჩებს და სასწავლო დაწესებულებებს. ამ ახალ ილიას სლოგანიც აქვს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, რომლებიც 23 წლის სტუდენტმა რუსი პოეტის, კოზლოვის, უნიჭო ქართულენოვანი თარგმანის კრიტიკისას გამოიყენა - “ენა, მამული, სარწმუნოება”. დროთა განმავლობაში, ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, ხსენებულ სლოგანში ბოლო ადგილზე მყოფი სიტყვა ძირითად დატვირთვას იძენს და მისი ავტორიც მყარად ეწერება იმ ნახევრად ტაბუირებულ პირთა კატეგორიაში, რომელთა შესახებ საუბარიც მხოლოდ სათანადო დისტანციის დაცვით არის შესაძლებელი.
ახლა კი ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს ორი ილია და ვისაუბროთ სრულიად სხვა პიროვნებაზე - ლიბერასტზე („ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი”), ათეისტებისა და სექტანტების მფარველზე („სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”), ტრადიციებთან მებრძოლზე („რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო; ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ”), მკრეხელზე („ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა”), ქართველი ერის მოძულეზე („ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”) და დედაეკლესიის მტერზე („ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა, ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს, ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვერ იცლიან”). ამას დავუმატოთ სიმპათიები მასონ გარიბალდის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოსახვაში ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის თუ არა, სულ მცირე, მისი რომელიმე თანამოაზრის პორტრეტი დაიხატება.
ამგვარად მივიღეთ ერთმანეთისგან განსხვავებული სამი ადამიანი. სოციალისტი, როგორადაც ის ჩემს თაობას სკოლაში შეასწავლეს, ეროვნული მოძრაობის მიერ საკუთარ იდეოლოგად გამოცხადებული ნაციონალისტი, რომელიც ახალი საუკუნის დასაწყისიდან საზოგადოებრივ ცნობიერებაში მართლმადიდებლობის დამცველ მითოლოგიურ პერსონაჟად ტრანსფორმირდა და სეკულარული ღირებულებების დამცველი, პროგრესისტი ლიბერალი. შეგვიძლია გამოვიყენოთ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უპირატესობა და თავად ავირჩიოთ ილიას სასურველი ვერსია.
არასდროს გიფიქრიათ, რას გააკეთებდა ილია, დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა? გასაგებია, რომ ყველა ეპოქას თავისი გმირები ჰყავს, მაგრამ მოვუხმოთ ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ სწავლის დასრულების შემდეგ უცხოეთიდან დამოუკიდებელ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ჭავჭავაძე.
დაკვირვებული იქნებით, როგორი კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულებაა ჩვენს საზოგადოებაში უცხოეთში ნასწავლი ადამიანების მიმართ. საზღვარგარეთ მიღებული ნებისმიერი მეორეხარისხოვანი სასწავლო დაწესებულების სერთიფიკატი ხომ ყველაზე უფრო რთულ სფეროშიც კი წარმატებული მუშაობის გარანტიად ითვლება. ამის მიზეზი ალბათ ჩვენი კარჩაკეტილობაა. ჩვენ ხომ არასდროს გვყოლია მოგზაურები, რომლებიც გარე სამყაროდან ახალ ინფორმაციას შემოიტანდნენ. შედეგად, საქართველოში სიახლე ძირითადად დამპყრობლების საშუალებით შემოდიოდა. ცივილიზებულ მსოფლიოსა და ჩვენს შორის შუამავლები იყვნენ ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნითა და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ.
ქართული სუფრისა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციებიც ხომ გარკვეულწილად ჩვენი ინფორმაციული შიმშილის შედეგია. საკუთარ სახლ-კარში გამოკეტილი ჩვენი წინაპრებისთვის სტუმარი ახალი ამბების შემოტანის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ამიტომაც უხაროდათ სტუმრის მოსვლა. დასხდებოდნენ, დაისხამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ. რაც უფრო მეტად შეზარხოშდებოდა სტუმარი, მით უფრო მეტ ინფორმაციას დასტყუებდა მასპინძელი და, პირიქით, ამიტომაც ფასობდა თანამეინახის დათრობის უნარი.
მაგრამ დავანებოთ თავი ეთნოფსიქოლოგიას და დავუბრუნდეთ ილიას. გასაგებია, რომ სამშობლოში ჩამოსვლისთანავე მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელს შესთავაზებდნენ. ისიც გასაგებია, რომ, მისი ნონკონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში თანამდებობიდან ხმაურით წამოვიდოდა და, როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რომელიმე კერძო ბიზნესს მოჰკიდებდა ხელს. ალბათ ბანკს გახსნიდა ან მასმედიაში ცდიდა ბედს. შემდეგ, მორიგი არჩევნების წინ, ბიზნესის შევიწროების გამო, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩაერთვებოდა. ერთდროულად დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, ოპოზიციას, ეკლესიას, რუსეთს, ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს და მე-19 საუკუნის შემდეგ უცვლელ ქართულ საზოგადოებას.
სტატიისთვის გამოყოფილ სიტყვათა ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო, მოკლედ დავასრულებ. ეჭვი მაქვს, ამჯერად სიბერემდეც არ აცლიდნენ, ახალგაზრდობაშივე კიდევ ერთხელ მოუწევდა შეყვირება: “არ მესროლოთ, ილია ვარ...”
საზოგადოება